Accessibility links

logo-print

ჟენევაში კლინტონის და ლავროვის შეხვედრა გაიმართა


ამერიკისა და რუსეთის ურთიერთობებში ახალი ფურცელი გადაიშალა. დღეს ჟენევაში გაიმართა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეხვედრა.


ეს ამ დონის პირველი შეხვედრაა ამერიკის პრეზიდენტის თანამდებობაზე ბარაკ ობამას მოსვლის შემდეგ.

შეხვედრა ნაწილია კლინტონის ტურნესი ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში. ის მიიჩნევა პირველ ნაბიჯად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ხელახლა დატვირთვის რეჟიმში გადასაყვანად, როგორც ეს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა თებერვალში, მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე კლინტონმა თქვა, რომ კავშირების გაუმჯობესება არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობებისთვის იქნება სასარგებლო:

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ახალი დასაწყისია არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, არამედ მსოფლიოს გასაძღოლად მნიშვნელოვან სფეროებში, კერძოდ, ბირთვული იარაღისა და ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში."

თავის მხრივ, ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ წარმატება იქნება მიღწეული შეიარაღების კონტროლის სფეროში და ევროაში ამერიკის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განლაგების საკითხში. ეს უკანასკნელი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუარესებების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

"დარწმუნებული ვარ, შევძლებთ გამოვნახოთ საერთო პოზიცია, რაც ხელს შეუწყობდა ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებს, სტრატეგიული შემტევი იარაღისა და ანტისარაკეტო თავდაცვის საკითხებში," თქვა ლავროვმა.

სტრატეგიული იარაღის შემცირების ხელშეკრულებას მიმდინარე წლის ბოლოს გასდის ვადა. ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ წლის ბოლომდე მიღწეულ იქნეა ახალი გარიგება ამ ხელშეკრულების შემცვლელი ახალი დოკუმენტის თაობაზე.

როგორც კლინტონმა დასძინა, ის მოელის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ინსტრუქციები იქნება შემუშავებული ორი ქვეყნის პრეზიდენტების, ბარაკ ობამასა და დმიტრი მედვედევის შეხვედრაზე, რომელიც მალე გაიმართება.

შეხვედრის დასაწყისში კი ლავროვთან ურთიერთობაში ყინულის გასალღობად კლინტონმა მას გადასცა სიმბოლური კოლოფი "ხელახლა დატვირთვის" ღილაკით. მან სიცილით უთხრა რუს კოლეგას, ჩვენი ურთიერთობები ხელახლა უნდა ჩავრთოთ და ეს ერთად უნდა გავაკეთოთო.

ლავროვმა პირობა დადო, რომ ღილაკს თავის სამუშაო მაგიდაზე მიუჩენს ადგილს, მაგრამ შენიშნა, რომ ღილაკს შეცდომით აწერია არა ხელახლა დატვირთვა - "პერეზაგრუზკა", არამედ "გადატვირთვა" – "პერეგრუზკა".

კლინტონმა იხტიბარი არ გაიტეხა და პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, ჩვენს ურთიერთობებს ხელახლა ვიწყებთ და რუსეთის მინისტრი და მე საქმით ერთობ გადატვირთვულები ვიქნებითო.

მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით გაუარესდა უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე ნატოში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიმართ რუსეთის წინააღმდეგობისა და ცენტრალურ ევროპაში ამერიკის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსებასთან დაკავშირებული დაპირისპირების გამო.

ჯერჯერობით ძნელია იმის თქმა, რას მოუტანს რუსეთსა და ამერიკას შორის ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყება საქართველოს. ყოველ შემთხვევაში, რაც შეეხება ამერიკასა და ევროპას შორის ურთიერთობებს, დღეს კლინტონმა განაცხადა, რომ რუსეთთთან თანამშრომლობის გაღრმავების სწრაფვა ევროპის მიმართ ამერიკის მხარდაჭერას ხელს არ შეუშლის.

XS
SM
MD
LG