Accessibility links

დაძაბულობა კორეის ნახევარკუნძულზე


კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობა მწვავდება: ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, მისი შეიარაღებული ძალები სრულ სამხედრო მზადყოფნაშია მოყვანილი,

მაშინ როცა სამხრეთ კორეის ჯარები ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად სამხედრო წვრთნებს ატარებენ. ასეთ წვრთნებს ჩრდილოეთი კორეა ყოველთვის “პროვოკაციად” აფასებს ხოლმე, მაგრამ დაძაბულობა ამჯერად განსაკუთრებით მწვავეა...

დღეიდან, დაახლოებით, ორი კვირის მანძილზე ორი კორეის განცხადებები, თუ მათი მოქმედება განსაკუთრებულ ყურაღდებას მიიპყრობს.
ჩრდილოეთი კორეა მკაცრი და ემოციური განცხადებით აკრიტიკებს ამერიკა-სამხრეთ კორეის ერთობლივ სამხედრო წვრთნებს.

[ჩრდილოეთკორეელი დიქტორის ხმა] “თუ ომის გამჩაღებლები გაბედავენ ომის აგრესიის წამოწყებას და ყურად არ იღებენ ჩვენს არაერთ გაფრთხილებას, ჩვენი რევოლუციური შეიარღებული ძალები მათ უპასუხებენ დაუნდობელი და სამართლიანი ომით ქვეყნის გასაერთიანებლად”.

ამ, მეტ-ნაკლებად ტრადიციულ მუქარას, რომელიც ჩრდილოეთკორეელმა დიქტორმა წაიკითხა და რომელიც ყოველ წელს ახლავს სამხედრო წვრთნებს სამხრეთ კორეაში, ემატება გაფრთხილება - ხელი არ შეუშალონ ჩრდილოეთ კორეის გეგმას, რომელიც ითვალისწინებს რაკეტის გაშვებას კოსმოსში, როგორც ფხენიანი ირწმუნება, კოსმოსური თანამგზავრის ორბიტაზე გასაყვანად.

[ჩრდილოეთკორეელი სამხედრო პრეს-მდივნის] “თუ ჩამოაგდებენ ჩვენს თანამგზავრს, რომელიც მშვიდობიან მიზნებს ემსახურება, ეს უდავოდ ომის ტოლფასი იქნება”, განაცხადა დღეს ჩრდილოეთ კორეის სახალხო არმიის პრეს-მდივანმა. არადა, დასავლეთში არ სჯერათ კოსმოსურ თანამგზავრთან დაკავშირებული მშვიდობიანი მიზნების. აშშ-ისა და იაპონიის ვარაუდით, ჩრდილოეთი კორეა კოსმოსურ მისიას იყენებს, სინამდვილეში, გრძელ რადიუსში მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოსაცდელად, რაც მისთვის გაეროს აქვს აკრძალული და რაც ვაშინგტონის და ტოკიოს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს. ჩრდილოეთ კორეის მმართველ კომუნისტურ რეჟიმს, როგორც ცნობილია, უკვე ჩატარებული აქვს საცდელი ატომური აფეთქება. მის ხელში გრძელ რადიუსში მოქმედი რაკეტების ჩავარდნა, მათი ბირთვული ქობინებით აღჭურვის პერსპექტივით, ბუნებრივია, რომ დიდ შეშფოთებას იწვევს კორეელი კომუნისტების იდეოლოგიურ მეტოქეებში.

[ბოსუორტის ხმა] “შეერთებული შტატების მთავარი მიზანი უცვლელი რჩება - ეს არის კორეის ნახევარკუნძულის სრული და კონტროლირებული დენუკლეარიზცია. ვერ წარმოგვიდგენია ვითარება, რომელიც რამენაირად შეცვლიდა ამ მიზანს”, განაცხადა დღეს ჩრდილოეთ კორეაში აშშ-ის საგანგებო წარგზავნილმა სტივენ ბოსუორტმა, სამხრეთ კორეის დედაქალაქში ჟურნალისტებთან საუბრისას.

ხოლო მასმედიაში გასულ კვირაში გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელი და იაპონელი ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ, თუ ჩრდილოეთმა კორეამ, მართლაც სცადა კოსმოსში რაკეტის გასროლა - სატელიტით, თუ სატელიტის გარეშე - შესაძლოა, საჭირო გახდეს მისი ჩამოგდება.

ფხენიანს არ დაუზუსტებია კოსმოსში რაკეტის გაშვების თარიღი, მაგრამ მიანიშნებს, რომ მალე აპირებს ამის გაკეთებას. ეს, შესაძლოა, მოხდეს მომდევნო 12 დღის მანძილზე, სანამ სამხრეთ კორეაში სამხედრო წვრთნები გაგრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნებში 50 ათასამდე ამერიკელი და სამხრეთკორეელი ჯარისკაცი მონაწილეობს.
XS
SM
MD
LG