Accessibility links

ძველი და ახალი პოლიტიკური სამკუთხედი


2003 წელს ვარდების რევოლუცია მშვიდობიანად განხორციელდა და ოპოზიციისთვის სასურველი შედეგით დასრულდა, რადგან იმ პერიოდში ერთმანეთს სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი დაემთხვა.

ამ ფაქტორების არსებობა, ზოგადად, აუცილებელია, როდესაც პოლიტიკური ოპოზიცია გეგმავს, ხელისუფლება არჩევნების გარეშე შეცვალოს.მინდა ძველი და ახალი პოლიტიკური სამკუთხედის შესახებ გესაუბროთ.

გაზაფხულზე საქართველოში საპროტესტო აქციების ახალი ტალღის დაწყება იგეგმება. პარტიები, რომლებმაც საზოგადოებას 9 აპრილს ქუჩაში გამოსვლა შესთავაზეს, პასუხისმგებლობას იღებენ, რომ აქციები არ დასრულდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ნებით არ დატოვებს პრეზიდენტის პოსტს.

იმ კითხვაზე პასუხის გასაცემად, თუ რამდენად რეალურია ან რამდენად საშიშია ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის, ხელისუფლებისა და თავად ოპოზიციისთვის 9 აპრილის ჯგუფის გეგმები, უნდა დავუბრუნდეთ სამ ფაქტორს, რომელთა თანაარსებობამ განაპირობა 2003 წლის რევოლუციის მშვიდობიანი და ყვავილოვანი ხასიათი.

პირველი, რაც ნებისმიერ საპროტესტო ტალღას სჭირდება, საზოგადოების უკმაყოფილებაა ხელისუფლების მიმართ. 2003 წელს, მართალია, პროტესტი სულ ოციოდე დღეში დასრულდა, მაგრამ მასში საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობდა – ზოგი დღედაღამ მიტინგზე იდგა, ზოგი რამდენიმე საათით შეივლიდა, რომ მოქალაქეობრივი ვალი მოეხადა, ზოგი კი პროტესტს შინიდან თანაუგრძნობდა. არის თუ არა დღეს ქართულ საზოგადოებაში იმგვარი საპროტესტო განწყობა, ის მუხტი, რომელიც ოპოზიციის გეგმების განხორციელებას სჭირდება? ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს, ისევე როგორც საპროტესტო განწყობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არც 2003 წლის ნოემბრის პირველ დღეებში არსებობდა. თუმცა მოვლენების განვითარებამ დაადასტურა, რომ ქვეყანა, მთლიანობაში, მზად აღმოჩნდა ხელისუფლების შესაცვლელად.

მეორე ფაქტორი, რომელმაც რევოლუციის წარმატება განაპირობა, იყო ლიდერი – მიხეილ სააკაშვილი. მართალია, რევოლუციას სამი პოლიტიკოსი ედგა სათავეში, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ პასუხისმგებლობის ლომის წილი სწორედ სააკაშვილს ჰქონდა ნატვირთი. ამიტომ, როდესაც ედუარდ შევარდნაძე გადადგა, კითხვაც არ დასმულა, სამი ლიდერიდან რომელი უნდა გამხდარიყო ქვეყნის პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილის მხრიდან პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე აადვილებდა ყველაზე სარისკო ნაბიჯების გადადგმასაც კი და დინამიკურობას სძენდა მთელ პროცესს.

დღეს 9 აპრილის ჯგუფს არ ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი და არც ჯგუფის შიგნით გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმია ცნობილი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ, პროტესტის გაღვივების კვალდაკვალ, ლიდერი არ გამოჩნდება. ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში არის რამდენიმე ადამიანი, რომელთაგან ერთ–ერთმა, შესაძლოა, ლიდერობა ყველაზე გადამწყვეტ მომენტში იტვირთოს. ასე რომ, მეორე ფაქტორთან დაკავშირებით დღეს არსებობს პრობლემა, რომელიც, საბოლოოდ, შესაძლებელია ოპოზიციის სასარგებლოდაც გადაწყდეს და მის საზიანოდაც.

მესამე ფაქტორი საჯარო პროტესტის საინფორმაციო უზრუნველყოფაა. ზოგადად, საინფორმაციო სივრცე თავს უყრის იმ ადამიანებს, რომლებსაც არ მოსწონთ არსებული ხელისუფლება და რომლებიც ყაბულს არიან, მონაწილეობა მიიღონ მის შეცვლაში. საზოგადოებრივი აზრის მობილიზების გარეშე წარმატებას ვერც ერთი მასობრივი საპროტესტო მოძრაობა ვერ მიაღწევს. 2003 წელს ვარდების რევოლუციას სულს უდგამდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“, რომლის მაუწყებლობა მთელ საქართველოს სწვდებოდა და რომელიც ყველა სხვა ტელევიზიაზე გაცილებით რეიტინგული იყო.

რა ხდება დღეს? თბილისის მოსახლეობას ხელი მიუწვდება ალტერნატიულ ინფორმაციაზე: როგორც ახალ ამბებზე, ასევე – ჟურნალისტურ გამოძიებებზე და, ზოგ შემთხვევაში, პოლიტიკურ დებატებზეც. თუმცა მთელი საქართველოს მასშტაბით საპროტესტო მოძრაობის მხარდამჭერი საინფორმაციო საშუალებები არ არსებობს და ვერც აპრილში იარსებებს. ასე რომ, მესამე ფაქტორი – საინფორმაციო უზრუნველყოფა - მხოლოდ ნაწილობრივი მოქმედების რეჟიმშია.

თუ შევაჯამებთ, გამოვა, რომ 2003 წლის ნოემბერში მაშინდელ ოპოზიციას გამოკვეთილი ლიდერი ჰყავდა და სრულფასოვანი საინფორმაციო უზრუნველყოფა ჰქონდა. საზოგადოების პროტესტული ნაწილიც მზად აღმოჩნდა ხელისუფლების შესაცვლელად საჭირო ღვაწლისთვის.

დღეს ოპოზიციას არ ჰყავს ლიდერი, მაგრამ ჰყავს პოტენციური ლიდერების ჯგუფი; აქვს საინფორმაციო უზრუნველყოფა, მხოლოდ – ნაწილობრივი; და არსებობს დასაბუთებული ეჭვი – მაგრამ არა ზუსტი ინფორმაცია – საზოგადოების სერიოზული საპროტესტო განწყობის შესახებ. ახლა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის ამოცანაა ისე მოიქცეს, რომ ეს შუალედური ვითარება მისთვის რაც შეიძლება ნაკლები ზიანისა და მეტი სარგებლობის მომტანი აღმოჩნდეს.
XS
SM
MD
LG