Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

5 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებზე რუსეთის ვიზების გაცემა განახლდება


5 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებზე რუსეთის ვიზების გაცემა განახლდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით,

თბილისსა და მოსკოვში, შვეიცარიის საელჩოებში, ერთდროულად გაიხსნება საკონსულო სექციები და რუსეთში გამგზავრების მოსურნე საქართველოს მოქალაქეები ამ ქვეყნის ვიზებს საქართველოში შვეიცარიის საელჩოში მიიღებენ დაახლოებით იმ რეჟიმში, როგორშიც ეს საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტამდე ხდებოდა: შეზღუდულ კატეგორიებზე, შეზღუდული რაოდენობით.

აგვისტოს ომის შემდეგ, 2008 წლის სექტემბერში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად აცნობა რუსეთს დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის, თუმცა საკონსულო ურთიერთობის შენარჩუნების შესახებ. მაშინ საქართველოში რუსეთის სრულუფლებიან დესპანს საქართველოს 2 ნოტა გადაეცა. პირველში ნათქვამი იყო, რომ საქართველო წყვეტს რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას საქართველოს მიმართ რუსეთის მტრული მოქმედებების გამო, რაც გამოიხატა სამხედრო აგრესიაში, საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ანექსიაში, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ქართველების დევნასა და ამ სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებაში. მეორე ნოტაში საქართველოს მხარე აღნიშნავდა, რომ მოსკოვში თავის საქმიანობას განაგრძობს საქართველოს საკონსულო სამსახური.

რა მოხდა ამის შემდეგ: რუსეთის მიგრაციის ფედერალურმა სამსახურმა გააფრთხილა რუსეთში მყოფი საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც იმხანად ვიზები ეწურებოდათ, სასწრაფოდ დაეტოვებინათ რუსეთის ფედერაცია. რუსეთმა უარი თქვა რუსეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაგრძელებაზე. ითქვა, რომ გამონაკლისის სახით ვიზების გაგრძელება 10 დღით ფორსმაჟორულ სიტუაციებში დაიშვებოდა. ეს განცხადება რუსეთის მიგრაციის ფედერალურმა სამსახურმა 2008 წლის 3 სექტემბერს გაავრცელა. საქართველოს მხარის ნოტები თბილისში რუსეთის დესპანს 2 სექტემბერს გადაეცა.. უკვე 4 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება უარი ეთქვა საომარი მდგომარეობის დროს მიღებულ გეგმაზე, რაც რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამკაცრებას უკავშირდებოდა. ითქვა, რომ რუსეთის მოქალაქეები უწინდებურად დაუბრკოლებლად შეძლებდნენ საქართველოში გამომგზავრებას და უწინდებურად გამარტივებულ რეჟიმში მიიღებდნენ საქართველოს ვიზებს..

მოკლედ, რუსეთი საქართველოს ეომა, მის ტერიტორიებზე საოკუპაციო ჯარი ჩააყენა და, საქართველოს ხელისუფლებასთან გაბუტვისა არ იყოს, რუსეთის ხელისუფლებამ აქეთ თქვა უარი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემაზე, მაშინ როცა საქართველოს არ უთქვამს უარი ვიზები გაეცა რუსეთის მოქალაქეებზე. მთელი 5 თვეა, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში გამგზავრება არ შეუძლიათ, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა. ჩვენთან საუბრისას რუსეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ზურაბ აბაშიძემ გაიხსენა როგორ მოახერხა რუსეთში ჩასვლა ამას წინათ საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციასთან ერთად.

[ზურაბ აბაშიძის ხმა] ”საპატრიარქოს დელეგაციასთან ერთად ვიყავი. ამიტომ იყო, რომ სთხოვეს რუსეთის საპატრიარქოდან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს. მან მითითება მისცა კიევში რუსეთის საელჩოს. ჩავედით კიევში და იქ ავიღეთ ვიზები.”

ამის შემდეგ ზურაბ აბაშიძე მოსკოვში უკვე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ახლდა.. ამ შემთხვევაში სხვა მექანიზმმა იმუშავა. განსაკუთრებული გამონაკლისი იქნა დაშვებული. კიევში რუსეთის საელჩოში ვიზების აღება საჭირო აღარ გამხდარა. საქართველოს დელეგაციის წევრები მოსკოვში ვიზების გარშე ჩავიდნენ და ვიზები მათ პირდაპირ მოსკოვის აეროპორტში დაახვედრეს.

მომავალში მსგავსი და ჩვეულებრივი ვიზიტებისას საქართველოს მოქალაქეებმა რუსეთის ვიზისთვის საქართველოში შვეიცარიის საელჩოს უნდა მიმართონ. საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს და, როგორც ცნობილია, ასეთ პირობებში ორი ქევყნის ინტერესების დაცვის მისია შვეიცარიამ აიღო.. ამ დღეებში - სავარაუდოდ, 5 მარტიდან - რუსეთში გამგზავრების მოსურნე საქართველოს მოქალაქეებმა თბილისში შვეიცარიის საელჩოს უნდა მიმართონ. როგორც უკვე ვთქვით, ვიზები მაინც შეზღუდულად გაიცემა, მოსკოვში კი საქართველოს საელჩოს შენობაზე შვეიცარიის დროშა აღიმართება. ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ იქ საქართველოს ინტერესების დამცველი სექცია იმუშავებს.
XS
SM
MD
LG