Accessibility links

logo-print

კულტურული მიმოხილვა


თითქმის 5 თვე გავიდა მას შემდეგ,

რაც საქველმოქმედო ფონდმა ”იავნანამ” თბილისში, სპორტის სასახლეში, მოაწყო აქცია ”სანთლები”, რომელშიც ვერდის ”რეკვიემი” ფონდის დამაარსებელთან, პაატა ბურჭულაძესთან ერთად თანამედროვეობის უდიდესმა მომღერლებმა ოლგა რომანკო-პრიმავერამ, ლუჩიანა დინტინომ, რამონ ვარგასმა შეასრულეს. ეს გრანდიოზული აქცია აგვისტოს მოვლენების შედეგად დაზარალებული ბავშვების დასახმარებლად გაიმართა. კონცერტის დასრულების შემდეგ პაატა ბურჭულაძე რადიო ”თავისუფლებაში” გვეწვია და გაგვახსენა, რომ ”იავნანას” რამდენიმე თვეში 5 წელი შეუსრულდებოდა:

[პაატა ბურჭულაძის ხმა]”ხალხს უნდა მისცე საშუალება, რომ სიკეთე გააკეთოს.ტრაბახი გამომდის, მაგრამ ხალხს, ეტყობა, სჯერა ჩვენი ფონდის. ამ თანხებით ჩვენ სახლებს ვყიდულობთ.”

პაატა ბურჭულაძეს მაშინ კოლეგებზე ვკითხეთ - მათგან ხომ არ აიღო მაგალითი, როცა საქველმოქმედო ფონდის შექმნის იდეა დაებადა... არაო, - გვითხრა...კი, საქველმოქმედო ფონდი არაერთ მომღერალს დაუარსებია - ჰოსე კარერასის ფონდი, მაგალითად, ლეიკემიით დაავადებულებს ეხმარება...თუმცა ”იავნანას” შექმნის იდეა თავად ქართულმა რეალობამ უკარნახა - ხუთი წლის წინ საქართველოში უამრავი უსახლკარო ბავშვი იყო - ბავშვები, რომლებიც, უმძიმესი სოციალური პირობების გამო, მშობლებმა საბავშვო სახლებს ჩააბარეს, ე.ი. ბავშვები, რომელთაც ჰყავდათ დედა, მამა, ზოგჯერ ორივე... მაგრამ არ ჰქონდათ სახლი, არ ჰქონდათ საჭმელი... ასეთი ბავშვი ბევრი იყო, მაგრამ საზოგადოებას მათ არსებობას იშვიათად ახსენებდნენ... უფრო მეტიც, მოგვიანებით ქართველი არტისტები, მუსიკოსები, რომლებიც ფონდ ”იავნანას” საქველმოქმედო კონცერტებში მიიღებენ მონაწილეობას, იტყვიან, რომ ვერ წარმოედგინათ, თუკი 21-ე საუკუნის საქართველოში მშობლები შვილებს საბავშვო სახლებს მიაბარებდნენ იმის გამო, რომ ვერ შეძლებდნენ მათ მოვლას.

პაატა ბურჭულაძემ არა მარტო ამ ბავშვების არსებობა გაახსენა კოლეგებს, არამედ მაგალითიც მისცა და ჩართო კიდევაც ისინი საქველმოქმედო საქმიანობაში... რა დასამალია და ქველმოქმედება, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში ჩვეულებრივი მოვლენა იყო ქართულ კულტურაში (გავიხსენოთ თუნდაც მომღერალ ირმა სოხაძის მიერ გამართული საქველმოქმედო მარათონები), ამ საუკუნის დასაწყისში ქართველმა არტისტებმა მიივიწყეს...არადა, სოციალური ფონი სულ უფრო და უფრო მძიმე ხდებოდა... დღესაც ასეა. ფონდი ”იავნანა” ხუთი წელია არსებობს და ამ ხუთი წლის განმავლობაში არაერთ უსახლკარო ბავშვს დაეხმარა...მაგრამ სამი ათასამდე ბავშვი საქართველოში კვლავ ბავშვთა სახლებში რჩება.

[მუსიკა. ჭოხონელიძეების ოჯახი]

ჭოხონელიძეების ოჯახის მიერ შესრულებული ამ ”იავნანით” გაიხსნა საკონცერტო პროგრამა საქველმოქმედო მარათონისა, რომელიც 3 მარტს, დედის დღეს, მოაწყო ფონდმა ”იავნანამ”...ამავე დროს, ეს იყო ფონდის საიუბილეო მარათონი - ”იავნანა” ხუთი წლის გახდა და დაბადების დღეზე მოიწვია ყველა ქართველი არტისტი, რომლებმაც სხვადასხვა დროს მონაწილეობა მიიღეს ფონდის საქველმოქმედო აქციებში... უფრო მეტიც, ფონდ ”იავნანას” მხარდასაჭერად თითქმის პარალელურად ვარშავის ოპერის თეატრში პიანისტების, ალექსანდრე კორსანტიასა და ქეთევან ბადრიძის, საქველმოქმედო კონცერტებიც გაიმართა... თბილისში კი იმ საღამოს, ფაქტობრივად, მთელი ქართული არტისტული ელიტა იდგა სცენაზე, მათ შორის, მედეა ჩახავა - სრულიად განსხვავებული თაობები - ქველმოქმედებით გაერთიანებული კულტურა.

[მედეა ჩახავა]

სამ მრავალშვილიან ოჯახს გადაეცა სამსაათიანი კონცერტის დასრულების შემდეგ ბინის გასაღები, მათ შორის წიტაიშვილების ოჯახს - უდედმამოდ დარჩენილ 6 ბავშვს, რომელთაც მეშვიდე - ჩვიდმეტი წლის უფროსი და - ზრდის.. თუმცა ”იავნანას” საიუბილეო აქცია ამით არ დასრულებულა - კონცერტის მსვლელობის დროს ფონდს გადასცეს საჩუქრები, რომლებიც უახლოეს ხანში იავნანას მიერ მოწყობილ აუქციონზე გაიყიდება - ისევ და ისევ მზრუნველებამოკლებული და გაჭირვებული ბავშვების დასახმარებლად.

სხვათა შორის, ”იავნანას” აქციაზე ის ქართველი არტისტებიც გაიხსენეს, რომელთაც ქველმოქმედება თავიანთი კოლეგების მიბაძვით არ დაუწყიათ; ქველმოქმედება, ჰუმანიზმი, დაუცველი და სუსტი ადამიანის მიმართ სოლიდარობა ამ არტისტების შემოქმედების პრინციპი იყო. ასეთი მუსიკოსი იყო ირაკლი ჩარკვიანი, რომელმაც თავისი ჰიტი ”გადავცურავ ზღვას” მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს მიუძღვნა. ”იავნანას” საიუბილეო კონცერტზე ეს სიმღერა ქეთათო ჩარკვიანმა და ირაკლი ჩარკვიანის ქალიშვილმა, ნანამ, შეასრულეს.


[ნანა და ქეთათო ჩარკვიანები]

XS
SM
MD
LG