Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუდანიდან ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს აძევებენ


სუდანის პრეზიდენტმა ომარ ალ ბაშირმა ათი უცხოური ჰუმანიტარული ორგანიზაცია გააძევა ქვეყნიდან მას შემდეგ, რაც მისი დაპატიმრების ორდერი გაიცა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ. ალ ბაშირს ბრალად ედება სუდანის დარფურის პროვინციაში სამხედრო დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩადენა. მისი რეაქცია დაპატიმრების ორდერზე - ლიცენზიის ჩამორთმევა წამყვანი ჰუმანიტარული ორგანიზაციებისთვის - მძიმე შედეგებს იქონიებს ასიათასობით ღარიბი სუდანელისთვის.

სუდანის მთავრობას დრო არ დაუკარგავს საპასუხო ნაბიჯისთვის მას შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პრეზიდენტ ბაშირის დაპატიმრების ორდერი გასცა. ვიცე-პრეზიდენტმა ალი ტაჰამ ათი ჰუმანიტარული ორგანიზაცია დაადანაშაულა “კანონებისა და წესების” დარღვევაში, დასძინა, რომ ჰუმანიტარულ საქმიანობას, სინამდვილეში, პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ სუდანში სტაბილურობის წინააღმდეგ. ალი ტაჰას დეტალები არ მოუყვანია, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლებს ადრე აქვთ ნათქვამი, რომ ზოგი უცხოური ჰუმანიტარული ორგანიზაცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობს სასამართლოსთვის პრეზიდენტ ომარ ალ ბაშირის გადასაცემად.

სუდანის ვიცე-პრეზიდენტის თქმით: [ალი ტაჰას ხმა] “რესპუბლიკის მმართველი პრეზიდიუმი, დღეს საღამოს შეხვედრის შემდეგ, აცხადებს კატეგორიულ უარს პრეზიდენტ ბაშირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. გარდა ამისა, ადასტურებს მთავრობის მკაცრ, ძლიერ და ცალსახა უარს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ ნაბიჯებზე და მას, რაც უნდა მოხდეს, არ უპასუხებს.”

პრეზიდენტ ბაშირთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ეს პირველი შემთხვევაა მართლმსაჯულების ისტორიაში, როცა სასამართლომ მოქმედ პრეზიდენტზე დაპატიმრების ორდერი გასცა. მასზე საპასუხოდ, სუდანიდან ჰუმანიტარული ორგანიზაციების გამოძევება უკვე ბევრის აღფშოთებას იწვევს.

ფრანგული ორგანიზაციის “ექიმები უსაზღვრებოდ” პრეს-მდივანმა, ჰანს ვან დე ვეერდმა ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში “აბსურდული” უწოდა ბრალდებას, თითქოს მის კოლეგებს სუდანში პოლიტიკური მიზნები ამოძრავებდეს. [ვან დე ვეერდის ხმა] “ჩვენ გამოგვაძევეს სამი პროექტის მომცველი ტერიტორიებიდან, სადაც ვმუშაობდით, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობა სამედიცინო მომსახურების გარეშეა დარჩენილი. იქ იყვნენ სხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციებიც, რომლებიც ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართული სურსათის დარიგებაში. ის ფაქტი, რომ ამ საქმეს ვეღარ გააკეთებენ, გავლენას იქონიებს ჰუმანიტარული დახმარების ამ მიმართულებაზე”.

ასევე ცნობილი ჰუმანიტარული ორგანიზაცია “ოქსფამიც” ვარაუდობს, რომ მათს გაძევებას მძიმე შედეგები მოჰყვება მოსახლეობისთვის. “ოქსფამის” პრეს-მდივნის, ალან მაკდონალდის თქმით: [მაკდონალდის ხმა] “ჩვენი დახმარება სოციალურად უკიდურესად დაუცველი ათასობით ადამიანისთვის, რომელთაგანაც ბევრს შეეხო კონფლიქტი დარფურში, მოიცავს წყალს, სანიტარულ მოწყობილობებს, სამედიცინო მომსახურებას. და მთავრობის გადაწყვეტილება, გააუქმოს ჩვენი რეგისტრაცია - უზარმაზარ გავლენას იქონიებს მათს ცხოვრებაზე”.

ექსპერტების შეფასებით, სუდანიდან 10 დიდი ჰუმანიტარული ორგანიზაციის გაძევება 2 მილიონამდე ადამიანს დააზარალებს. რაც შეეხება პოლიტიკაში ამ ჰუმანიტარული ორგანიზაციების ჩარევის შესახებ ბრალდებას, მას უარყოფს ორივე ორგანიზაცია, რომელთა პრეს-მდივნებსაც ჩვენი რადიო დაუკავშირდა. [ვან დე ვეერდის ხმა] “ჩვენ ყოველთვის მივისწრაფვით სრულიად დამოუკიდებელი მიდგომისაკენ - ადამიანებისადმი ჩვენს დამოკიდებულებას განსაზღვრავს ის, თუ რა სამედიცინო დახმარებაა საჭირო. პოლიტიკაში ჩვენ არანაირად არ ვერევით”, ამბობს ჰანს ვან დე ვეერდი, ორგანიზაციის “ექიმები უსაზღვრებოდ” პერს-მდივანი.

ამასობაში, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა გააკრიტიკა სუდანში წამყვანი ჰუმანიტარული ორგანიზაციებისთვის ლიცენზიის გაუქმება: სუდანის ლიდერებს მოუწოდა, გააუქმონ ეს გადაწყვეტილება.
XS
SM
MD
LG