Accessibility links

logo-print

ოპოზიციური პარტიები 9 აპრილისათვის დანიშნული აქციისთვის ემზადებიან


ოპოზიციამ 9 აპრილის აქციისთვის მხარდამჭერების მობილიზება დაიწყო. პარტიების აქტივისტები მეტროსადგურებთან სააგიტაციო მასალებს არიგებენ

და მოსახლეობას მოუწოდებენ ხელმოწერებით დაადასტურონ პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნა. ფურცლებზე, რომლებსაც ოპოზიციური პარტიები მოსახლეობას ურიგებენ, წერია: „ერთად გადავარჩინოთ საქართველო, გადადგეს სააკაშვილი“. ოპოზიციის მხარდამჭერები გვარის, სახელისა და ტელეფონის ნომრის მითითების შემდეგ ფურცლებს საგანგებოდ დამზადებულ ყუთებში ათავსებენ.

[აგიტატორის ხმა] „სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და ხელმოწერა...“

[მოქალაქის ხმა] „ივარდავა მთვარისა... მხარს დავუჭერ კი არა, მთელი ოჯახით მოვალ...“

9 აპრილისათვის დანიშნული აქციის ორგანიზატორებმა მხარდამჭერების მობილიზება 4 მარტს 12 საათიდან დაიწყეს. მოძრაობა ”ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენლებმა სააგიტაციო მასალების დასარიგებლად და ხელმოწერების შესაგროვებლად მეტროსადგური ”რუსთაველი” აირჩიეს.

[აქტივისტის ხმა] „9 აპრილის ღონისძიებასთან დაკავშირებით ახალგაზრდები იწყებენ ბუკლეტების დარიგებას და საზოგადოების ინფორმირებას, რომ 9 აპრილს შედგება უპრეცედენტო სამოქალაქო შეკრება, რომელსაც ორგანიზებას გაუწევს ხალხი და პოლიტიკური პარტიები იმისათვის, რომ შეიცვალოს სააკაშვილის ხელისუფლება.“

ოპოზიციის აქტივისტების გასახარად სააკაშვილის ხელისუფლების მოწინააღმდეგენი მალე გამოჩნდნენ, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც მეტროსადგურებთან დადგმულ ყუთებს გვერდი აუარეს.

[ქალბატონის ხმა] „რას უნდა ველოდო ამათგან? გაგვაუბედურა, გაგვამწარა. უსახლკაროდ ვარ დარჩენილი.“

[ქალბატონის ხმა] „არ ვუჭერ ხმარს იმიტომ, რომ ქვეყნისთვის არ იქნება კარგი. დესტაბილიზაციას მოიტანს.“

[მამაკაცის ხმა] „ვითხოვ პრეზიდენტის გადადგომას. ეს არის ერთადერთი გამოსავალი, რომლითაც საქართველომ ნორმალური ცხოვრება უნდა დაიწყოს. მივესალმები პრეზიდენტის გადადგომას. აქციების გარეშე არანაირ რეფერენდუმს ამ მთავრობის ხელში აზრი არ აქვს.“

სულ, ჯამში, 9 აპრილისთვის დანიშნული საპროტესტო აქციით ხელისუფლების შეცვლის მომხრეა რვა პოლიტიკური პარტია და, მათ შორის, მოძრაობა ”ერთიანი საქართველოსათვის“, რომლის ლიდერის ეკა ბესელიას თქმით, ოპოზიცია მრავალფეროვანია და, შესაბამისად, მრავალფეროვანია ბრძოლის მეთოდებიც.

[ეკა ბესელიას ხმა] „მთავარია ის, რომ მიზანი არის ერთი. რადგან მიზანი ერთია და ერთი ამოცანისთვის ვიბრძვით და ამაზე შევთანხმდით, სხვადასხვა ფრონტიდან თუ შევუტევთ ამ ხელისუფლებას, ეს იქნება უფრო ეფექტური. მთავარია, ოპოზიციურმა პარტიებმა შეწყვიტონ ერთმანეთის კრიტიკა და თავდასხმები. ახლა მთავარი სამიზნე უნდა იყოს სააკაშვილი. აი, ეს არის მთავარი.“

სამიზნე და მიზანი რომ მთავარია, ამას „ალიანსი საქართველოსთვის“ ლიდერებიც ადასტურებენ. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციურ პარტიებს ქვეყნის გადარჩენის სურვილი აერთიანებთ:

[დავით უსუფაშვილის ხმა] „მე ასე არ ვუყურებ, რომ არის მათი გზა, ჩვენი გზა და სხვა გზა... არის ერთი გზა, ეს არის ქვეყნის გადარჩენა და ქვეყნის გადარჩენისთვის აუცილებელია ხელისუფლების მშვიდობიანად და კონსტიტუციური გზით შეცვლა. ამ მიზნით, ყველა მცდელობა, რომელიც ემსახურება უახლოეს ხანებში ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლას, არის სწორი და კარგი. ამიტომ ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ რაიმე გზები ერთმანეთს გამორიცხავს. ჩვენ მიცემული გვაქვს ვადა სააკაშვილისთვის, რომელიც იწურება ხვალ, რათა მან დანიშნოს რეფერენდუმი და მიიღოს ქვეყნისთვის საჭირო და სწორი გადაწყვეტილება. თუ ამას არ გააკეთებს, ჩვენ ვიწყებთ სახალხო გამოკითხვას ხელმოწერებით, დემონსტრაციებით, მანიფესტაციებით 9 აპრილამდე, 9 აპრილს და მას შემდეგაც, სანამ ეს მიზანი არ იქნება მიღწეული.“

ეს იყო დავით უსუფაშვილი, ერთ-ერთი ლიდერი პოლიტიკური გარეთიანებისა “ალიანსი საქართველოსთვის“. 9 აპრილისათვის დანიშნული აქციის ორგანიზატორები კი მხარდამჭერთა ხელმოწერებსა და მონაცემებს სამი დღის განმავლობაში შეაგროვებენ, რათა სამომავლოდ ერთად მიიღონ მონაწილეობა საპროტესტო აქციების დაგეგმვასა და განხორციელებაში. 9 აპრილის აქციის ინიციატორთა თქმით, თბილისის გარდა,უვადო საპროტესტო აქციები დაიწყება საქართველოს ყველა სხვა ქალაქში და გაგრძელდება მიხეილ სააკაშვილისა და მისი მთავრობის უპირობო გადადგომამდე.
XS
SM
MD
LG