Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტისემიტური ტენდენცია ევროკავშირის ქვეყნებში


ევროკავშირის უწყებამ სახელწოდებით

“ევროკავშირის ფუნდამენტურ უფლებათა სააგენტო” ორშაბათს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ანტისემიტიზმის პრობლემას ასახავს. საქმე ეხება ვითარებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში განვლილი რვა წლის მანძილზე, 2001-2008 წლებში. ანგარიშის შედგენა რთული საქმე გამოდგა, რადგან ევროკავშირის 27 ქვეყნიდან უმრავლესობას არა აქვს ოფიციალური მონაცემები და სტატისტიკა, რომელიც ზუსტად ასახავდა ანტისემიტურ ინციდენტებს. ყოველკვირეულ პროგრამა “ახალ ევროპაში” ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა ინფორმაციის მოგროვება და რა დასკვნებამდე მისვლა შეძლო ევროკავშირის ფუნდამენტურ უფლებათა სააგენტომ.

ადამიანების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ცემა, თავდასხმები შენობებზე, მუქარის შემცველი წერილები, მათ შორის ელექტრონული ფოსტის სახით - ეს არის ნაწილი ანტისემიტური ძალადობის ტიპური ფორმებისა, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აღირიცხება.

შეკითხვით - ვინ სჩადის ამ დანაშაულებს, ვინ არის ანტისემიტი თანამედროვე ევროპაში? - მივმართეთ “ევროკავშირის ფუნდამენტურ უფლებათა სააგენტოს” წარმომადგენელს, ვალტრაუდ ჰელერს:

[ვალტრაუდ ჰელერის ხმა] “ბოლო წლებში ვხედავთ, რომ საინფორმაციო საშუალებებში, ისევე როგორც საზოგადოებრივ აღქმაში, შეიცვალა წარმოდგენა ტიპურ ანტისემიტ მოძალადეზე. ულტრამემარჯვენე სკინჰედებზე უფრო ხშირად ახლა იუწყებიან მტრულად განწყობილი ახალგაზრდა მუსლიმების შესახებ. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ცვლილებაზე ბევრი ცნობა მიუთითებს, ძნელია მისი დასაბუთება სტატისტიკის მეშვეობით. რადგან მოძალადეების რელიგია არ არის ასახული პოლიციის ოფიციალური სტატისტიკით ქვეყნების უმრავლესობაში”.

ევროკავშირის მარტო სამ წევრ ქვეყანაში აისახება პოლიციის სტატისტიკურ მონაცემებში ზუსტი ინფორმაცია ანტისემიტი მოძალადეების შესახებო, დასძენს ვალტრაუდ ჰელერი. ამ სამ ქვეყანას შორისაა საფრანგეთი, სადაც ებრაელთა - ევროკავშირის სხვა ქვეყნების უმრავლესობასთან შედარებით - დიდი რაოდენობის შესაბამისად, სხვებთან შედარებით მეტი ანტისემიტური ინციდენტიც აღირიცხება.

“ევროკავშირის ფუნდამენტურ უფლებათა სააგენტოს” დირექტორი მორტენ კიერუმი ანტისემიტიზმის შესახებ ორგანიზაციის ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ, როგორც კვლევამ აჩვენა, ევროკავშირში ანტისემიტურმა ინციდენტებმა იკლო 2007-2008 წლებში, ვიდრე ისევ იმატებდა 2008 წლის მიწურულს.

რის საფუძველზე მიდიან ანგარიშის ავტორები ასეთ დასკვნამდე მაშინ, როცა მიუთითებენ ინფორმაციის სიმწირეზე, რომ ევროკავშირის წევრთა უმრავლესობას არ გააჩნია ოფიციალური მონაცემები და სტატისტიკა ანტისემიტური ძალადობის შესახებ? ამ შეკითხვაზე პასუხად, ვალტრაუდ ჰელერი განმარტავს, რომ “ევროკავშირის ფუნდამენტურ უფლებათა სააგენტო” არა მარტო ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა თავისი ანგარიშის მომზადებისას.

[ვალტრაუდ ჰელერის ხმა] “პირველ რიგში, ჩვენ მონაცემებს ვაგროვებთ სამი წყაროდან: ოფიციალური წყაროებიდან, არასამთვარობო ორგანიზაციებისაგან და, ნაწილობრივ, მედიის ცნობებიდან. ასე მივდივართ დასკვნამდე, რომ 2007 და 2008 წლების მანძილზე ანტისემიტური ინციდენტების რიცხვმა ევროკავშირში მთლიანობაში იკლო, მაგრამ 2008 წლის დეკემბერსა და 2009 წლის იანვარში ისევ იმატა. 2008 წლის ბოლოსა და 2009 წლის დასაწყისის შესახებ ასეთ დასკვნამდე მივდივართ უმეტესწილად, არა ოფიციალური წყაროების, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან მიღებული მონაცემების საფუძველზე. აგრეთვე ინფორმაციის სხვა წყაროებიდან. მაგალითად, ევროკავშირის 7 ქვეყანაში ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვა, რომელმაც აშკარად მიანიშნა ანტისემიტიზმის ძალიან მაღალ დონეზე.”

რამ გამოიწვია 2008 წლის მიწურულს ანტისემიტური განწყობის გაძლიერება ევროკავშირში, დანამდვილებით ცნობილი არ არის, მაგრამ ანგარიშის ავტორები ორ სავარაუდო მიზეზზე მიუთითებენ: ერთია ვითარების გამწვავება ახლო აღმოსავლეთში. როგორც ცნობილია, დეკემბრის ბოლოს ისრაელმა სამხედრო ოპერაცია წამოიწყო პალესტინელების ექტსრემისტულ ორგანიზაცია “ჰამასის” წინააღმდეგ ღაზის სექტორში. ამ დაპირისპირებას ევროკავშირში, როგორც ირკვევა, ანტისემიტური ინციდენტების, მათ შორის სინაგოგებზე თავდასხმების გახშირება ახლდა.

[ვალტრაუდ ჰელერის ხმა] “არის იმის ნიშნები, რომ ეს ვითარება შესაძლოა, იყოს დაკავშირებული ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებთან. ჩვენ ვიცით, რომ წინა წლებშიც - ახლო აღმოსავლეთში კრიზისების დროს - ძალიან ხშირი იყო ევროკავშირში ანტისემიტური ინციდენტების მატება. მაგრამ ძალიან ძნელია ფაქტებით ამის დასაბუთება. ამდენად, ვიცით, რომ კავშირი არსებობს, მაგრამ ეს კავშირი სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა ინციდენტის შემთხვევაში - განსხვავებულია. ის დამოკიდებულია, მაგალითად რა კონკრეტულ ინციდენტთან გვაქვს საქმე, რომელ ქვეყანაში მოხდა ის, ან როგორ აისახა მედიაში, ევროკავშირში ფართოდ გაშუქდა თუ არა - და ყველა ამ განსხვავებულ ფაქტორს შეუძლია გავლენის მოხდენა”.

მაშ ასე, “ევროკავშირის ფუნდამენტურ უფლებათა სააგენტოს” წარმომადგენლის განმარტებით, გასული წლის მიწურულს ანტისემიტური ტენდენციის გაძლიერების ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავება. მეორე შესაძლო მიზეზად კი ასახელებენ გარემოებას, რომელიც ალბათ მოულოდნელია ბევრისთვის, ვინც ანტისემიტიზმის პრობლემაში მაინცდამაინც გათვითცნობიერებული არ არის: ეს არის გლობალური საფინანსო კრიზისი.

მაინც რატომ შეიძლება ის ანტისემიტური განწყობის გაძლიერებას იწვევდეს? [ვალტრაუდ ჰელერის ხმა] “წინა საფინანსო კრიზისებიდან ვიცით, რომ ასეთი საფინანსო კრიზისი ყოველთვის სირთულეებს უქმნის უმცირესობებს, ან სოციალურად დაუცველ ჯგუფებს - ორი მიზეზის გამო. ერთი მიზეზია ის, რომ სოციალურად დაუცველი ჯგუფები, არა მარტო ებრაელები, არამედ, მაგალითად, ევროკავშირში მიგრანტებიც - პირველ რიგში მიგრანტები - ხშირად პირველები არიან, ვინც სამსახურს კარგავს ეკონომიკური კრიზისის პერიოდში. იმავდროულად, მთავრობები ბიუჯეტის შეკვეცისას ძალიან ხშირად, პირველ რიგში, სოციალურ დახმარებას კვეცენ. და ესეც ყველაზე მძიმე ზარალს აყენებს სოციალურად დაუცველ ჯგუფებს.”

და არის მესამე მიზეზიც - ეკონომიკური კრიზისს ახლავს, როგორც წესი, განტევების ვაცის ძებნა, დასძენს ვალტრაუდ ჰელერი: [ვალტრაუდ ჰელერის ხმა] “ხალხი ეძებს განტევების ვაცს, რომელსაც ეკონომიკური კრიზისი შეიძლება დაბრალდეს. ამ როლში წარსულში ხშირად იყვნენ ებრაელები და დღესაც შეიძლება იყვნენ ებრაელები, ისევე როგორც სხვა ჯგუფები, როგორიცაა, მაგალითად, მიგრანტები, პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებლები, ან სხვა უმცირესობები”, - გვითხრა “ევროკავშირის ფუნდამენტურ უფლებათა სააგენტოს” წარმომადგენელმა ვალტრაუდ ჰელერმა.

სააგენტო, რომელიც ვენაშია განთავსებული, 2010 წელს გამოაქვეყნებს შემდეგ, ვრცელ ანგარიშს ევროკავშირში ანტისემიტიზმის შესახებ.
XS
SM
MD
LG