Accessibility links

საქართველოს პრესის მიმოხილვა


თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებების განხორციელებაზე არა, მაგრამ ამ ცვლილებების მოლოდინზე დღევანდელი ”ყველა სიახლე” წერდა.

გაზეთისთვის ცნობილი იყო, რომ გენერალური შტაბის უფროს ვლადიმერ ჩაჩიბაიას გადადგომის შესახებ განცხადება ჰქონდა დაწერილი. კორესპონდენტმა კომენტარი სამხედრო ექსპერტ გიორგი თავდგირიძეს სთხოვა: ”სამწუხაროდ, ყველაფერი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ ბაჩო ახალაიას დანიშვნამ გამოიწვია. ახალაია ცდილობს შეასრულოს როგორც თავდაცვის მინისტრის, ასევე გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობები. მოგეხსენებათ, თავდაცვის სამინისტროში გათანაბრდა ე.წ. სპეცწოდებები და სამხედრო წოდებები. ეს იმიტომ გაკეთდა, რომ ბაჩო ახალაიას ძმა, დათა ახალაია, დანიშნულიყო გენერალური შტაბის უფროსის მოადგილედ და შენარჩუნებოდა ის წოდება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში მიანიჭეს”, - ამბობს თავდგირიძე.

დღევანდელი ”რეზონანსის” პირველ გვერდზე წაიკითხავთ: ”კუდის და სოდის სპეცდანიშნულების რაზმები ყაზარმულ რეჟიმზეა გადაყვანილი. არასაპარლამენტო ოპოზიცია ამას 9 აპრილს უკავშირებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ დროზე ადრე დაიწყო ძალთა დათვლა და ვარჯიში. ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს სპეცრაზმი სპეციალურ წვრთნებს გადის, რომელსაც კუდის ხელმძღვანელი დათა ახალაია მეთაურობს. როგორც ექსპერტი ამბობს, ამ წვრთნებში არ მონაწილეობენ თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები”, - წერს ”რეზონანსი”, რომელსაც კომენტარს აძლევს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი და უარყოფს ინფორმაციას ყაზარმულ რეჟიმზე გადასვლასა და რაიმე მზადებაზე. გაზეთთან საუბარში რაიმე დამატებითი წვრთნის მიმდინარეობას უარყოფს სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესმდივანიც.

”რეზონანსი” ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნების დეტალების გარკვევას ცდილობს ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” წარმომადგენელ ეკა ბესელიასთან, რომელიც დეტალებს არ აზუსტებს და ამბობს, რომ ოქრუაშვილი საქართველოში სააკაშვილის პოსტიდან წასვლამდე დაბრუნდება. ”რეზონანსს” შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა, რომ ოქრუაშვილი ძებნილია და დაბრუნების შემთხვევაში მასაც იგივე ბედი ელის, რაც სხვა ძებნილებს.

”ნინო ბურჯანაძესთან ერთობა არის არარეალური, არასერიოზული თემა”, - აცხადებს კახა კუკავა, რომელთან ინტერვიუსაც ”ყველა სიახლე აქვეყნებს”. კუკავა განაგრძობს: ”ეს პიარი ხელისუფლების კაბინეტებშია დაგეგმილი და ზოგიერთი ოპოზიციონერიც აჰყვა უნებლიეთ. ავრცელებენ ჭორებს ერთი მიზნით, რომ ხალხი არ მოვიდეს აქციაზე. ვინც ასეთ ჭორებს ავრცელებს, კარგად იცის, რომ ნინო ბურჯანაძის კანდიდატურას არ დავუჭერთ მხარს, ვინაიდან ჩვენს გუნდში უფრო ღირსეული კანდიდატები მოიძებნებიან”, - აცხადებს კუკავა.

”ალია”, ნაწყვეტი ლევან გაჩეჩილაძესთან ინტერვიუდან: ”ვინც მონათლა ის, რომ მე ნინოსთან გვერდით ვდგები, ეს დამატებითი ტალახის სროლაა და მათ სინდის-ნამუსზე იყოს”. ამავე ინტერვიუში ლევან გაჩეჩილაძე ამბობს: ”არანაირი ორი მიმართულება არ არსებობს სააკაშვილის გადასაყენებლად. საქართველოს გადასარჩენად არსებობს ერთი მიმართულება. ტაქტიკა შეიძლება იყოს სხვადასხვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ეროვნული კონსენსუსი შედგება.”

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ფიქრობს, რომ ოპოზიციამ ფრაზა ”კონკურენტები ვართ” ლექსიკონიდან უნდა ამოიღოს. ექსპერტი ”ახალი თაობის” კორეპონდენტს ეუბნება: ”ისინი ერთად უნდა დასხდნენ და შეიმუშაონ ერთი სტრატეგია და ამ სტრატეგიიდან გამომდინარე ტაქტიკა. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ტაქტიკას მიაბან სტრატეგია. ჩვენი ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ურიკას ცხენის წინ აყენებს. ამ შემთხვევაში სტრატეგია გამოდის ტაქტიკაზე მიბმული”, - ამბობს სოსო ცინცაძე, რომელსაც ”ახალი თაობა” ესაუბრა.

”ალია” წერს, რომ ლეიბორისტთა ლიდერი შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. შალვა ნათელაშვილი გაზეთს ინტერვიუს აძლევს: ”ნებისმიერი გამოკითხვის მიხედვით, ჩვენ რეიტინგით ვართ სტაბილურად პირველ ადგილზე. ეს ჩვენმა ოპოზიციონერმა მეგობრებმაც მშვენივრად იციან და შეიძლება ამიტომაც არიან გაბრაზებული...” - აცხადებს ნათელაშვილი.

”ჯორჯიან ტაიმსის” პირველი გვერდი: ”ოსმა ბოევიკებმა დაიქადნეს: სულ მალე რუსეთი ახალგორიდან თბილისზე შეტევას დაიწყებსო...” - გაზეთის ავტორი წერს, რომ გაესაუბრა ოს ბოევიკებს, რომლებმაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს, მაგრამ არაფერი დაუმალავთ ”ჯორჯიან ტაიმსის” ჟურნალისტისთვის: ”პირიქით, მე, როგორც ქართველს, ნიშნის მოგებით მიყვებიან იმ რუსული გეგმის შესახებ, რომლის განხორციელების შემდეგაც ჩემი და, საერთოდ, ქართველების ფეხი აღარ იქნება ”სამხრეთ ოსეთში”. ამ შემთხვევაში ახალგორს გულისხმობენ”, - წერს ”ჯორჯიან ტაიმსის” ავტორი.

”იცვლება თუ არა მსოფლიო და უნდა შევიცვალოთ თუ არა ჩვენ?” - ამ სათაურით ”24 საათში” გია ნოდია აქვეყნებს სტატიას. მსოფლიოში მიმდინარე და მოსალოდნელი ცვლილებების ფონზე, ექსპერტის აზრით, საქართველოს მიერ პოლიტიკის დაგეგმვა და გააზრება უფრო მეტად უნდა დაემყაროს გრძელვადიანი პერსპექტივის გათვლას, რაც არ ნიშნავს ძირითადი ორიენტირების შეცვლას. თუმცა აქ საჭიროა არა მხოლოდ ნატოზე, არამედ ევროკავშირზე ორიენტაციის გაძლიერება. დასასრულ, ავტორი გრძელვადიან მიზანთა შორის ტერიტორიულ მთლიანობას ასახელებს: ”გასაგებია, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებას არ შეუძლია რაიმე ნაბიჯების გადადგმა, რომელიც პრობლემის გადაწყვეტას თუნდაც დაგვაახლოებს. მაგრამ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საზოგადოებასთან კონტაქტის სრული გაწყვეტა პრაქტიკულად იმ გზავნილის ტოლფასია, რომ ჩვენ შევეგუეთ ამ მხარეების სამუდამოდ დაკარგვას. რა თქმა უნდა, სეპარატისტული რეგიონების საზოგადოებასთან კონტაქტები მოხილვად მომავალში რაიმე პოლიტიკურ შედეგებს არ მოიტანს, მაგრამ თუკი პრინციპულად ვინარჩუნებთ ამ რეგიონების შემოერთების ნებას, ამ კონტაქტების გაგრძელებასაც ალტერნატივა არა აქვს”, - წერს გია ნოდია ”24 საათში”.
XS
SM
MD
LG