Accessibility links

logo-print

მსოფლიოს ბირჟებზე ახალი ვარდნა დაიწყო


მსოფლიოს ბირჟებზე აქციათა ვარდნა და ქაოსი კვლავ განახლდა, რაც საგანგაშო ცნობებმა გამოიწვია იმის შესახებ, რომ აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მსხვილი კომპანიები

უფრო ღრმა პრობლემებს განიცდიან, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ. დღეს აზიის საკვანძო ბირჟაზე ტოკიოში საფონდო ინდექსები ყველაზე დაბალ, 25 წლის წინანდელ, ნიშნულს მიუახლოვდა. ტოკიოს ბირჟის მსგავსად, დაბალი მაჩვენებლები აღინიშნა აზიის სხვა ბირჟებზეც. მსოფლიოს ბირჟებზე საფონდო ინდექსებისა და აქციების ახალი ვარდნის შესახებ მინდა გესაუბროთ.

ტოკიოს ბირჟაზე ვარდნის დაწყებამდე ნიუ-იორკში დოუ ჯონსის ინდექსი 12 წლის წინანდელ მინიმუმს მიუახლოვდა, ხოლო ევროპაში ეფ-ტე-ესის ინდექსი ყველაზე დაბალ, 2003 წლის დროინდელ, ნიშნულს გაუტოლდა.

ბირჟებზე მომხდარი არასახარბიელო ვარდნა ორმა კონკრეტულმა ფაქტმა გამოიწვია. პირველი არის ის, რომ უმსხვილესმა ამერიკულმა სადაზღვევო გიგანტმა, ”ამერიკის საერთაშორისო ჯგუფმა” ”ეი-აი-ჯიმ”, 2008 წლის მანძილზე უზარმაზარი - 100 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის - ზარალი განიცადა. აქედან ბოლო - მეოთხე - კვარტალში ზარალმა 61.7 მილიარდი დოლარი შეადგინა.

აშშ-ის მთავრობა უკვე მეორედ გახდა იძულებული ”ეი-აი-ჯის” გადასარჩენად დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის ინექცია განეხორციელებინა.

ამ ინფორმაციამ შეაძრწუნა ინვესტორები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ საკრედიტო კრიზისის პიკი წარსულს ჩაბარდა.

”ჯეფრიზ ენდ კომპანის” ბაზრების მთავარმა სტრატეგმა არტ ჰოგანმა სააგენტო რეიტერს განუცხადა, რომ ცნობები ”ეი-აი-ჯის” ზარალის შესახებ საპირისპიროზე მიანიშნებს:

” ”ეი-აი-ჯიმ” შეგვახსენა, რომ ბევრ ფინანსურ ინსტიტუტს უფრო მეტი ფული ესაჭიროება. ”ეი-აი-ჯის” სჭირდება 30 მილიარდი აშშ დოლარი იმისათვის, რომ არსებული ვითარება შეინარჩუნოს მანამდე, სანამ მას ცალკეულ ნაწილებად არ დავშლით და არ გავყიდით.”

”ამერიკის საერთაშორისო ჯგუფის” პრობლემები იმდენად მასშტაბურია, რომ ის დიდ მადესტაბილიზებელ გავლენას ახდენს აშშ-ის ისედაც დასუსტებულ საფინანსო სისტემაზე.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა რობერტ გიბსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობას გადაწყვეტილი აქვს ამ საფრთხის აღმოფხვრა:


"ჩვენ ფოკუსირებული ვართ იმ ზომების მიღებაზე, რომლებიც საჭიროა ”ეი-აი-ჯის” რესტრუქტურიზაციისთვის - იმისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში მან აღარ წარმოქმნას ისეთი სისტემური საფრთხეები, როგორსაც ქმნის ახლა. და ვფიქრობ, დღევანდელი ნაბიჯები მნიშვნელოვანია რესტრუქტურიზაციის პროცესისთვის.”

მეორე ცუდი ინფორმაცია, რამაც საფონდო ბირჟებზე ვარდნა განაპირობა, ლონდონიდან მოდის. ამ ინფორმაციით, ცნობილმა ბრიტანულმა ბანკმა ”ეიჩ-ეს-ბი-სიმ” გასულ წელს დაგეგმილზე 70 პროცენტით ნაკლები შემოსავალი მიიღო და 18 მილიარდის ღირებულების აქციების გამოშვებას გეგმავს დამატებითი კაპიტალის მოსაზიდად.

ეს ორი ფაქტი ერთად ცხადყოფს, რომ გლობალური ეკონომიკური ვითარება უფრო მეტად და უფრო სწრაფი ტემპით უარესდება, ვიდრე ადრე ვარაუდობდნენ.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ დღეს მსოფლიოს ბირჟებს შიში მართავს და ვითარების კიდევ უფრო გაუარესებას ვარაუდობენ. თუმცა კი დღეს ევროპის ბირჟებზე საფონდო ინდექსების მატება შეიმჩნეოდა.
XS
SM
MD
LG