Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ალიანსი საქართველოსთვის” სამოქმედო გეგმებს აქვეყნებს


ხელისუფლების მიერ ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის საკითხზე რეფერენდუმის მოთხოვნის სრული იგნორირების შემდეგ, პოლიტიკური გაერთიანება „ალიანსი საქართველოსთვის“ სამოქმედო გეგმას აქვეყნებს.

ამ გეგმის თანახმად, „ალიანსი საქართველოსთვის“ იწყებს ფართომასშტაბიან საპროტესტო კამპანიას, რომლის ფარგლებში, ერთი მხრივ, სახალხო პლებისციტი ჩატარდება, მეორე მხრივ კი, სახელმწიფო სტრუქტურებზე საზოგადოებრივი მონიტორინგი განხორციელდება. „ალიანსი საქართველოსთვის“, იმავდროულად, იზიარებს ყველა ჯანსაღი პოლიტიკური ძალის გაერთიანების აუცილებლობას და გამოხატავს სრულ მზადყოფნას დანარჩენ ოპოზიციურ ძალებთან ერთობლივი, კოორდინირებული პოლიტიკური ბრძოლისათვის.

პოლიტიკური გაერთიანება „ალიანსი საქართველოსთვის“ სამოქმედო გეგმებში რეფერენდუმი, როგორც ხელისუფლების კონსტიტუციური გზით შეცვლის საშუალება, პირველ ადგილზე აღმოჩნდა. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების საკითხზე რეფერენდუმის 10 დღის ვადაში დანიშვნის ულტიმატუმი ხელისუფლებამ ირაკლი ალასანიასგან 23 თებერვალს მიიღო. ხელისუფლებამ ულტიმატუმი არ დააკმაყოფილა. 6 მარტს კი გაკეთდა განცხადება ზოგადი სამოქმედო გეგმის, პირობითად, რიგით მეორე და რიგით მესამე ამოცანებზე - ისეთებზე, როგორიცაა სახალხო პლებისციტი და სახელმწიფო სტრუქტურების საზოგადოებრივი მონიტორინგი. რაც შეეხება რეფერენდუმის იგნორირების მოტივს, ასეთად ირაკლი ალასანიამ შემდეგი დაასახელა:

[ირაკლი ალასანიას ხმა]“ ხელისუფლების მხრიდან ჩვენს შეთავაზებაზე უარის თქმა კიდევ ერთხელ ადასტურებს მის ცინიკურ დამოკიდებულებას დემოკრატიული ღირებულებების მიმართ. ამასთანავე, ასეთი პასუხი მიანიშნებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა იცის პირადად მისდამი ხალხის ნეგატიური დამოკიდებულებისა და რეფერენდუმში გარდაუვალი წარუმატებლობის შესახებ.“

რეფერენდუმის შედეგების აღსრულება სავალდებულოა, რასაც ვერ ვიტყვით პლებისციტზე. პლებისციტი, ისევე როგორც რეფერენდუმი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე საერთო სახალხო გამოკითხვაა. კანონის თანახმად, პლებისციტსაც საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს და საარჩევნო ადმინისტრაცია ატარებს; თუმცა, როგორც რესპუბლიკელმა ვახტანგ ხმალაძემ განგვიმარტა, პოლიტიკური ალიანსის გეგმა ეგრეთ წოდებული სახალხო პლებისციტის გამართვას ითვალისწინებს:

[ვახტანგ ხმალაძის ხმა]“ ჩვეულებრივ, ასეთი ტიპის პლებისციტები - არა ხელისუფლების მიერ ჩატარებული პლებისციტები - იმართება ხოლმე ღია კენჭისყრის პრინციპით, ანუ ამომრჩევლები ღიად აცხადებენ თავიანთ ნებას. ისინი პირდაპირ უჭერენ მხარს კონკრეტულ წინადადებას - ამ შემთხვევაში პრეზიდენტის გადადგომის წინადადებას - და ამას ადასტურებენ თავიანთი ხელმოწერითა და თავიანთი რეკვიზიტების მითითებით.“

ეს კი, ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, მონაცემთა მაღალ სანდოობასა და გადამოწმების საშუალებას იძლევა იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება უნდობლობას გამოუცხადებს სახალხო გამოკითხვის გზით მიღებულ ინფორმაციას. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ არათუ სახალხო, ხელისუფლების მიერ ჩატარებული პლებისციტის შედეგებიც კი არ არის კანონით სავალდებულოდ აღსასრულებელი. რა ძალა ექნება ამ პლებისციტს? შეკითხვაზე ”ალიანსი საქართველოსათვის” ლიდერი ასე გვიპასუხებს:

[ირაკლი ალასანიას ხმა]“ ამ პლებისციტს ექნება მორალურად მავალდებულებელი ძალა ხელისუფლებაზე და ეს იქნება გამოვლენა ხალხის ნების. ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია. ბუნებრივია, ჩვენ ვგეგმავთ სხვადასხვა მშვიდობიან საპროტესტო აქციებსაც.“

მათ რიგში, არ არის გამორიცხული, 9 აპრილს ოპოზიციურ პარტიათა ეგრეთ წოდებული მეორე ფრთის მიერ ორგანიზებული აქციაც იყოს. ”ალიანსი საქართველოსთვის”, როგორც თვად აცხადებენ, იწყებს კონსულტაციებს ამ ჯგუფთან და იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის მოქმედების გეგმების შეთანხმება მოხდება, ”ალიანსი საქართველოსთვის” მონაწილეობას მიიღებს 9 აპრილის აქციაში. ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს მიზნები საერთო აქვთ. ამდენად, კონსულტაციების საგანი პროტესტის ფორმებზე შეჯერებაა, - გვითხრა კონსერვატორმა კახა კუკავამ:

[კახა კუკავას ხმა]“ დიახ, მართლა დაწყებულია ეს კონსულტაციები და ვნახოთ. რითიც დამთავრდება, შევატყობინებთ საზოგადოებას. თუმცა ჩვენის მხრიდან არის სრული მზადყოფნა იმისათვის, რომ ეს შეთანხმება შედგეს.“

თუ უშუალოდ ”ალიანსის” კონკრეტულ სამოქმედო გეგმას დავუბრუნდებით, განმარტებას საჭიროებს, რას ნიშნავს სახელმწიფო სტრუქტურებზე საზოგადოებრივი მონიტორინგის განხორციელება და რა საშუალებებითაა შესაძლებელი ეს. ამასთან დაკავშირებით რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამბობს:

[დავით უსუფაშვილის ხმა]“ ყველა გამგეობას მომავალი კვირიდან საქმე ექნება ჩვენს აქტივისტებთან ყველა კონკრეტული საქმის გადაწყვეტისას. ყველა სამინისტროში. რა ფორმით, ამას ნახავთ ნელ–ნელა, იმ უწყებების სპეციფიკიდან გამომდინარე, რომელზეცაა საუბარი. ჩვენ გავაკონტროლებთ სასამართლო პროცესების ინიცირებით კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებისას ხალხის იქ ყოფნით. პიკეტირება იქნება აქ საჭირო, თუ აქცია იქნება საჭირო, თუ ხმამაღალი შეძახილი, თუ არგუმენტი, ჩვენ მთელ სახელისუფლებო სისტემას ჩავაყენებთ ხალხის სამსახურში ნაბიჯ–ნაბიჯ და არა სააკაშვილის სამსახურში, სადაც ისინი დღეს იმყოფებიან.“(სტილი დაცულია)

სახელისუფლებო პარტიაში კი უთანხმოების დიალოგის გზით გადაჭრას ემხრობიან და პოლიტიკურ ოპონენტებს პრიორიტეტების არჩევანს უწუნებენ. მათი განმარტებით, მთავარი ახლა ქვეყნის პოლიტიკურ–ეკონომიკური გამოწვევების კარნახით მოქმედებაა და არა ვადამდელი არჩევნები. ვადამდელ არჩევნებზე პლებისციტის მომზადების მიზნითა და საპროტესტო აქტივობის ასამაღლებლად ”ალიანსი საქართველოსთვის” უახლოეს დღეებში მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო შტაბების გახსნას შეუდგება.
XS
SM
MD
LG