Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეგიონალური მედიის მიმოხილვა


უკვე მრავალი კვირაა, ქართულ რეგიონალურ ჟურნალისტიკას მუდმივად გასდევს მგლების თემა.




მიმდინარე კვირაში ტელეკომპანია „თრიალეთმა“ მაყურებელს აუწყა, რომ გორის რაიონის სოფლებში – შინდისში, ვარიანში, კარალეთსა და მეჯვრისხევში - ყოველღამე მტაცებელი ცხოველების ჯგუფი გადაადგილდება. კარალეთში გოგიაშვილებმა საკუთარ საოჯახო კარ-მიდამოში ერთი მგელი მოკლეს კიდეც.

ამავე პრობლემაზე წერენ გაზეთები „პოსტ სკრიპტუმი“ და „გურია ნიუსი“. იმერეთში ხონის და წყალტუბოს მოსახლეობას საძოვარზე გაშვებული საქონელი მინდორში დაგლეჯილი უპოვია. ადგილობრივი მცხოვრებლები ფიქრობენ, რომ მგლები გავერანებულ ჩაის პლანტაციებში ბუდობენ. გურიაში კი მგელი ბოლოხანს ლანჩხუთის რაიონში მომრავლებულა და ქალაქშიც არაერთხელ გამოჩენილა. როგორც ია მგელაძე წერს, რამდენიმე დღის წინ სოფელ აკეთში მსხვილფეხა პირუტყვი პირდაპირ სადგომში უპოვიათ შეჭმული.

ადრე მგლის მოკვლა აკრძალული იყო, თუმცა გარემოს დაცვის ყოფილ მინისტრს, ზაზა გამცემლიძეს, 2008 წლის 4 მარტს დაუმტკიცებია დებულება, რომლის თანახმად, თავდასხმის მომენტში მგლის მოკვლა რაიმე წინასწარ ნებართვას არ საჭიროებს. ამის შესახებ მარიკა ვაჭარაძე წერს „პოსტ სკრიპტუმში“.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვს მგლებისგან ადამიანებისა და საქონლის დაცვას, თუმცა ჯერჯერობით პრობლემის მოგვარების გზები არ ჩანს. ამასობაში კი მგლების შესახებ სულ უფრო მეტი მასალა ჩნდება რეგიონალურ მედიაში.

გასულ კვირაში ქუთაისური „ახალი გაზეთი“ და „გაზეთი ბათუმელები“ სრულიად განსხვავებული ფორმის, მაგრამ შინაარსით ერთმანეთის მსგავს პრობლემაზე მოუთხრობდნენ საზოგადოებას. საქმე ეხება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის ნორმას, რომლის მიხედვითაც, ტენდერი უნდა გამოცხადდეს იმ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისთვის, რომლის სავარაუდო ღირებულება 100 000 ლარს აღემატება და იმ სამუშაოს შესყიდვისთვის, რომლის სავარაუდო ღირებულება 200 000 ლარზე მეტია. თუმცა გასულ წელს ქუთაისის მერიას რამდენიმე მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვები არა ტენდერის, არამედ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით განუხორციელებია. ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად საქართველოს მთავრობის განკარგულება დაედო. ქუთაისის მერი ნუგზარ შამუგია განმარტავს, რომ ტენდერების გამოცხადება შეაფერხებდა ქუთაისის რეაბილიტაციის პროცესს, რის გამოც ძირითადი სამუშაოების შესასრულებლად ერთ პირთან მოლაპარაკების წესი შეირჩა. ეკონომიკის ექსპერტის დავით ნარმანიას კომენტარის თანახმად, ამ გზით განხორციელებული შესყიდვები უკანონოა, რადგან პროექტის დასასრულებლად რაიმე ვადების დაწესება ფორსმაჟორად ვერ განიხილება. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ჟურნალისტ მაია მეცხვარიშვილის ცნობით, მიმდინარე წელსაც 1 182 400 ლარის საპროექტო სამუშაოების შესყიდვას, რაც ქუთაისის რეაბილიტაციის მეორე ეტაპს უკავშირდება, ქალაქის თვითმმართველობა კვლავაც ერთ პირთან მოლაპარაკების გზით გეგმავს. 2009 წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის ამ პუნქტში, შენიშვნის სახით, მითითებული ყოფილა, რომ „საკითხი სააგენტოსთან შეთანხმებულია“.

რაც შეეხება ბათუმს, აქ საქმე ეხება პროექტს, რომელსაც „12 ფლეიტიანი ბიჭუნა“ ჰქვია და რომელიც ბათუმის ახალ სიმბოლოდ არის ჩაფიქრებული. პროექტზე 2 200 000 ლარი დაიხარჯება. ამ თანხად შეფასებული პროექტისთვის კანონი საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას ითვალისწინებს, თუმცა, როგორც ჟურნალისტი ლელა დუმბაძე წერს, შპს „ტექსუნს“ პროექტის განხოციელების უფლება ყოველგვარი ტენდერის გარეშე, ექსკლუზიურად მიუღია. ოფიციალური ცნობით, პროექტის იდეის ავტორი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძეა.


XS
SM
MD
LG