Accessibility links

რატომ უნდა განახლდეს შეხვედრები ნატო-რუსეთის საბჭოს ფორმატში?


საერთაშორისო დიპლომატია ზუსტი მეცნიერება არ არის, მაგრამ ცივი ომის შემდეგ მისი არათანმიმდევროულობა იშვიათად თუ ყოფილა ისე თვალშისაცემი,

როგორც ამ რამდენიმე დღის წინ, 5 მარტს, როცა ნატომ გადაწყვიტა რუსეთთან თანამშრომლობის განახლება ნატო-რუსეთის საბჭოს ფორმატში - თანამშრომლობა, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეჩერდა. ამ არათანმიმდევრულობაზე მიუთითებს ბრიუსელში ჩვენი რადიოს კორესპონდენტი აჰტო ლობიაკასი, რომლის მოსაზრებებსაც ახლა გაგაცნობთ.

თავდაპირველად კი შეგახსენებთ, რომ ნატო-რუსეთის საბჭოს ფორმატში შეხვედრები 19 აგვისტოს შეწყდა - რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. ალიანსი ღიად გამოხატავდა აღშფოთებას: ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც ნათქვამია “საქართველოში რუსეთის სამხედრო ოპერაცია არ შეესაბამება კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პრინციპებს, რომლებიც განსაზღვრულია ჰელსინკის ხელშეკრულებით, ნატო-რუსეთის დამფუძნებელი აქტითა და რომის დეკლარაციით”. “რუსეთთან ჩვეული ურთიერთობის გაგრძელება” შეუძლებელიაო, დასძენდნენ ნატოს მინისტრები და რუსეთს მოუწოდებდნენ, სიტყვითა და საქმით დაეცვა პრინციპები, რომლებიც ნატოსთან მისი ურთიერთობის საფუძველს ქმნის.

ამ ზოგადი მოთხოვნების გარდა ისიც ითქვა - კერძოდ ნატოს გენერალურ მდივან იაპ დე ჰოოპ სხფერის მიერ, რომ ნატო-რუსეთის საბჭოს ფორმატში შეხვედრები არ განახლდება, სანამ რუსეთი არ შეასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს და ნატოსთან ურთიერთობის მომავალი დამოკიდებული იქნება რუსეთის კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელთაც გადადგამს 12 აგვისტოს სამშვიდობო გეგმის შესასრულებლად. ჩვენმა მსმენელმა იცის, რომ ეს გეგმა დაპირისპირებული მხარეებისაგან მოითხოვს კონფლიქტამდე, 6 აგვისტომდე პოზიციებზე დაბრუნებას. მსმენელბმა ისიც იცის, რომ რუსეთს ეს მოთხოვნა არ შეუსრულებია - ის კი არა, საქართველოს ორივე სეპარატისტულ რეგიონში სამხედრო ბაზებს აგებს.

და მაინც, 5 მარტს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იაპ დე ჰოოფ სხეფერმა გამოაცხადა, რომ ნატო ცვლის აგვისტოში მიღებულ გადაწყვეტილებას - ისევ განაახლებს რუსეთთან შეხვედრებს ნატო-რუსეთის საბჭოს ფორმატში... მიზეზი? [სხეფერის ხმა] “რუსეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა, გლობალური მოთამაშეა - ეს კი ნიშნავს, რომ მასთან საუბარს ალტერნატივა არა აქვს”.

მაშ ასე, 19 აგვისტოდან 5 მარტამდე ექვსნახევარმა თვემ განვლო, ვიდრე ნატო რადიკალურად შეცვლიდა რუსეთთან კონტაქტებისადმი დამოკიდებულებას. რა მომენტში მოხდა ეს შემოტრიალება? რამ განსაზღვრა ის? ამ შეკითხვით მივმართეთ ბრუსელში ჩვენი რადიოს კორესპონდენტს, აჰტო ლობიაკასს. მისი თქმით, შემოტრიალების რაიმე კონკრეტული თარიღის დასახელება, ალბათ შეუძლებელია.

[აჰტო ლობიაკასის ხმა] “ყოველთვის აშკარა იყო: სამუდამოდ ვერ გაგრძელდებოდა ისე, რომ ნატოს რაიმე სახის სამუშაო ურთიერთობა არ ჰქონოდა რუსეთთან. მაგრამ რამდენი ხნის შემდეგ აღდგებოდა გაწყვეტილი კონტაქტი - ეს, ცხადია, რამდენიმე ფაქტორმა განსაზღვრა. მათ შორის იყო ავღანეთის საკითხი, არჩევნები შეერთებულ შტატებში და პრეზიდენტ ობამას ახალი პრიორიტეტები. ყველა ამ მიზეზმა ერთად - განსაზღვრა გადაწყვეტილება რუსეთთან კონტაქტის აღდგენის შესახებ”.

იქვე აჰტო ლობიაკასს მივმართეთ, შეიძლება ითქვას, რადიკალურად ფორმულირებული შეკითხვით: იმის გამო, რომ რუსეთი გლობალური მოთამაშეა, რომ ავღანეთის საკითხის მოგვარება მის ხელშიცაა, შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ ყველაფრის გაკეთება შეუძლია? რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, თუნდაც ნატო, იძულებულია მაინც ელაპარაკოს, მაინც ითანამშრომლოს მასთან?
აჰტო ლობიაკასის თქმით, ის ასეთ შორს მიმავალ დასკვნას არ გააკეთებდა, მაგრამ ფიქრობს: [აჰტო ლობიაკასის ხმა] "რუსეთს ახლა მოქმედების თავისუფლებას აძლევენ იმის სანაცვლოდ, რომ ამერიკასაც ჰქონდეს მოქმედების თავისუფლება. ფუნქციების განაწილება ჩემთვის ასე გამოიყურება: ამერიკელების გულისყური მიმართული იქნება ახლო აღმოსავლეთის რეგიონზე ფართო გაგებით, ავღანეთის ჩათვლით (სწორედ ეს არის ის რეგიონი, რომელიც ამერიკელებს ყველაზე მეტად აინტერესებთ), ხოლო რუსეთი მოქმედების მეტ თავისუფლებას მიიღებს თავის უახლოეს სამეზობლოში. ამის მიზეზი ის არის, რომ, ჯერ ერთი, ამერიკელები მთელს დედამიწას ვერ მოიცავენ, და მეორეც, მათ რუსეთის თანამშრომლობა სჭირდებათ, მაგალითად, ირანისა და ავღანეთის საკითხებში."

აჰტო ლობიაკასს ვკითხეთ ასევე, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ეკონომიკურმა კრიზისმა და, შესაბამისად რუსეთის პოზიციის დასუსტებამ ნატოსთან მის ურთიერთობაზე.

[აჰტო ლობიაკასის ხმა] "სუსტი რუსეთიც კი ძალიან ძლიერია, თუ მის ზომასა და ძალას მეზობლებისას შევადარებთ. ვფიქრობ, რუსეთი კიდევ ბევრად უფრო მეტად უნდა დასუსტდესს საიმისოდ, რომ ამან გავლენა მოახდინოს მის პოლიტიკაზე მეზობლების მიმართ. დიახ, გლობალურ კონტექტში ის დასუსტდა, მაგრამ სამეზობლოში - არა."
XS
SM
MD
LG