Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესა


”დედლაინი, ანუ რა იყო ხვალ” – სტატიაში, რომელიც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ანალიტიკურ შეფასებას წარმოადგენს,

ნათქვამია, რომ დედლაინები სასურველია მიესადაგებოდეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საარჩევნო კანონმდებლობა, სასამართლო, ადგილობრივი თვითმმართველობა, ბიზნესგარემო და სხვა და არა რეფერენდუმებს, აქციებს, ანუ ყველაფერ იმას, რაც ხელს უწყობს პოლიტიკურ დუღილს და ნაკლებად წაადგება ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის ინტერესებს. სტატიას გაზეთ „24 საათში“ წაიკითხავთ. ამავე გაზეთში იბეჭდება ვრცელი სტატია, სათაურით „ პროდასავლური ავტორიტარიზმის“ შესახებ. სტატიის მიხედვით, საქართველოში საზოგადოებრივი ცნობიერება უკვე იმდენადაა განვითარებული, რომ ხელისუფლებაში ვეღარ მოვლენ დიქტატორები, ექსტრემისტები, კომუნისტები, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის გამორიცხული დემოკრატიული გზით ქვეყნის ხელისუფლებაში მოვიდეს ავტორიტარული რუსეთის მარიონეტული მთავრობა და ჩამოყალიბდეს „პრორუსული დემოკრატიის“ რეჟიმი – ფორმით დემოკრატიული, არსებითად ავტორიტარული.
რუსული სპეცსამსახურების მიერ საქართველოში პოლიტიკური დასაყრდენის ძიების თემას გაზეთი ”ვერსიაც” ეხმიანება. როგორც ჩანს, რუსეთის პოლიტიკური წრეები ქართულ ოპოზიციაზე „გასვლას“ ისევ ფიქრობენ, წაიკითხავთ გაზეთში, რომლის ინფორმაციითაც, 12 მარტს ვენაში ქართული ოპოზიციის გარკვეულ ნაწილსა და ინტელიგენციის წარმომადგენლებს რუსეთ–საქართველოს ურთიერთობის აღდგენის ფორმატში ეპატიჟებიან: „ 12 მარტს დაგეგმილი კონფერენციის მთავარი „ხიბლი“ ღონისძიების კურატორი გახლავთ. ბადრი მელაძე რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენია. ამბობენ, რომ იგი რუსეთის სპეცსამსახურებთან ზომაზე მეტადაა დაახლოებული. მელაძე „ფონდ პომოშჩი ნაროდოვ გრუზიის“ ხელმძღვანელია. ეს სახელი და გვარი, ალბათ, ბევრ რამეს ეტყვის ბათუმელებს, რადგან ბადრი მელაძე წარმოშობით ბათუმელი გახლავთ. მისი კარიერა მჭიდროდ უკავშირდება აჭარის ყოფილ ლიდერს, ასლან აბაშიძეს.“ გაზეთ „კვირის ქრონიკის“ თანახმად კი, ქართველ კომუნისტთა ლიდერის პანტელეიმონ გიორგაძის გარდაცვალების გამო თბილისში ინკოგნიტოდ იმყოფებოდა მისი ვაჟი, საქართველოს ხელისუფლების მიერ ტერორიზმის ბრალდებით ძებნილი იგორ გიორგაძეც. „ მთავარია, რომ თბილისში ჩამოვედი, მაგრამ დაკრძალვაზე ვერ დავრჩები, მალევე უნდა გავფრინდე...უნდა მაპატიო, ასე რომ დაგხვდი. აქ ყველაფერს ჯერ კიდევ მამაჩემის სუნი აქვს და მის ბალიშზე მიდევს ახლა თავი“, - უთქვამს ტელეფონით გაზეთ ”კვირის ქრონიკის” ჟურნალისტისთვის საქართველოს უშიშროების ყოფილ მინისტრს იგორ გიორგაძეს, რომელიც, ამავე ჟურნალისტის თანახმად, დაკრძალვის დღესაც თბილისში ყოფილა, თუმცა საჯაროდ არ გამოჩენილა.
გაზეთ „მთელი კვირის“ მთავარი თემაა გაზეთ „რეზონანსის“ მიერ ჩატარებული ინლაინ გამოკითხვის შედეგები. გამოკითხვის მიზანი იყო გაერკვია, საზოგადოების დამოკიდებულება ოპოზიციის მიერ არჩეული საპროტესტო ინიციატივებიდან - კერძოდ, აქციებიდან, რეფერენდუმიდან და სამოქალაქო კომიტეტების შექმნიდან - რომელს მიანიჭებდა უპირატესობას საზოგადოება. გაზეთი იუწყება, რომ აქციებს გამოკითხულთა უმრავლესობამ, 75 –მა პროცენტმა, დაუჭირა მხარი, 13 პროცენტი მიემხრო რეფერენდუმს, 6 პროცენტი - სამოქალაქო კომიტეტების შექმნას და 5 პროცენტი - კატეგორიას ”სხვა”, რომელშიც კონკრეტულად არ იყო მითითებული ოპოზიციის აქტივობის ფორმები.

XS
SM
MD
LG