Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იძულებით გადაადგილებული პირები დევნილის სტატუსს მოითხოვენ


კოალიციამ “დევნილთა უფლებებისათვის”, რომელიც ცხინვალის რეგიონისა და შიდა ქართლის ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში იძულებით გადაადგილებულ პირთა განცხადებები შეიტანა.

კოალიციაში განმარტავენ, რომ აგვისტოს ომის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილმა მოქალაქეებმა დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით სამინისტროს ადრეც არაერთხელ მიმართეს, მაგრამ მათი ყველა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. მე შევეცადე გამერკვია, რატომ არ ჩქარობს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო დევნილებისათვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებას და რის გაკეთებას აპირებს კოალიცია ”დევნილთა უფლებებისათვის”.

2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად საკუთარი სახლებიდან გამოდევნილი ადამიანების რიცხვი 24 ათასს აღწევს, თუმცა, როგორც ზურაბ ბენდიანიშვილი, წარმომადგენელი კოალიციისა „დევნილთა უფლებებისათვის“, ამბობს, ოფიციალური ცნობით, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში საქართველოში დევნილთა რაოდენობა არ შეცვლილა. ბენდიანიშვილის თქმით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო უარს ამბობს დევნილებისთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებაზე.

[ზურაბ ბენდიანიშვილის ხმა] „ჩვენთვის სრულიად გაუგებარი იყო, რატომ ეთქვათ უარი განცხადების მიღებაზე დევნილებს, იმიტომ რომ არანაირი იურიდიული საფუძველი არ არსებოდა. სამართლიანობისათვის მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ჩვენ მინისტრ კობა სუბელიანს ამ თემაზე ვესაუბრეთ, მან გაიკვირვა და თქვა, რომ ეს არასწორია და რომ კანცელარიაში სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან იქნა გარკვეული შეცდომები დაშვებული.“(სტილი დაცულია)

თუმცა, როგორც ირკვევა, სამინისტროს თანამშრომლებმა მსგავსი შეცდომები არაერთხელ დაუშვეს. საქმე ის არის, რომ გასული წლის მიწურულს რამდენიმე დევნილმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ დახმარებით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ასევე, სტატუტის მინიჭების განცხადებით მიმართა, თუმცა, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლია მუხაშავრია ამბობს, ამ საქმიდან კარგი არაფერი გამოვიდა:

[ლია მუხაშავრიას ხმა] „პასუხს არ გვაძლევდნენ. ბოლოს მოგვწერეს, მარტიდან დავიწყებთ სტატუსის გაცემასო. მაგრამ ჩვენ ვერ დაველოდებით, ვადა არ უნდა გავუშვათ, და ამიტომ სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ და 13-ში იქნება განხილვა უკვე.“(სტილი დაცულია)

ლია მუხაშავრიას განმარტებით, კანონი “იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ“ უფლებას აძლევს ამ კატეგორიის ადამიანებს დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კობა გორგოძეც ამბობს, რომ სტატუსის მინიჭება-არ მინიჭების საკითხი რეგულირდება კანონით:

[კობა გორგოძის ხმა] „სჭირდებათ ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან იმის შესახებ, რომ მართლა არის იძულებით გადაადგილებული პირი. საჭიროა პირადობის მოწმობა და განცხადება სამინისტროს სახელზე. სტატუსის მქონეთ ვაძლევთ ყოველთვიურ დახმარებას, კერძო სექტორში ჩასახლებულებს 28 ლარს და კომპაქტურად ჩასახლებულებს კი 22 ლარს და პლუს ელექტროენერგიისა და კომუნალური გადასახადების შეღავათები.“(სტილი დაცულია)


ამასთან, კანონის შესაბამისად, სამინისტრო ვალდებულია განცხადების მიღებიდან ათი დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება პირის დევნილის სტატუსის მაძიებლად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ. მაძიებლის სტატუსის მინიჭების შემდეგ სამინისტრომ განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში უნდა მიანიჭოს ამ პირს დევნილის სტატუსი ან უარი უთხრას მას. დევნილის სტატუსის მინიჭება, ზურაბ ბენდიანიშვილის თქმით, სოციალური დაცვის გარდა, სხვა დატვირთვის მატარებელიცაა:

[ზურაბ ბენდიანიშვილის ხმა] „ამ სტატუსზე იქნება მიბმული მათი ქონებრივი საკითხები, რესტიტუციისა და უფლებრივი დაცვის საკითხები.“

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ არ აპირებენ დევნილთა უფლებების შელახვას. აი, რა განუცხადა მინისტრმა კობა სუბელიანმა რადიო ”თავისუფლებას“ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე:

[კობა სუბელიანის ხმა] „რაც შეეხება სტატუსს. ესე იგი, ჩვენ არ გვინდა, რომ ნაჩქარევად და ნაუცბათევად მივანიჭოთ სტატუსი ადამიანებს, იმიტომ რომ ზუსტი იდენტიფიცირება თუ არ მოხდა, მას სტატუსს ვერ მივანიჭებთ. ჩვენ რეგისტრაციის და იდენტიფიცირების პროცესი დავიწყეთ და ვვარაუდობთ, განსახლების დასრულებიდან ერთ თვეში დავიწყებთ სტატუსის მინიჭებას.“(სტილი დაცულია)

დევნილთა გარდა, სტატუსის მინიჭების პროცესის დაწყების მოლოდინშია კოალიცია ”დევნილთა უფლებებისათვის”, რომლის წარმომადგენლის, ზურაბ ბენდიანიშვილის, თქმით, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ უნდა იჩქაროს, რათა, ცალკეული შემთხვევების განხილვის ნაცვლად, შეძლოს დევნილთა სტატუსის მინიჭების ორგანიზებული პროცესის წარმართვა:

[ზურაბ ბენდიანიშვილის ხმა] „ეს რომ არაორგანიზებული ფორმით გაკეთდეს და ყველა დევნილმა ცალ-ცალკე მიმართოს სამინისტროს და შემდეგ ეს საქმეები წარიმართოს სასამართლოებში, ეს იქნება ძალიან მასირებული და რთული პროცესები ყველა მხარისთვის - და, მათ შორის, სახელმწიფოსთვის - და ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ სახელმწიფო გაითვალისწინებს ამას და დააჩქარებს დევნილებისათვის სტატუსის მინიჭების საკითხს და ჩვენი განცხადებებიც დაკმაყოფილდება.“ (სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG