Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული გამოშვება


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი, პრაღა 773-ე გამოშვება



წამყვანი:
"მეათე სტუდიაში" თავდაპირველად მოგსამენინებთ უფლებადამცავ ორგანიზაცია “ჰიუმან რაითს უოჩის” წარმომადგენლის, ტატიანა ლოკშინას მოსაზრებებს აგვისტოს ომსა და მის შედეგებზე; შემდეგ კი ქართველ პოლიტოლოგს მოვუსმენთ - გიორგი ონიანს, რომელიც ამჟამად ლონდონში მოღვაწეობს; "მეათე სტუდიის" დარჩენილი ნაწილი კი კინოს დაეთმობა: ჩვენ კინოს სამყაროს ორ დიდ მოვლენას გამოვეხმაურებით: ოსკარებით დაჯილდოებას - ფილმს, რომლის წარმატებაც ინდოეთშიც იზეიმეს და ქართული ფილმის წარმატებას ბერლინის კინოფესტივალზე. პრაღაში გადაცემას მარიამ ჭიაურელი უძღვება.

(მუსიკა)

წამყვანი:
ტატიანა ლოკშინას ბევრი იცნობს. ყოველ შემთხვევაში ისინი, ვინც "ჰიუმან რაითს უოჩის" ანგარიშებს ადევნებს თვალს და ვისაც უნდა, სიმართლე იცოდეს. ტატიანა ლოკშინა ამ ორგანიზაციის მოსკოვის ბიუროს დირექტორის მოადგილეა. ცოტა ხნის წინათ ,,ჰიუმან რაით ვოჩმა” აგვისტოს ომის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ომის პირველივე დღიდან ტატიანა ლოკშინა საბრძოლო მოქმედებების ადგილზე იყო. სულ ახლახან იგი თბილისს ეწვია. როგორ დაუკავშირდა მისი ცხოვრება ადამიანის უფლებების დაცვას, ომს და საქართველოს - ამის თაობაზე მარინა ვაშაყმაძე გიამბობთ.

(იხ. იუდიოვერსია)

(მუსიკა)

წამყვანი:
ამ კვირაში საქართველოში საკმაოდ ბევრს საუბრობდნენ იმის თაობაზე, რომ ქვეყანას რუსეთისგან ომის ახალი საფრთხე ემუქრება. პოლიტიკოსების, ანალიტიკოსების და მასმედიის მიერ ამ თემის აქტუალიზაცია ძირითადად რამდენიმე რუსი ექსპერტის პუბლიკაციას ეფუძნებოდა. რუსეთის თემაზე, განსაკუთრებით ბოლო ნახევარი წელია, საკმაოდ ბევრს და სხვადასხვა დონეზე მსჯელობენ მსოფლიოს პოლიტიკურ ცენტრებში, სადაც კიდევ ერთი ტენდენცია შეინიშნება - აგვისტოს ომის შემდეგ შელახული იმიჯის აღდგენას რუსეთი, ბოლო ხანს, სულ უფრო აქტიურად ცდილობს. უფრო მეტს ამ თემებზე თბილისიდან ნინო როდონაიასა და ლონდონში მისი რესპონდენტისგან შეიტყობთ.

(იხ. იუდიოვერსია)

(მუსიკა)

მილიონერი ღატაკთა უბნიდან და მისი წარმატების საიდუმლო

წამყვანი:
ოსკარებით დაჯილდოვების ბოლო ცერემონია ნამდვილი ტრიუმფით დასრულდა ბრიტანული ფილმისთვის “მილიონერი ღატაკთა უბნიდან”, რომლის მოქმედებაც ინდოეთში, ბომბეის ღატაკთა უბანში ვითარდება: ფილმს 8 ოსკარი ერგო. მათ შორის არის საუკეთესო ფილმისთვის და საუკეთესი რეჟისორისთვის განკუთვნილი ოსკარები. ფილმს არც კომერციული წარმატება აკლია - მან მთელს მსოფლიოში მოხიბლა კინოს მოყვარულები.

(მუსიკა)
18 წლის მუსლიმან ბიჭს, ობლობასა და სიდუხჭირეში გაზრდილ ჯამალ მალიკს წარმოუდგენლად ბედნიერი დღე გაუთენდა: მას ერთადერთი შეკითხვა დარჩა პასუხგასაცემი 20 მილიონი რუპიის - ანუ მილიონი დოლარის მოსაგებად - პოპულარულ სატელევიზიო შოუში! მაგრამ ბოლო შეკითხვის დასმა - ანუ შოუს ფინალი - მომდევნო დღისთვის ინიშნება. მანამდე კი, ღამით, ჯამალს აპატიმრებენ შოუს მანიპულირების ბრალდებით: აბა, როგორ შეძლებდა ჯამალისნაირი ქუჩის ბიჭი, თვითონ გაეცა პასუხი ამდენ რთულ შეკითხვაზე?

უდანაშაულობის დასამტკიცებლად ჯამალი თავისი ამბის მოყოლას იწყებს - როგორია მისი ცხოვრება ღატაკთა უბანში, რით ირჩენს თავს ძმასთან ერთად, როგორ იცავს თავს განგსტერებისაგან; ჯამალი იხსენებს თავის შეყვარებულსაც - ლატიკას, ქრისტიან გოგონას, რომელთანაც დაშორება მოუწია.

ფილმის “მილიონერი ღატაკთა უბნიდან” 8 ოსკარით დაჯილდოვებას ნამდვილი სახალხო ზეიმი მოჰყვა ბომბეის ქუჩებში: შარშანდელი ნოემბრის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ (პაკისტანელი ტერორისტების თავდასხმებმა ბომბეიში, როგორც ცნობილია, 200-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა) შესაძლოა, განსაკუთრებით გაუხარდათ ქალაქთან დაკავშირებული წარმატება.

(ოსკარებით დაჯილდოვების დღეს ბომბეიში გაკეთებული ჩანაწერი - ქუჩაში ზეიმის ხმა)

როზალია რადევა ბულგარელი მეცნიერია, რომელიც სწავლის პერიოდში ბომბეიში ცხოვრობდა და ბევრჯერ გაუვლია დარავში - ბომბეიში ღატაკთა უდიდეს უბანში. ფილმის "მილიონერი ღატაკთა უბნიდან” წარმატების საიუდუმლო, მისი შეფასებით, სურათის ავთენთურობაა. (როზალია რადევას ხმა) “არის რაღაც ნაღდი, რაც შეუძლებელია, ვერ იგრძნო ამ ფილმის ყურებისას. ის ასახავს ბომბეიში ცხოვრების ისეთ მხარეებს, რომლებსაც, დავუშვათ, ტურისტი ვერასოდეს ნახავს, იგრძნობს, ან გაიგებს. ამას გარდა, “მილიონერი ღატაკთა უბნიდან” ეხება ინდოეთისთვის ერთ ძალიან მტკივნეულ, მგრძნობიარე საკითხს: ბავშვების მოტაცებას. ფილმში არის სცენა, როცა ბავშვებს იტაცებენ, რათა მერე დააბრმავონ და მათხოვრებად აქციონ - ბომბეის ზოგ უბანში ამას ძალიან მკვეთრად გრძნობ. ინდოეთის სხვა ქალაქებზე ვერ გეტყვით, მაგრამ ბომბეიში ეს შეგრძნება ზოგჯერ, უბრალოდ, ცუდად გაგხდის”.

როზალია რადევა მაინც დიდი სითბოთი იხსენებს ბომბეის - მისი ღატაკთა უბნების მკიდრთ, “დიდი ოჯახის წევრებივით არიან, ერთმანეთს ეხმარებიანო”. ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას კი ბავშვები ახდენენ.

(როზალია რადევას ხმა) “როცა შესაძლებლობა მეძლეოდა, მათთვის სახეზე და თვალებში შემეხედა - ზრდასრულ ადამიანებს ვხედავდი, ზრდასრულის გამომეტყველებას. ეს არის სულის შემძვრელი განცდა. შეხედავ ბავშვს და მისი თვალები გეუბნება “აი, რა ტანჯვა მაქვს გამოვლილიო”. ფეხს როგორც კი აიდგამენ და ვერ გაუგიათ, რა ხდება მათს გარშემო, თავის გადარჩენის ინსტინქტი უნვითარდებათ”.

როზალია რადევასაგან განსხვავებით, გერი უაისს - ნიუ-იორკელ ჟურნალისტს - ბომბეის ღატაკთა უბნები არ მოუვლია, მაგრამ სამაგიეროდ კარგად ერკვევა ჰოლივუდის ტრადიციებში და იცის, როგორ ფილმებს ანიჭებს უპირატესობას ამერიკის კინოაკადემია. სურათის “მილიონერი ღატაკთა უბნიდან” შემთხვევაში, მომხიბვლელია კონკიას კლასიკური სიუჟეტი და მსახიობების ბუნებრივობა.

(გერი უაისის ხმა) “ჩემი აზრით, ფილმები, რომლებიც კომერციულად წარმატებულია, ყოველთვის იპყრობს მეტ ყურადღებას. თუ ფილმი კომერციულად წარმატებულია - ე.ი. ის ძველ ფასეულობებს ასახავს. ამერიკის კინოაკადემიას კი ძველი ჰოლივუდის სასარგებლოდ მიკერძოებულობა ახასიათებს. აკადემია უპირატესობას ანიჭებს ვარსკვლავებს, რომლებზეც ფიქრობს, რომ მიიზიდავენ ჰოლივუდის ტრადიციულ ფასეულობებსა და შესაბამისად ფილმებს, რომლებიც კარგი იქნება კინოინდუსტრიისთვის”.

გერი უაისმა კომერციული წარმატება ახსენა - ის კი მართლაც არ აკლია “მილიონერს ჯურღმულიდან”. შემოსავალი ფილმისთვის, რომლის გადაღებაც 15 მილიონი დოლარი დაჯდა, უკვე 160 მილიონ დოლარს აღემატება. სურათს არ აკლია არც კინოკრიტიკოსების ქება - გაზეთ “უოლ სტრიტ ჯორნალის” რეცენზიაში მას “მსოფლიოს პირველ გლობალიზებულ შედევრად” მოიხსენიებენ, “ჩიკაგო სან ტაიმსში” – “თავბრუდამხვევ, ამაღელვებელ ისტორიად”. თუმცა ფილმს აკრიტიკებენ კიდეც, თან მაინცდამაინც ინდოეთში. თუ რატომ, ინდოელი ჟურნალისტი, ანჯალი შარმა განმარტავს:

(ანჯალი შარმას ხმა) “ფილმზე არ გავგიჟებულვარ. საქმე ის არის, რომ ინდოეთში ის მაინცდამაინც არ მოსწონთ. მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ფილმი ძალიან ანტი-ინდურია - ჯურღმულები და მათი ასახვა, როგორც ამას რეჟისორი დენი ბოილი აკეთებს. ჩვენ ვიცით, როგორია ბომბეი, როგორია დარავი, ღატაკების უდიდესი უბანი. ის ინდოელებისთვის საჩვენებლად არ აუსახავთ - შეიძლება ითქვას, დასავლელებისთვის საჩვენებლად ასახეს”.

ზოგისთვის დასავლეთში სავსებით გასაგებია ეს არგუმენტი: ჟურნალისტ გერი უაისს არ უკვირს, რომ ფილმი “მილიონერი ღატაკთა უბნიდან” არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს ინდოელებში.

(გერი უაისის ხმა) “ის, გარკვეულად, ნეგატიურია ინდოეთის მიმართ: ფილმი აჩვენებს, რომ ინდოეთის იუსტიციის სისტემა კორუმპირებულია. მესმის, რატომ არ მოსწონთ ის ინდოელებს: ის აჩვენებს, რომ ღატაკთა უბნები საშინელია, ასახავს რელიგიურ შეუწყნარებლობას, ანტიმუსულმანურ პოგრომებსა და სხვა ასეთ პრობლემებს. ამიტომ მესმის, რატომ არ მოსწონთ ის ინდოელებს. მაგრამ, პრინციპში, ფილმში ცენტრალური ადგილი უკავია ძველმოდურ სასიყვარულო ამბავს, რომელიც ძალიან კარგად მთავრდება. ის, ფაქტობრივად, ჰოლივუდის ფორმულას მიჰყვება”.

ძველმოდურ სასიყვარულო ამბავში მთავარ როლებს არაპროფესიონალი მსახიობები ასრულებენ - უმეტესწილად ბავშვები. რა ბედი ეწევათ მათ, როცა ოსკარებით გამოწვეული ეიფორია ჩაივლის? ეს შეკითხვა აწუხებს ინდოელ ჟურნალისტ ანჯალი შარმას, რომელმაც იცის შემთხვევები, როგორ გაჭირვებიათ ბავშვებს ძველ სიდუხჭირესთან და უყურადღებობასთან შეგუება - ფილმში გადაღების შემდეგ.

(ანჯალი შარმას ხმა) “კარგია, რომ ბავშვებს ასეთი შესაძლებლობა ეძლევათ, მაგრამ მერე, როცა უკან ბრუნდებიან... მათ იყენებენ და მერე, როცა მათი საქმე გაკეთებულია, ისევ უკან უშვებენ. ბავშვები ბრუნდებიან იქ, სადაც მანამდე იყვნენ. მათ უბრალოდ, მიატოვებენ ხოლმე”.

ამ პრობლემას 8 ოსკარით დაჯილდოვებული ბრიტანული ფილმის რეჟისორიც აცნობიერებს და მან, საბედნიეროდ გამოსავალს მიაგნო: დენი ბოილის განცხადებით, შექმნილია ფონდი ფილმში მთავარი როლების შემსრულებლების - რუბინას და აჟარუდინის - დასახმარებლად, რათა მათ სკოლა დაამთავრონ და განათლების გაგრძელებაც შეძლონ. და თუ ასე მოხდა, ძველებური სასიყვარულო ამბავი, ფილმში კარგად რომ მთავრდება და მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანს ხიბლავს, კარგად გაგრძელდება კიდეც მისი მთავარი პერსონაჟებისთვის.
ახალბედა ვარსკვლავები გუშინ (26 თებერვალს) დაბრუნდნენ სამშობლოში ოსკარების ქვეყნიდან.

(მუსიკა)

წამყვანი:
ევროპული პრემიერის შემდეგ გიორგი ოვაშვილის ფილმს „გაღმა ნაპირი“ ქართველი მაყურებელიც ნახავს - სურათი, რომელიც დიდი წარმატებით უჩვენეს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამაში „თაობები“, თბილისის ეკრანებზე გამოდის. 9 თებერვალს ჩვენი კოლეგა, გიორგი გვახარია ამ ახალი ქართული ფილმის პრემიერას დაესწრო ბერლინში

[ოვაციები]

გიორგი გვახარია:
ასეთი ოვაციებით დასრულდა გიორგი ოვაშვილის „გაღმა ნაპირის“ ჩვენება ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე. ეს ახალი ქართული სურათი, მოგეხსენებათ, ბავშვებისა და მოზარდებისთვის განკუთვნილი ფილმების კონკურსში ჩართეს მხოლოდ იმიტომ, რომ „გაღმა ნაპირის“ მთავარი გმირი, აფხაზეთიდან დევნილი 12 წლის ბიჭია. ამ პროგრამით ნაჩვენებ ფილმებს კი ბერლინში უფროსებთან ერთად ბავშვებიც უყურებენ - გერმანელი ბავშვები კი მაინც და მაინც კარგად ვერ ერკვეოდნენ აფხაზეთის კონფლიქტის ნიუანსებში...

გიორგი ოვაშვილს ცუდი ფილმი რომ გადაეღო, რომ არ განზოგადებულიყო ამბავი ბავშვზე, რომელიც თბილისიდან აფხაზეთში გარბის 90-იანი წლების დასაწყისში, ომის შემდეგ, იქ დარჩენილი მამის სანახავად, ეს ისტორია ასე არ ააღელვებდა ბერლინელ ბავშვებს. კი, გულუბრყვილო კითხვები დაუსვეს ფილმის რეჟისორს და მთავარი როლის შემსრულებელს, თედო ბექაურს, რომელიც საბავშვო კონკურსის ნამდვილი ვარსკვლავი იყო, მაგრამ ფაქტია - სურათის დასრულების შემდეგ დარბაზში სწორედ ეს ბავშვები იწმენდნენ ცრემლს.

„გაღმა ნაპირი“, უდავოდ, თანამედროვე ქართული კინოს დიდი წარმატებაა - სხვათა შორის, ქართული კინოს საუკეთესო ტრადიციებით გადაღებული ფილმი. თუმცა, ფილმის შემოქმედებითი კოლექტივი ინტერნაციონალურია - ოპერატორი ირანელი, მემონტაჟე - კორეელი. ქართულ კინოს საუკეთესო ოპერატორები ყავს, რატომ ირანელი? ვკითხეთ გიორგი ოვაშვილს ბერლინური პრემიერის დასრულების შემდეგ

[გიორგი ოვაშვილის ხმა] „დიდი ხნით ადრე, სანამ დავიწყებდი ამ ფილმზე მუშაობას, ირანული კინო ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო. სულ ვფიქრობდი, რაღაც საინტერესო იქნებოდა - ირანული ხედვა და ქართული რეჟისურა... მოვძებნე ამირ ასადი... მაინტერესებდა, რა გამოვიდოდა ამ სინთეზისგან“

თუმცა, „გაღმა ნაპირი“ არ არის მხოლოდ ორი კულტურის სინთეზის ცდა. გიორგი ოვაშვილი ამბობს, რომ ცნობილი კორეელი რეჟისორის, კიმ კი დუკის ოპერატორმა ფილმს სრულიად განსაკუთრებული რიტმი შემატა - ეგრეთ წოდებული „როუდ მუვი“ – „გზის კინო“ გადაღებულია და „აწყობილი“ არა ჰოლივუდის ამ ჟანრის ფილმებისთვის დამახასიათებელ დინამიკაში, არამედ მედიტაციურ რიტმში. სურათის გმირი თბილისიდან გარბის და გადის მთელ საქართველოს - თუმცა, ეს პეიზაჟი სრულიად მოკლებულია კონკრეტიკას - კონკრეტულ დროს და სივრცეს ვერ გრძნობ... ამიტომაცაა, ალბათ, რომ ბევრს ბერლინში „გაღმა ნაპირი“ აგვისტოს მოვლენების შემდეგ გადაღებული სურათიც კი ეგონა.

[გიორგი ოვაშვილის ხმა] “ეს კორეელი გოგონა, ახალგაზრდა სუნი კინი... მან გააკეთა კიმკიდუკის ფილმები. თვალს ვადევნებდი მის შემოქმედებას და მოვძებნე“

კიდევ ერთი სიახლე, რომელსაც „გაღმა ნაპირი“ გვთავაზობს: გიორგი ოვაშვილის სურათისთვის მუსიკა დაწერა ისრაელში მცხოვრებმა კომპოზიტორმა იოსებ ბარდანაშვილმა, რომელსაც დიდი ხანია არ უმუშავია ქართველ რეჟისორებთან. გიორგი ოვაშვილი სპეციალურად ჩავიდა ისრაელში, შეხვდა ადამიანს, რომელიც მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ქართველ მუსიკოსად ითვლებოდა და დაითანხმა ემუშავა ქართულ ფილმზე. გიორგის თქმით, სამწუხაროდ, ფილმში მთლიანად არ შევიდა იოსებ ბარდანაშვილის მიერ საგანგებოდ „გაღმა ნაპირისთვის“ დაწერილი მუსიკა

[გიორგი ოვაშვილის ხმა] „სანამ ფილმზე მუშაობას დავიწყებდი, სულ მესმოდა სოსოს სახელი და მხოლოდ სამი წლის მერე მივადექი სოსოს... „

ბერლინურ და ახლა უკვე თბილისურ პრემიერას მოჰყვება „გაღმა ნაპირის“ ჩვენება გერმანიაში, ვისბადენის საერთაშორისო კინოფესტივალზე - იქ, სადაც რამდენიმე წლის წინ მთავარი პრიზით აღინიშნა ლევან ზაქარეიშვილის ფილმი „თბილისი-თბილისი“.
XS
SM
MD
LG