Accessibility links

1 მარტი, კვირა
წესით ჩემი დღიურის წერა ასე უნდა დამეწყო: დღეს გაზაფხულის პირველი დღეა... მაგრამ გაზაფხული არაფერს ნიშნავს. საერთოდ მგონია, რომ გაზაფხული არ არსებობს. არსებობს ჩვენი შეგრძენება რომ მოდის გაზაფხული. და რა გავაკეთო მაშინ, როდესაც ეს შეგრძენბა არ მაქვს. არაფერი. დაველოდოთ გაზაფხულს, რომელიც არ არსებობს.

2 მარტი, ორშაბათი
როგორც ვატყობ გაზაფხულის თემა დღესაც აქტუალურია. საქმე ისაა, რომ ჟურნალ “ანაბეჭდისათვის” სტატიას ვწერ, სადაც თემა გაზაფხულია. სიმართლე რომ ვთქვა, უკვე ორი ტექსტი დავწერე და არცერთს არ ვაგზავნი. არ მომწონს. არ გამომდის იმ თემაზე წერა, რომელიც არ მესმის. კი, გასაგებია, რომ გაზაფხული მოდის, ბუნება იღვიძებს და ასე შემდეგ, მაგრამ სტატიის დაწერა სულ სხვაა. მშურს იმ ხალხის, ვისაც ნებისმიერ თემაზე შეუძლია წერა. ემოციის გარეშე, გრძნობების გარეშე, მხოლოდ ინტუიციითა და ტექნიკით. ამიტომ, ალბათ კიდევ მომიწევს რამდენიმე დღეEდავემალო “ანაბეჭდის” რედაქციას, სანამ რაიმეს არ გამოვადნობ და შთაგონება არ მოვა. არადა, სულ არ არის საგაზაფხულო ამინდი. დღეEქარია და ღამით ყინავს. ახლა რა უნდა გავაკეთო? ფანჯარაში გავიხედო, წარმოვიდგინო, რომ თბილისში იასამანი ყვავის, თბილა და ცხოვრება მშვენიერია? ვნახოთ თუ გამომივა. მე შევეცდები, იმიტომ, რომ “ანაბეჭდის” რედაქციას უკვე რამდენიმე დღეა ვემალები. საინტერესოა, ბოლოს და ბოლოს დავწერ თუ არა სტატიას? მგონი კვირის ბოლომდე დრო მაქვს.

3 მარტი, სამშაბათი
დღეს თუმანიშვილის თეატრში ჩემი პიესის ლიტერატურული კითხვა შედგა. ლიტერატურული კითხვა შედარებით ახალია ჩვენი თეატრებისათვის. არის ასეთი აზრი, რომ პიესის კითხვა ბევრს უჭირს. ეს არ არის პრობლემა. პიესა ლიტერატურაა, მიუხედავად იმისა, რომ ის თეატრისათვის იწერება, პიესა ლიტერატურაა. ამიტომ, როდესაც მკითხველს უჭირს დრამატული ტექსტის კითხვა, გასაკვირი არაა. მაგრამ ცუდია, როდესაც რეჟისორი ვერ კითხულობს პიესას. მოვრჩეთ ამაზე.
მგონია, რომ ქართული თეატრი ძალიან ჩამორჩა დროს. ის არ ითვალისწინებს თანამედროვე ადამინის მოთხოვნებს. სპექტაკლზე მისული მაყურებელი რაღაც ძველმოდურ სანახაობებს უყურებს და გასაკვირია არაა, რომ წლიდან წლამდე თეატრს მაყურებელი აკლდება. სამწუხაროა, რომ თეატრის ფუნქცია ტელევიზიამ შეითავსა. მართალია, ამაში ბევრი თეატრალი არ მეთანხმება და ჯიუტად იმეორებენ, რომ თეატრი სულ სხვაა, მაგრამ ფაქტი ფაქდად რჩება. თეატრი ვერ ახდეს გავლენას საზოგადოებრივ ცნობიერებაზე. ამის მიზეზი ტელევიზიების გაზრდილი ბიუჯეტი კი არ არის, არამედ თეატრის ძველმოდურობაა. თბილისში დადგმული სპექტაკლების უმეტესობა გაუგებარია თანამედროვე ახალგაზრდობისათვის.
პიესა ცოცხალი მასალაა. ის მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულ ეპოქას, მოცემულ დროის მონაკვეთს ასახავს. იშვიათი გამონაკლისის გარდა, პიესა თანამედროვეობის ანარეკლია. კარგ პიესაში ასახულია საზოგადოების ინტერესები, ნათლად ჩანს მორალისა და ზნეობის შეფასების კრიტერიუმი.
ყველა დროს ასე იყო. ადამინი მიდის თეატრში საკუთარი თავის ამოსაცნობად. მას უნდა დააკვირდეს, შეიცნოს, შეისწავლოს შინაგანი ბუნება. თეატრი ის პირობითობაა, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად ვთანხმდებით თამაშის წესებზე. და ეს მაგიური ჯაჭვი დარბაზსა და სცენას შორის იკვრება მსახიობების მიერ გაცოცხლებული ნაცნობი პერსონაჟებით. ასეთია მაყურბელი. მოგვწონს ჩვენ ეს თუ არა, მას მარტივი ჭეშმარიტებები ურჩევნია სიმბოლოებსა და ღრმა ფილოსოფიურ აზრებს. სამწუხაროა, როდესაც ბევრ რეჟისორს ეს არ ესმის.

4 მარტი, ოთხშაბათი
რას ვამბობდი? დღეს მარჯანიშვილის თეატრში პრემიერაზე ვიყავი. “გიორგი მაზმიაშვილი” - ასე ერქვა სპექტაკლს. დოკუმენტური დრამა ორ მოქმედებად. წარმოდგენის ბოლოს, როდესაც გენერალი მაზნიაშვილი ბათუმის ოლქიდან ოსმალოებს განდევნის და აჭარას დედა სამშობლოს დაუბრუნებს, კომუნისტი კომისარი მას ემიგრაციის ნაცვლად ქვეყანაში დარჩენას სთავაზობს. წარმოდგენის ბოლოს სცენაზე დაახლოებით ორმოცამდე ადამიანია, სასულე ორკესტრის ჩათვლით, სცენა “იყინება” და გვესმის ტექსტი, რომ გენერალი მაზნიაშვილი სამშობლოში დარჩა და იგი 37 წელს დახვრიტეს. ამ პაუზის შემდეგ, სასულე ორკესტრმა კვლავ დასჭექა და ტაშიც გაისმა - რიტმულად, სასულე ორკესტრის ტაქტის ქვეშ. დარბაზს გადავხედე და სუსტი სქესის მაყურებელი ცრემლებს იწმენდდა. ალბათ, პრობლემა ჩემშია და არა თეატრში ან მაყურებელში. დღეს “ანაბეჭდიდან” არავის დაურეკავს. მხოლოდ მეილი გამომიგზავნეს სათაურით - SOS.

5 მარტი, ხუთშაბათი

მოხდა ისე, რომ დღესაც მარჯანიშვილის თეატრში ვიყავი. ვნახე ანტონ ჩეხოვის “ქალი ძაღლით”. სიმართლე რომ ვთქვა, მეშინა თეატრში წასვლა. ძალიან ხშირად, ისეთი სანახოაბა მხვდება, თეატრის გზის დავიწყება მინდება ხოლმე. სხვათა შორის, უკვე “მოვახერხე” და ჩემს შვილს თეატრის გაგონაბაც აღარ უნდა. ადრე მეგონა, რომ ბავშვს ბავშვობიდან თუ შეაჩვევდი თეატრს, დიდობაშიც ეყვარება-თქო, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. დათო საყვარელიძე ვერ იტანს, როდესაც ოპერაში ბავშვებით დადიან. ამბობს, რომ ეს მათ ოპერას აძულებს. და მართალია. კიდევ კარგი დროულად მივხვდი და შვილთან ერთად თეატრალურ წარმოდგენებს საგულდაგულოდ ვარჩევ. იმიტომ, რომ არ შეიძლება ბავშვს თეატრში მობეზრდეს. იქ მას მუდმივი სანახაობა და დღესასწაული უნდა ელოდოს და შემდეგ, მართლაც შეუყვარდება თეატრი. რაც შეეხება მარჯანიშვილის სპექტაკლს, ძალიან მომეწონა.
“ანაბეჭდის” რედაქციიდან კვლავ იმავე სახელწოდების მეილი მივიღე როგორიც გუშინ – SOS.

6 მარტი, პარასკევი
დღეს ჩემი შვილი ავად გახდა. აქვს მაღალი სიცხე და როგორც დედამისი ამბობს - ზუზუნებს. წამალი ვუყიდე და არ შველის. თბილისში საშინელი ვირუსებია. გაზაფხული დაიწყო და მეგონა, რომ ვირუსებიც დამთავრდა-თქო. დამავიწყდა, რომ გაზაფხულს საკუთარი ვირუსები ქვს. ვიცი, რომ გაზაფხული არ არსებობს, მაგრამ ვირუსები ნამდვილად არსებობს. ეს არც განცდაა და არც შეხედულება. ვირუსი მოცემულობაა. გინდა ეს თუ არა. და ისიც სამწუხაროა, რომ ნიკოლოზი ავადაა.

7 მარტი, შაბათი
ბავშვობიდან მიყვარდა რადიოს მოსმენა. მაშინ პირველად გავიგე, რომ საბჭოთა კავშირი ავღანეთში ომობდა, რომ იქ საბჭოთა ჯარისკაცები სისასტიკეს იჩენდნენ ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ და ამერიკელი ხალხი ავღანელ ძმებს გასაჭირში არასდროს მიატოვებდა. მოვისმინე რომ საბჭოთა კავშირში დიქტატურა და კომუნისტების დანაშაულებრივი რეჟიმია. მაგალითად, რომ ადამიანებს თავისუფალი სიტყვის თქმისათვის იჭერენ, რომ არაერთი პატიმარი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გარდაიცვალა, რომ საბჭოთა კავშირში ადამიანი დაუცველია და ნებისმიერ დროს შეიძლება დააპატიმრონ, რის მაგალითად რუსი დისიდენტის გვარი მოიშველიეს. ოთხმოციანი წლების დასაწყისში მე ათი წლისაც არ ვიყავი. ჯერ ვიფიქრე, რომ მომესმა. ომი ჩემთვის რუსული კინოფილმების პროტოტიპი იყო, სადაც აგრესორ ფაშისტებს “კატიუშებით” ბომბავდნენ, სადაც გერმანელი ჯარისკაცები სოფლებს აწიოკებნდენ, მშვიდობიან მოსახლეობას სახლებს უწვავდნენ, ქალაქებს ანგრევდნენ, სადაც რუსი და ქართველი პატრიოტები მხარდამხარ იბრძოდნენ საზიზღარი ფაშისტების წინააღმდეგ, სადაც სოფლებში ფრონტიდან ყოველდღე წერილს ელოდნენ. ომი ჩემთვის მხოლოდ ნოდარ დუმბაძის წიგნებში იყო. ჩემი წარმოდგენით, ომის დროს უნდა ყოფილიყო განგაშის გამაყრუებელი ხმა, უნდა გაქცეულიყავი ბომბსაფარში სასწრაფოდ დაგევლო ხელი, რის წაღებასაც რამდენიმე წამში მოასწრებდი და, შესაძლოა, შინ ვეღარც დაბრუნებულიყავი _ სახლის ადგილას დიდი ორმო დაგხვდებოდა. მოკლედ, უნდა გეცხოვრა ისე, როგორც კინოში გვიჩვენებდნენ.
აქ კი, მოკლე ტალღებზე დაჭერილი გადაცემებით გავიგე, რომ საბჭოთა კავშირი ავღანეთში ომობდა და საბჭოთა ხალხმა ეს არ იცოდა. იმ ღამეს ვფიქრობდი, რომ ომი, სადაცაა, თბილისამდეც მოაღწევდა და შემდეგ, შემდეგ... არ ვიცი, რა მოხდებოდა. ომმა თბილისამდე ოცი წლის შემდეგ მოაღწია.
დღეს “ანაბეჭდს” სტატია დავუწერე და გავუგზავნე. სტატიაც ასე დავიწყე – “გაზაფხული არ არსებობს.”

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG