Accessibility links

კვირის მოვლენების მიმოხილვა




5 მარტით თარიღდება. ხუთშაბათს ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა და ალიანსის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტი გაიმართა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა და კიდევ ერთხელ დადეს პირობა, რომ ალიანსისკენ მიმავალ საქართველოს რეფორმების განხორციელების პროცესში აუცილებლად დაეხმარებიან. მართალია, გაწევრიანების პერსპექტივა საქართველოსთვის, ისევე როგორც უკრაინისთვის, ჯერ ისევ ბუნდოვან საკითხად რჩება, მაგრამ ნატო მუდმივად იმეორებს ერთი წლის წინ გადაწყვეტილს: უკრაინა და საქართველო ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრები.

ორი ქვეყნის მიმართ საგანგებო მხარდაჭერა გამოხატა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმაც 5 მარტს, დღის ბოლოს, გამართულ პრესკონფერენციაზე:

(კლინტონის ხმა) ” უკრაინისა და საქართველოს წარმომადგენლებთან შეხვედრებისას მე ისევ გავიმეორე, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იღებს მტკიცე ვალდებულებას ამ ქვეყნების ნატოში გაწევრიანების მისწრაფებასთან დაკავშირებით და ასევე მტკიცეა გადაწყვეტილება - ნატოსთან ერთად ვიმუშავოთ მათთან იმის ნათელსაყოფად, რომ ეს ქვეყნები არ უნდა იყვნენ რუსეთის მხრიდან დაშინებისა და აგრესიის საგანი.”

რუსეთი აგრესორად და მოძალადედ 5 მარტს, ამერიკის სახელმწიფო მდივნის გარდა, კიდევ არაერთი სახელმწიფოს წარმომადგენელმა მოიხსენია, თუმცა ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე მაინც მიიღეს გადაწყვეტილება ნატო-რუსეთის საბჭოს მუშაობის განახლებასთან დაკავშირებით. აქვე გავიხსენოთ, რომ ამ საბჭოს მუშაობა აგვისტოს ომის შემდეგ, მალევე, საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით შეჩერდა. რა შეიცვალა მას შემდეგ? რატომ მიიღო ალიანსმა რუსეთთან თანამშრომლობის გადაწყვეტილება? ნიშნავს თუ არა ეს, რომ საქართველოს ინტერესებმა უკანა პლანზე გადაინაცვლა? - ეს ის შეკითხვებია, რომლებიც მიმდინარე კვირაში გაჩნდა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. საერთაშორისო პრესაში კი გამოჩნდა ეჭვი, რომ დიალოგი რუსეთსა და ნატოს შორის, გარკვეულწილად,საქართველოს ინტერესების ხარჯზე აღდგა, რადგანაც ნატოს რუსეთის მხარდაჭერა უფრო გლობალურ საკითხებთან მიმართებით სჭირდება. სახელდება ირანის ბირთვული საფრთხის თავიდან აშორება და ავღანეთი, როგორც ტერორიზმთან ბრძოლის კერა.
სწორედ ავღანეთის საკითხს გამოყოფს პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია, როდესაც ალიანსის გადაწყვეტილების საფუძველზე მსჯელობს:
(მაისაიას ხმა) ”ნატოს, ფაქტობრივად, გაურთულდა სიტუაცია ავღანეთში სამშვიდობო ძალებისთვის ტვირთის მიწოდებასთან დაკავშირებით. პაკისტანის გზა ჩაიხერგა საბოლოოდ და იქ შეუძლებელია ამის გატანა. რუსეთის გზა გასული წლის 23 აგვისტოს შემდეგ, ფაქტობრივად, ასევე გაიყინა. რუსეთმა კიდევ შეძლო კონტრზომების მიღება, ყირგიზეთზე წნეხის შედეგად, იმავე მანასის ბაზის (ამერიკული ბაზის) დახურვასთან დაკავშირებით. მანასის ბაზა ასრულებდა საკმაოდ საკვანძო ელემენტის როლს ავღანეთში სამშვიდობო კონტინგენტის მომარაგებისა და ზურგის უზრუნველყოფისათვის. ეს, თავისთავად, ნიშნავს, რომ, ფაქტობრივად, ნატოს მოეჭრა ყველა საშუალება, რომლითაც ის განახორციელებდა ტრანზიტს. გზა საქართველოზეც გადის, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა გაიაროს ცენტრალური აზიის სახელმწიფოებიც... აქედან გამომდინარე, პრინციპში, დილემის წინაშე დადგა ნატოს ხელმძღვანელობა...” (სტილი დაცულია)
ნატო არ მალავს, რომ ავღანეთისა და ირანის პრობლემები მსოფლიო თანამეგობრობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემებია და რომ მათ გადასაწყვეტად რუსეთის მხარდაჭერაც საჭიროა. თუმცა იმის გათვალიწინებით, რომ ავღანეთში ფეხმოკიდებული ტერორიზმი რუსეთისთვისაც არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენს, პოლიტოლოგთა ერთი ნაწილის ვარაუდით, საბოლოო ანგარიშით, ნატოს მოსკოვისთვის ამ თემასთან მიმართებით სინამდვილეში ბევრი არაფერი აქვს დასათმობი. მაგრამ ისიც ცხადია, რომ კრემლი ვაჭრობის ყველა არსებული თუ არარსებული შესაძლებლობის გამოყენებას შეეცდება. და თუკი ვაჭრობა გაჩაღდა, უცხოეთის პრესაში გამოთქმული ვარაუდების მიხედვით, გამორიცხული არ არის, რომ დასავლეთმა ამ პროცესში საქართველოს კარტიც გამოიყენოს.
მსგავსი შემაშფოთებელი დასკვნების გამოტანას არ ჩქარობენ საქართველოში. თბილისი კმაყოფილია იმით, რომ, დიალოგის აღდგენის პარალელურად, ნატომ რუსეთს საქართველოს მიმართ აღებული ვალდებულებების შესრულების აუცილებლობა შეახსენა. ნატოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში საგანგებო ადგილი ეთმობა საქართველოს, როგორც ალიანსის განსაკუთრებული შეშფოთების საგანს და რუსეთთან აღდგენილი დიალოგის უმთავრეს საკითხს.
ამგვარ პერსპექტივას ეჭვქვეშ აყენებს კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი:
(ზაქარეიშვილის ხმა) ”რუსეთის ჩართვა სხვადასხვა ინსტიტუტებში უფრო მეტ გარანტიებს გვაძლევს მისი მართვის და მასთან ურთიერთობებისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო ამ ურთიერთობის მთავარ თემად დარჩება. ეს ამას ნამდვილად არ ნიშნავს.” (სტილი დაცულია)
ბრიტანული ”თაიმსი” გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ნატოს გადაწყვეტილებას, აღადგინოს დიალოგი რუსეთთან, ბიძგი ვაშინგტონის ადმინისტრაციის ცვლილებამ მისცა. შესაბამისად, მოვლენათა განვითარება, მათ შორის - საქართველოს ინტერესებთან მიმართებით, დიდწილად სწორედ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პოზიციაზეა დამოკიდებული. მიმოხილვის დასაწყისში ჩვენ უკვე მოვისმინეთ ჰილარი კლინტონის მიერ 5 მარტს ბრიუსელში გაკეთებული განცხადება, რომ ამერიკა, ნატოსთან ერთად, შეეწინააღმდეგება საქართველოსა და უკრაინის გადაქცევას რუსეთის აგრესიის სამიზნეებად. თბილისისთვის იმედისმომცემია ასევე ის ფაქტიც, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან, შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ქართველ კოლეგას, გრიგოლ ვაშაძეს, შეხვდა და მხარდაჭერაც აღუთქვა.
ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ კონკრეტულად რას გულისხმობს რუსეთთან ახლებური ურთიერთობის სურვილი, რომელზეც ჰილარი კლინტონი 6 მარტს ჟენევაში სერგეი ლავროვთან შეხვედრისას ამახვილებდა ყურადღებას. მოსკოვისა და ვაშინტონის თანამშრომლობის სურვილი გამოხატა ლავროვმაც. თუმცა თბილისი ამ პროცესში სახიფათოს ვერაფერს ხედავს. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი დარწმუნებულია, რომ ამერიკა საქართველოს ინტერესებზე უარს ვერ იტყვის:
(დარჩიაშვილის ხმა) ”... რომ წარმოვიდგინოთ, ჰიპოთეტურად, ზურგის შექცევა საქართველოსთვის - ეს არის მოკავშირეთა ღალატი, არის ძალიან მნიშვნელოვან რეგიონში საკუთარი პოზიციების დათმობა და ეს პირდაპირ აისახება ნეგატიურად ამერიკის ეროვნულ ინტერესებზე. ამიტომ შეერთებული შტატები ამაზე პრაგმატულად არ წავა.” (სტილი დაცულია)
თუ რაზე წავა შეერთებული შტატები, ამის გარკვევას პოლიტოლოგები აპრილში ელოდებიან. თითქმის არავინ დავობს, რომ საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების ბედი საბოლოოდ გაირკვევა მას შემდეგ, რაც ამერიკის ახალი პრეზიდენტი ბარაკ ობამა თავის რუს კოლეგას პირისპირ შეხვდება. რუსეთი კი ამასობაში სულ უფრო იმყარებს პოზიციებს. ნატოს სამიტის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოსკოვმა აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლებისგან სამხედრო ბაზის განთავსების 49-წლიანი უფლება უკვე მოიპოვა. მიმდინარე კვირაშიც აქტუალური იყო უპასუხო შეკითხვა - დაიწყებს თუ არა რუსეთი მორიგ ომს საქართველოსთან.
აქცენტი მუდმივად საფრთხეზე და საქართველოს წინაშე მდგარ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ გამოწვევებზე კეთდება, მაშინ როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციის გააქტიურებაზე საუბრობენ. ოპოზიციური ფლანგი კი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების შეცვლის გარეშე საქართველო კიდევ უფრო მძიმე პრობლემების წინაშე აღმოჩნდება.
მიმდინარე კვირაში, 5 მარტს, ამოიწურა ”ალიანსის საქართველოსთვის” მიერ პრეზიდენტისთვის მიცემული 10-დღიანი ვადა. მოთხოვნა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას გულისხმობდა და მისი იგნორირება ალიანსის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ 6 მარტს რამდენიმე ფაქტორით ახსნა:
(ალასანიას ხმა) “ ხელისუფლების მხრიდან ჩვენს შეთავაზებაზე უარის თქმა კიდევ ერთხელ ადასტურებს მის ცინიკურ დამოკიდებულებას დემოკრატიული ღირებულებების მიმართ. ამასთანავე, ასეთი პასუხი მიანიშნებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა იცის პირადად მისდამი ხალხის ნეგატიური დამოკიდებულებისა და რეფერენდუმში გარდაუვალი წარუმატებლობის შესახებ.“ (სტილი დაცულია)
რეფერენდუმის ჩატარებაზე მიღებული უარის შემდეგ, ”ალიანსმა საქართველოსთვის” სამოქმედო გეგმის მომდევნო საფეხურებზე გადაინაცვლა, რაც სახალხო პლებისციტის (ანუ სახალხო გამოკითხვის) ჩატარებასა და სახელმწიფო სტრუქტურების საზოგადოებრივ მონიტორინგს გულისხმობს. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ხსენებული საზოგადოებრივი მონიტორინგის იდეას ასე განმარტავს:
(უსუფაშვილის ხმა) “ ყველა გამგეობას მომავალი კვირიდან საქმე ექნება ჩვენს აქტივისტებთან ყველა კონკრეტული საქმის გადაწყვეტისას, ყველა სამინისტროში. რა ფორმით, ამას ნახავთ ნელ–ნელა, იმ უწყებების სპეციფიკიდან გამომდინარე, რომელზეცაა საუბარი. ჩვენ გავაკონტროლებთ სასამართლო პროცესების ინიცირებით კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებისას ხალხის იქ ყოფნით. პიკეტირება იქნება აქ საჭირო, თუ აქცია იქნება საჭირო, თუ ხმამაღალი შეძახილი, თუ არგუმენტი, ჩვენ მთელ სახელისუფლებო სისტემას ჩავაყენებთ ხალხის სამსახურში ნაბიჯ–ნაბიჯ და არა სააკაშვილის სამსახურში, სადაც ისინი დღეს იმყოფებიან.“(სტილი დაცულია)
”ალიანსი” გეგმავს მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ჩატარებასაც და მან, შესაძლოა, მონაწილეობა მიიღოს 9 აპრილს დაგეგმილ აქციაშიც, რომლისთვისაც უკვე კარგა ხანია ემზადება ოპოზიციურ პარტიათა ეგრეთ წოდებული მეორე ფრთა. მიმდინარეობს კონსულტაციები და, თუკი მხარეთა სამოქმედო გეგმების შეთანხმება მოხერხდება, აქცია ერთობლივი ძალებით გაიმართება. კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, კახა კუკავას, განმარტებით, კონსულტაციების ძირითად თემას პროტესტის ფორმები წარმოადგენს:
(კუკავას ხმა) “ დიახ, მართლა დაწყებულია ეს კონსულტაციები და ვნახოთ. რითიც დამთავრდება, შევატყობინებთ საზოგადოებას. თუმცა ჩვენის მხრიდან არის სრული მზადყოფნა იმისათვის, რომ ეს შეთანხმება შედგეს.“ (სტილი დაცულია)
კონსერვატიული პარტია ერთ-ერთია ეგრეთ წოდებული ”9 აპრილის აქციის” ჯგუფში შემავალი პოლიტიკური ძალებიდან, რომლებმაც 4 მარტს მხარდამჭერთა მობილიზება დაიწყეს. 8 პოლიტიკური პარტიის აქტივისტები რამდენიმე დღის მანძილზე მეტროსადგურებთან სააგიტაციო მასალებს არიგებდნენ და მოსახლეობას მოუწოდებდნენ ხელმოწერებით დაედასტურებინათ პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნა.
9 აპრილის აქციის ინიციატორთა თქმით, თბილისის გარდა, უვადო საპროტესტო აქციები დაიწყება საქართველოს ყველა სხვა ქალაქში და გაგრძელდება მანამ, ვიდრე საქართველოში პრეზიდენტი და მთავრობა არ შეიცვლება.






XS
SM
MD
LG