Accessibility links

logo-print

რუსეთის პრესის მიმოხილვა


"წელიწადი გავიდა რუსეთის პრეზიდენტად დმიტრი მედვედევის არჩევიდან" - წერს "ნეზავისიმაია გაზეტა".

რუსეთის პრესა ამ დღეებში ბევრს წერდა დმიტრი მედვედევის პრეზიდენტობის ამ ერთი წლის შესახებ და პოლიტიკოსებისა და საზოგადოების წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებდა. "ნეზავისიმაია გაზეტა" წერს, რომ, თავად დმიტრი მედვედევის აღიარებით, მისთვის ყველაზე რთული ის დღე იყო, როცა გადაწყვეტილება უნდა მიეღო, რუსი ჯარისკაცები სამხრეთ ოსეთში საქართველოსგან დასაცავად გაეგზავნა.

"კომერსანტის" გამოკითხვების მიხედვით კი, ლუბოვ სლისკამ, სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ასე დაახასიათა მედვედევი: "ყველაფერი აქვს - ინტელექტი, განათლება, ტაქტი და კატეგორიულობა. ეს ყველაფერი მან შესანიშნავად უჩვენა გასული წლის აგვისტოში, როცა საქართველომ აგრესიის აქტი განახორციელა სამხრეთ ოსეთის მიმართ. მაშინ მან დაამტკიცა, რომ ჩვენს ქვეყანას ვერ მოეპყრობი როგორც იატაკის ტილოს", უთხრა "კომერსანტს" სლისკამ.

"ნეზავისიმაია გაზეტა" წერს, რომ მედვედევს ამ წლის განმავლობაში არც ერთი სერიოზული გადაწყვეტილება არ მიუღია, საპრეზიდენტო ვადის 6 წლამდე გაგრძელებისა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ცნობის დრამატული და, შედეგების მიხედვით, არაერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილების გარდა. "მისი საკადრო დელიკატურობა საოცარია, განსაკუთრებით მისი ცხოვრების ცენტრალური თემის, კორუფციასთან ბრძოლის, ფონზე”, - წერს ”ნეზავისიმაია გაზეტა” და მოულოდნელად ედუარდ შევარდნაძესთან დაკავშირებულ ეპიზოდს იხსენებს: "ჰყვებიან, რომ როცა ედუარდ შევარდნაძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად დაინიშნა, პრეზიდიუმის პირველ სხდომაზე კოლეგებს სთხოვა მარცხენა ხელი აეწიათ, ეთქვათ რა საათები უკეთიათ და მათი წარმომავლობის შესახებ ესაუბრათ. ბავშვური ტიტინით - "ბებიას საჩუქარი", "ტყის ბილიკზე, ბუჩქის ქვეშ ვიპოვე" - კოლეგების უმრავლესობამ თავი გამოააშკარავა და შემდგომ მათ პოსტები დატოვეს”, - წერს ”ნეზავისიმაია” და შემდეგ კვლავ მედვედევსა და გუბერნატორების მიმართ მის დამოკიდებულებას უბრუნდება.

ედუარდ შევარდნაძე საკმაოდ აქტიურად ჩანდა მიმდინარე კვირას რუსეთის პრესაში. 2 მარტს "იზვესტიას" მოჰყავს ედუარდ შევარდნაძის სიტყვები: "ბოლო ხანს მედია და ზოგიერთი პოლიტიკოსი აცხადებენ, რომ მე შეხვედრები მაქვს ოპოზიციაში წასულ ალასანიასა და ბურჯანაძესთან და რომ კოორდინაციას ვუწევ ოპოზიციის ქმედებას ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს აბსურდია...” - მოჰყავს გაზეთს შევარდნაძის სიტყვები. "იზვესტია" ასევე წერს, რომ, შევარდნაძის თქმით, მალე დამთავრდება მისი მემუარების რუსული გამოცემის მომზადება და წიგნი, სავარაუდოდ, მაისში გამოჩნდება მოსკოვში.

ედუარდ შევარდნაძე ამ დღეებში "ვრემია ნოვოსტეიმაც" გაიხსენა. მიხეილ სააკაშვილის ყველაზე დიდ შეცდომად შევარდნაძემ რუსეთთან მეგობრული ურთიერთობის გაწყვეტა დაასახელაო, - წერს გაზეთი. "როცა მე ვიყავი ხელისუფლების სათავეში, მე მეგობრული ურთიერთობა მქონდა პრეზიდენტ პუტინთან, რომელიც გაცილებით ადრე გავიცანი, ვიდრე იგი პრეზიდენტი გახდებოდა", მოჰყავს გაზეთს შევარდნაძის სიტყვები.
გაზეთი ასევე წერს, რომ, ედუარდ შევრდნაძის თქმით, რუსეთი ადრე თუ გვიან შეურიგდება აზრს, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მედვედევი და ბარაკ ობამა შეძლებენ სამხედრო მუქარას თავი აარიდონ. "ოდესმე თავად რუსეთიც შევა ნატოში" - თქვა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმაო, წერს "ვრემია ნოვოსტეი".
XS
SM
MD
LG