Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს უსაფრთხოების ”სამი ვეშაპი” და რუსეთის მორიგი აგრესიის საფრთხე


საქართველოში და მის გარეთ კვლავ არ წყდება საუბარი რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი აგრესიის შესახებ.

თუმცა გასულ კვირაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ამგვარ პროგნოზებს რუსეთიდან შემოგდებული დეზინფორმაცია უწოდა. არადა, მოვლენათა ასეთ განვითარებას სულ ცოტა ხნის წინ, მაღალი ალბათობით, შესაძლებლად მიიჩნევდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც. საქართველოს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა მთავარმა სახელმწიფო მოხელემ გასულ კვირაში ტელეკომპანია ”რუსთავი 2” -ის ეთერით განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან უახლოეს მომავაში ფართომასშტაბიანი აგრესიის განხორციელება გამორიცხულია.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ქვეყნისა და ხელისუფლების სიმშვიდეს უკვე 4 წელია, რაც იცავს, თუმცა საქართველოს ხელისუფლების ყველაზე გავლენიანი მინისტრი ინტერვიუებზე იშვიათად თანხმდება. გასულ პარასკევს ვანო მერაბიშვილმა ხანგრძლივი დუმილი ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გადაცემა ”პოზიციაში” დაარღვია. შინაგან საქმეთა მინისტრი ნახევარსაათიან ტელეინტერვიუში რამდენჯერმე შეეცადა დაემშვიდებინა საზოგადოება, რომელსაც აინტერესებს, თუ რამდენად არის ქვეყანა დაცული შარშანდელი აგვისტოს მსგავსი საომარი მოქედებისაგან:

[ვანო მერაბიშვილი] ”მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ დღეისათვის და უახლოეს მომავალში სერიოზული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ არის აბსოლუტურად გამორიცხული.” (სტილი დაცულია)

ამასთანავე, მითქმა-მოთქმასა და პროგნოზებს რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი აგრესიის თაობაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გამიზნული დეზინფორმაცია უწოდა:

[ვანო მერაბიშვილი] ”მე მეჩვენება, რომ ასეთი აზრის დამკვიდრება, რომ საქართველოში აგრესია შეიძლება მალე მოხდეს, არის შემოგდებული ინფორმაცია, შემოგდებული პროვოკაცია, რაც რუსეთისაგან და სხვა ჩვენი მოწინააღმდეგისაგან არის შემოგდებული. და მთავარი მიზანი ამისა არის საზოგადოების დაშინება, მოქალაქეების დაშინება, რათა მათი განწყობა იყოს ნეგატიური. და იმ ბიზნესმენების, იმ ინვესტორების დაშინება, რომლებიც აპირებენ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას.”[სტილი დაცულია]

ღირს გავიხსენოთ, რომ რუსეთის მხრიდან აგრესიის მეორე ფაზის განხორციელებაზე ბევრს საუბრობდნენ თავად საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. საქართველოს თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ ისიც კი თქვა, რუსეთი სამხედრო აგრესიას არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინისა და ბალტიის ქვეყნების მიმართაც გეგმავსო. საქართველოში ახალ ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიის განხორციელებას არ გამორიცხავს ცნობილი რუსი სამხედრო ექსპერტი პაველ ფელჰენგაუერი, რომელიც ომის განახლებას ივნისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში ვარაუდობს:

[პაველ ფელჰენგაუერი] ” დაზუსტებით ვერ გეტყვით. შარშან ივნისში აგვისტოს ომი ვივარაუდე 90 პროცენტით, ივლისში - 99 პროცენტით. მაშინ მქონდა ზუსტი ცნობები. დღეს ასე დაზუსტებით არ შემიძლია ვილაპარაკო, მაგრამ გეტყვით, რომ ომის განახლების საშიშროება სერიოზულია. ივნისამდე ლაპარაკობენ, უბრალოდ, იმიტომ რომ აპრილის ბოლომდე ბრძოლების წარმოება ფიზიკურად და ტექნიკურად შეუძლებელია - უღელტეხილები თოვლით არის დაფარული. მაისიდან გზები იხსნება. ამიტომ ივნისიდან უკვე შეიძლება. შეიძლება ივნისში დაიწყოს, შეიძლება ივლისში. აგვისტო ბოლო ვადაა.”

პაველ ფელჰენგაუერი რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში აცხადებდა, ახალი საომარი კამპანიით რუსეთი შეეცდება იმ მიზნის მიღწევას, რასაც აგვისტოს ომით ვერ მიაღწიაო. იგულისხმებოდა სომხეთში განლაგებულ რუსეთის სამხედრო ბაზასთან უმოკლესი სახმელეთო კავშირის აღდგენა და საქართველოს ხელისუფლების შეცვლა. თუმცა პარასკევს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”- ისათვის მიცემულ ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ამტკიცებდა, რუსეთმა დრო დაკარგა და ამ მიზნების მიღწევას ვეღარ შეძლებსო:

[ვანო მერაბიშვილი] ”პირველი მიზეზი ეს არის ამერიკა-საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც სერიოზულ გარანტიებს აძლევს საქართველოს, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. მეორე ეს არის პოლიტიკური სიტუაცია რუსეთში, ის სერიოზული კრიზისი, რომელიც იქ არის, თავდაცვის სამინისტროში და სამხედროებში; ამავე დროს, მინდა გითხრათ, რომ რუსეთმა ეს დრო ხელიდან გაუშვა, რადგან ამ თვეების განმავლობაში ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა, თავდაცვის სამინისტრომ და, ნაწილობრივ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოახერხეს სტრატეგიის გადაწყობა. და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ, ამ სამი ფაქტორის გათვალისწინებით, უახლოეს ხანებში რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი აგრესია პრაქტიკულად არის გამორიცხული.” [სტილი დაცულია]


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის თავში აერთიანებს ყოფილ უშიშროების სამინისტროს, სასაზღვრო პოლიციას და უამრავ ოპერატიულ დანაყოფს; ითვლება ყველაზე მსხვილ საბიუჯეტო ორგანიზაციად და ფლობს საკმაოდ დიდ აგენტურულ ქსელს მგრძნობიარე სახელმწიფო ინფორმაციის მოსაპოვებლად. თუმცა ისიც უნდა აღინიშოს, რომ შარშან შინაგან საქმეთა სამინისტრო, აგვისტოს ომის წინ, ასევე გამორიცხავდა ცხინვალის რეგიონში რუსეთის მხრიდან ფარტომასშტაბიანი საომარი მოქმედების განხორციელებას.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG