Accessibility links

logo-print

საქართველოს პრესის მიმოხილვა


დღევანდელი პრესა ინტერესდება თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მოძრაობის - ”ერთიანი საქართველოსთვის” - ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნების პერსპექტივით.

ამ საკითხმა აქტუალობა შეიძინა მას შემდეგ, რაც პარიზიდან დაბრუნებულმა ოქრუაშვილის თანაპარტიელმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ასეთი შესაძლებლობა არსებიბს. გაზეთები ინტერესდებიან არა მხოლოდ ოქრუაშვილის დაბრუნების, არამედ მისი მორიგი სატელევიზიო გამოჩენის თარიღითაც. ეკა ბესელია ”ალიას” კორესპონდენტს უცხადებს, რომ ოქრუაშვილი მზად არის იმ ტელევიზიის გადაცემაში ჩაერთოს, რომელიც ამის სურვილს გამოთქვამს. ”რეზონანსი” კი წერს, რომ ოქრუაშვილი მაყურებელმა შეიძლება, საზოგადოებრივ არხზე, ინგა გრიგოლიას გადაცემაში, მომავალ კვირა დღეს იხილოს. ”რეზონანსისთვის” მიცემულ კომენტარში ინგა გრიგოლია ადასტურებს მის გადაცემაში ოქრუაშვილის მონაწილეობისადმის ინტერესს, თუმცა ჯერ, ვიდრე სასურველ რესპონდენტთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, დაზუსტებით არაფერს ამბობს. ისევ ”ალიას” მივუბრუნდები, სადაც იბეჭდება ინტერვიუ მოძრაობა ”ერთიანი საქართველოსთვის” დარბაზის უფროს ლელიკო ჯაფარიძესთან, რომლისთვისაც ირაკლი ოქრუაშვილს პარიზიდან წერილი გამოუგზავნია. ჯაფარიძის თქმით, ოქრუაშვილი საქართველოში 9 აპრილამდე ჩამოვა, და იმავე ინტერვიუში ამბობს: ”გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ირაკლი ოქრუაშვილი თვალით არ მინახავს. მასთან მხოლოდ სატელეფონო საუბარი მაკავშირებს, მირეკავს ხოლმე საფრანგეთიდან.”

”ახალ თაობაში” წაიკითხავთ ინტერვიუს რესპუბლიკელ ლევან ბერძენიშვილთან. ”რეფერენდუმის იდეა, რომელზეც დღეს ასეთი ხმაურია ატეხილი, არის ექვსი თვის განმავლობაში ტვინის ჭყლეტის და მილიონ ექსპერტთან შეჯერებით მიღწეული იდეა. თუ მიშა სააკაშვილი რეფერენდუმს დანიშნავს, იტყვიან, რომ ჩვენ მიშას თამაშს ვთამაშობთ. თუ არ დანიშნავს, მაინც ამას იტყვიან. მაგრამ მე სიტყვას გაძლევთ, თუ სააკაშვილი რეფერენდუმს დანიშნავს, მოვუგებთ რეფერენდუმს, ხოლო თუ არ დანიშნავს, მოვუგებთ პლებისციტს”, - ამბობს ლევან ბერძენიშვილი. ”ახალ თაობაშივე” ეროვნული ფორუმის ლიდერ კახა შარტავას მოსაზრებებსაც გაეცნობით. შარტავა არაერთ შეკითხვას სვამს 9 აპრილს დეგეგმილი აქციის შესახებ: ”სად მივდივართ? თქვენ იცით, სად ვიკრიბებით და სად მივდივართ 9 აპრილს? რას ვაკეთებთ, რატომ მივდივართ? ან 9 აპრილამდე რას ვაკეთებთ, მერე 10-ში რა ხდება? - ჩვენთვის ამის შესახებ არაფერია ცნობილი. ქმედებათა ჯაჭვი ჯერ საზოგადოებისთვის არავის შეუთავაზებია. არ ვიცი, 9 აპრილს სხვადასხვა სცენარით რომ განვითარდეს მოვლენები, არსებობს თუ არა ამის ადეკვატური გეგმა იმ ჯგუფში, რომელმაც 9 აპრილი თავშეყრის დღედ გამოაცხადა”, - კითხულობს შარტავა.

”ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს: ”ოპოზიციას საკუთარი მოქმედების დაგეგმვა კი უჭირს, მაგრამ ამას არც ხელისუფლება აკეთებს. ასე რომ, ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, ყველაზე გამძლე ნერვები ვის აღმოაჩნდება. სხვათა შორის, არც ჩვენს ხალხს უყვარს პროგრამების კითხვა და სწორედ ასეთი უინტელექტო დამოკიდებულება ამწიფებს ასევე უინტელექტო პოლიტიკოსებს. ამის შემდეგ პოლიტიკოსებისგან განათლებას ნუღარ ითხოვთ ხოლმე. მიუხედავად ყველაფრისა, მე დღეს ოპოზიციაში განხეთქილების ნიშნებს ვერ ვხედავ”, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

”24 საათის” წერილის - ”ფუნდამენტური საკითხები და დრომოჭმული ულტიმატუმი” - ავტორი კი თვლის, რომ ულტიმატუმების წამოყენებას შედეგის მოტანა არ შეუძლია. ”თუ ვინმე მიიჩნევს, რომ ამ ქვეყანაში დღეს დემონსტრაციებია საჭირო, მაშინ ეს გამოსვლები კონკრეტულ მიზანს უნდა ემსახურებოდეს - ხელისუფლებაზე ზეწოლას, რომ საერთაშორისო სტანდარტების საარჩევნო კოდექსი შემუშავდეს, სასამართლო რეფორმა ხელშესახები გახდეს, მედიამ უფრო მეტი თავისუფლება მიიღოს და ასე შემდეგ. მხოლოდ ამგვარ კონკრეტულ, მიზანმიმართულ ბრძოლას შეუძლია შედეგების მოტანა და არა ულტიმატუმების დაწესებას თუ ხელისუფლების ბოლო დღეების გამოცხადებას. ასეთმა ულტიმატუმებმა და ბოლო დღეებმა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მოჭამა თავისი დრო”, - წერს ”24 საათის” ავტორი.
XS
SM
MD
LG