Accessibility links

ომის მოუშუშებელი იარები - ნეშტები, ტყვეები და უცნობი ჯარისკაცები


სამშაბათს რუსეთის გენერალურმა შტაბმა, წითელი ჯვრის მეშვეობით, საქართველოსგან მიიღო ომის დროს დაღუპულთა ნეშტები,

რომელთა შორისაც, მოსკოვის ინფორმაციით, შესაძლოა, იყოს ოსეთის თავზე აფეთქებული ბომბდამშენის პილოტი. დაღუპულთა ნარჩენები და მათი იდენტიფიკაცია, უცნობი ჯარისკაცების სამარხთა მოძიება და ტყვეების ადგილმდებარეობის დადგენა - ეს არის რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შედეგი. და ამას ყოველდღიურად ემატება ცნობები ახალ-ახალი დატყვევებულების შესახებ, რასაც ბოლო არ უჩანს.

აგვისტოს ომის დასრულებიდან 7 თვის შემდეგ ტყვეთა მოძიებისა და გაცვლის კომისიებს როგორც თბილისში, ისე ცხინვალში საქმე არ ელევათ. ცხინვალი აცხადებს, რომ საქართველოს ციხეებში უკანონო პატიმრობაში ჰყავთ 15-მდე ოსი ეროვნების წარმომადგენელი, რომლებიც ტყვეობაში ომის შემდეგ აიყვანეს. საქართველოს ხელისუფლებას იგივე პრეტენზიები აქვს თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის მიმართ, სადაც 27 თებერვლიდან ორი ქართველი ახალგაზრდა - დავით კაპანაძე და დემურ ჭიღლაძე - ჰყავთ ტყვეობაში. დე ფაქტო ხელისუფლების სამართალდამცველები მათ საზღვრის დარღვევასა და იარაღის უკანონო ტარებაში სდებენ ბრალს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, შოთა უტიაშვილი კი აცხადებს, რომ კაპანაძე და ჭიღლაძე ოსმა კრიმინალებმა თავდაპირველად გამოსასყიდის მიღების მიზნით დააპატიმრეს:

[შოთა უტიაშვილი] ”როგორც იცით, თავიდან ოსებმა ოთხი ქართველი დააკავეს. მერე ორი გამოუშვეს და ამ ორს დაავალეს 6 000 ევროს მიტანა დანარჩენი ორის გათავისუფლების სანაცვლოდ. მას შემდეგ, რაც ჩვენ ფული არ გადავიხადეთ, ოსებმა დავით სანაკოევის პირით შემოგვთავაზეს მათი გაცვლა მარეკ დუდაევში, რაზეც ასევე უარი განვაცხადეთ. ასევე, სხვადასხვა რუსული წყაროებიდან მოდიოდა თხოვნა მათი გაცვლის შესახებ სერჟანტ გლუხოვში. ამაზეც უარი განვაცხადეთ და ამჟამად ისინი ოსებს ჰყავთ დაკავებული.” (სტილი დაცულია)

გამოსასყიდის მიღების მიზნით ქართველების დატყვევებას უარყოფს კომენტარში ნახსენები დავით სანაკოევი, რომელიც თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახალხო დამცველია. რადიო ”თავისუფლება” ცხინვალში დაუკავშირდა დავით სანაკოევს, რომელმაც თავის მხრივ განაცხადა, რომ ოსურ მხარეს სერიოზული პრეტენზიები აქვს საქართველოს ხელისუფლების მისამართით, რომელიც ასაიდუმლოებს ომის შემდეგ გაუჩინარებული და საქართველოს საპატიმროში მყოფი ოსი მოქალაქეების ვინაობას:

[დავით სანაკოევი] ”მე შემიძლია გადმოგცეთ სია იმ 4 ადამიანის, რომლებიც ომის დროს, 12-14 აგვისტოს, გაიტაცეს, ხოლო 11 ტყვეობაში აიყვანეს ომის დასრულების შემდეგ. საქართველოს ხელისუფლება გვეუბნება, რომ ამ 15 ადამიანიდან 7 უგზო-უკვლოდ დაიკარგა. თუმცა ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს 7 ადამიანი ქართველმა სამხედროებმა დაატყვევეს და ბოლოს იმყოფებოდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც ბრძოლები მიმდინარეობდა.”

საქართველოს ციხეებში მყოფი 15 ოსი დატყვევებულის გათავისუფლებას საერთაშორისო დელეგაციებთან შეხვედრაზე სისტემატურად მოითხოვს ცხინვალის ხელისუფლება. ასეთი განცხადება თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჩოჩიევმა 2 მარტსაც გაავრცელა. რადიო ”თავისუფლება” დაინტერესდა, რა ხდება სინამდვილეში და რატომ ჭიანურდება ოსი სამხედრო ტყვეების მოძიება და გათავისუფლება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის შოთა უტიაშვილის თქმით, ოსური მხარე ციხეებიდან კრიმინალების გათავისუფლებას ითხოვს:

[შოთა უტიაშვილი] ”ოსი [სამხედრო] არ არის ქართველთა ტყვეობაში. არის რამდენიმე ოსი, რომელიც საქართველოში ზის მარადიორობის, ნარკოტიკებით ვაჭრობის, მკვლელობის, ტერორისტული აქტებისა და სხვა ბრალდებების გამო. ეს არის ხალხი, რომლებიც დაკავებული იქნენ როგორც ომის შემდეგ, ასეევ ომამდე, ხშირ შემთხვევაში - რამდენიმე წლით ადრე.” (სტილი დაცულია)

საქართველოს პოზიცია ცალსახაა: თბილისი არ აპირებს დატყვევებული დავით კაპანაძისა და დემურ ჭიღლაძის გაცვლას ტერორიზმისა და ყაჩაღობის ბრალდებით დაპატიმრებულ ოსი ეროვნების ტყვეებში. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, რათა ჩაერიოს კაპანაძისა და ჭიღლაძის გათავისუფლებაში, რომლებიც ცხინვალის ციხეში იმყოფებიან. რადიო ”თავისუფლება” დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სახალხო დამცველ დავით სანაკოევს შეეკითხა, თუ რა პირობებში იმყოფებიან ქართველი ტყვეები.

[დავით სანაკოევი] ”ისინი დაცვის ქვეშ იმყოფებიან, მათ ნორმალურად ეპყრობიან. მე მათ უახლოეს ხანებში შევხვდები - შესაძლოა, დღესაც, თუკი დრო მექნება.”

მიუხედავად თბილისისა და ცხინვალის ურთიერთბრალდებებისა, აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების კომისიები აგრძელებენ მუშაობას და ცვლიან ინფორმაციებს. საქართველოს ხელისუფლებამ მარტის დასაწყისში შვიდი ადამიანის სხეულის ნარჩენები გადასცა რუსეთის მხარეს. ქართულმა მხარემ კი რუსებისა და ოსებისაგან მიიღო ინფორმაცია ახალი სამარხის შესახებ სოფელ თამარაშენში, სადაც, როგორც შოთა უტიაშვილმა უთხრა რადიო ”თავისუფლებას”, მინიმუმ შვიდი ადამიანი უნდა იყოს დამარხული. საქართველოს სამხედრო უწყების ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისათვის უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 13 სამხედრო მოსამსახურე.
XS
SM
MD
LG