Accessibility links

logo-print

რა შესთავაზა ობამამ მედვედევს სამი კვირის წინ გაგზავნილ წერილში?


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ "უზუსტო" უწოდა პრესაში გამოქვეყნებულ ცნობას რუსეთის პრეზიდენტის მისამართით მის მიერ გაგზავნილი წერილის შესახებ.

გაზეთების ცნობით, ობამამ გამოთქვა მზადყოფნა, პოლონეთსა და ჩეხეთში არ განათავსოს თავისი ანტისარაკეტო დაცვის სისტემის ელემენტები, თუ მოსკოვი ვაშინგტონს იმაში დაეხმარება, რომ უარი ათქმევინოს თეირანს ბირთვული პროგრამის განხორციელებაზე. ობამას თქმით, ასეთ გარიგებაზე წერილში არაფერი ყოფილა ნათქვამი. ამასთანავე, ობამამ აღნიშნა, რომ თუ ირანმა შეასუსტა ბირთვული იარაღის შექმნისკენ სწრაფვა, თავისთავად შემცირდება ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსების აუცილებლობა.

აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას წერილის ერთი დეტალი თავდაპირველად გაზეთმა ”კომერსანტმა” გამოაქვეყნა. ობამას წერილში რუსეთის მიმართ გაკეთებული შეთავაზება დაუდასტურა რადიო ”თავისუფლებას” თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენელმა. ობამას წერილი მედვედევს სამი კვირის წინ გადაეცა და, ანონიმური წყაროს ცნობით, ობამამ გამოთქვა მზადყოფნა, პოლონეთსა და ჩეხეთში არ განათავსოს თავისი ანტისარაკეტო დაცვის სისტემის ელემენტები, თუ მოსკოვი ვაშინგტონს იმაში დაეხმარება, რომ უარი ათქმევინოს თეირანს ბირთვული პროგრამის განხორციელებაზე. ობამამ ასეთი შეთავაზება უარყო და განაცხადა:

[ობამა]
”ის, რაც მე წერილში ვთქვი, ისედაც ცხადია: თუ ირანი შეწყვეტს ბირთვული იარაღის შექმნისკენ სწრაფვას, ეს შეამცირებს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის მშენებლობის აუცილებლობას.”

ობამამ დასძინა, რომ წერილი არ ითვალისწინებს გაწეული დახმარების სანაცვლოდ საქმის გაკეთებას. იქ იყო ფაქტის კონსტატაცია, რაც მე ადრეც გავაკეთეო.

ევროპაში აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის მშენებლობა და ირანთან რუსეთის მჭიდრო თანამშრომლობა რომ მთავარი პრობლემებია ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებში ეს 3 მარტს ისრაელში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმაც აღნიშნა:

[ჰილარი კლინტონი]
”რაც შეგვიძლია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევაჩეროთ და აღვკვეთოთ ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა. ასეთია ჩვენი პოლიტიკა, ანუ მიზანი ნებისმიერი ტაქტიკის, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ.”

კლინტონს არაფერი უთქვამს დეტალების შესახებ.

ხოლო რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ესპანეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ ის იმედიანადაა განწყობილი, რადგან ვაშინგტონიდან მიღებული სიგნალები ამის საფუძველს იძლევა. თუმცა იქვე უარყო რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის სანაცვლოდ ირანზე ზეწოლის შესახებ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის გამართული ვაჭრობის ფაქტი:

[მედვედევი])
”არავინ არ აღიქვამს ამ საკითხებს გაცვლა-გამოცვლის საგნად, მით უმეტეს, ირანის პრობლემატიკაში. ჩვენ ისედაც მჭიდრო კონტაქტში ვთანამშრომლობთ ამერიკელ კოლეგებთან ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე.”

არადა, რადიო ”თავისუფლებას” ობამას ადმინისტრაციის მაღალი რანგის ჩინოვნიკმა, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა, განუცხადა, რომ წერილში ირანის ატომური მუქარის შემსუბუქების ერთ-ერთ საშუალებად განხილულია რუსეთთან სტრატეგიული დიალოგი. მანვე დაამატა, რომ აშშ მზად არის რუსეთთან გამართოს კონსულტაციები რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის ალტერნატიული კონფიგურაციის შესახებ.

ვაშინგტონი დიდი ხანია მოსკოვს ბირთვულ სფეროში თეირანთან თანამშრომლობის გამო აკრიტიკებს. ამასთანავე, თეთრ სახლს კრემლის მხარდაჭერა ესაჭიროება გაეროს უშიშროების საბჭოში, რათა ირანის ატომური პროგრამის შესაკავებლად უფრო მკაცრი სანქციების დაწესებას მიაღწიოს.

მაგრამ, ჰერიტიჯის ფონდის მოსკოვის ოფისის დირექტორის ევგენი ვოლკის თქმით, რუსეთის სამხედრო სამრეწველო და ატომურ კომპლექსს ირანთან მჭიდრო კომერციული კონტაქტები აქვს, რომელთა გაგრძელებით მოსკოვი სისლხორცეულადაა დაინტერესებული:

[ვოლკი]
”რუსეთის ირანთან ბირთვული თანამშრომლობა სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური უპირატესობაა. ეკონომიკური თვალსაზრისით, მონაწილეობს რა ირანის ატომურ პროგრამაში, რუსეთი უზრუნველყოფს დიდი რაოდენობის ხალხის დასაქმებას რუსეთის ატომური კომპლექსიდან, რომელიც კრიზისს განიცდის. ხოლო პოლიტიკურად, როგორც მე წარმომიდგენია, რუსეთი დაინტერესებულია ირანთან თანამშრომლობით, რათა შეაკავოს ამერიკის გავლენა შუა აზიის რეგიონში.”

აშშ-ის გეგმის მიხედვით, ჩეხეთის რესპუბლიკაში სარადარო სისტემა, ხოლო პოლონეთში ათი ერთეული რაკეტა უნდა განთავსდეს ირანიდან მომავალი სარაკეტო თავდასხმის საფრთხის შესაკავებლად. თავის მხრივ, რუსეთი თავისი საზღვრების მახლობლად ანტისარაკეტო სისტემის განთავსების წინააღმდეგ გამოდის.

ობამას ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელმა რადიო ”თავისუფლებას” განუცხადა, რომ ანტისარაკეტო სისტემის გეგმები შეიძლება შეიცვალოს საფრთხეების ხასიათის მიხედვით.
XS
SM
MD
LG