Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ გახდება ნატოს გერენალური მდივანი?


ბოლო ხანებში გავრცელებული ინფორმაციით,

ევროპის წამყვან ქეყნებს ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე დანიის პრემიერ-მინისტრ ანდერს ფოგ რასმუსენის ხილვა სურთ. თუ რასმუსენს მართლა აირჩევენ, ის ალიანსის ისტორიაში ყველაზე მაღალი რანგის პოლიტიკოსი იქნება, ვინც ამ თანამდებობას დაიკავებს. რასმუსენის მთავარ კონკურენტად ითვლება პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ შიკორსკი. მაგრამ ზოგიერთი ევროპული ქვეყანა შიშობს, რომ შიკორსკის არჩევის შემთხვევაში საფრთხე შეექმნებოდა ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებს, რომელიც გაუმჯობესების გზაზე დგას.

დანიის პრემიერ-მინისტრი ანდერს ფოგ რასმუსენი ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობისთვის ბრძოლაში მთავარ კანდიდატად ითვლება.

ნიდერლანდის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი იაპ დე ჰოოპ სხეფერი, რომელიც ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე 2004 წლის იავნრიდან არის, მიმდინარე წლის ივლისში დატოვებს თანამდებობას.

მის მემკვიდრეს ნატოს ლიდერები ოფიციალურად გამოაცახადებენ ალიანსის მე-60 წლისთავისადმი მიძღვნილ სამიტს, რომელიც გერმანიის ქალაქ კელსა და საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში გაიმართება 3-4 აპრილს.

მიუნხენში გამომავალ "ზიუდდოიჩე ცაიტუნგს" 6 მარტს მოჰყავდა სხვადასხვა წყაროს ცნობა იმის თაობაზე, რომ გერმანია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკვე შეთანხმდნენ რასმუსენის კანდიდატურაზე.

როგორც ლონდონის უსაფრთხოების საკითხების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის ევროპის უსაფრთხოების სპეციალისტმა, ბასტიან გიგერიხმა უთხრა ჩვენს რადიოს, ჯერჯერობით სხეფერის მემკვიდრეზე ყოველგვარი საუბარი მარჩიელობად უნდა იქნეს მიჩნეული:

[გიგერიხის ხმა] "ეს საკითხი ჯერჯერობით სპეკულაციის ხასიათს ატარებს. ვფიქრობ, უნდა დაველოდოთ იმ მომენტს, როცა ერთ-ერთი ეს კანდიდატი მკაფიოდ განაცხადებს თავის გადაწყვეტილებაზე - იქნება ეს ანდერს ფოგ რასმუსენი თუ სხვები, ვისაც ახსენებენ."

საერთოდ, მაღალ თანამდებობებზე დანიშვნებს ერთობ ფრთხილად ეკიდებიან და, როგორც წესი, ამ საკითხებზე გასაიდუმლოებულ ვითარებაში მსჯელობენ ხოლმე. კანდიდატები ერიდებიან თავიანთი ვინაობის გამხელას, ვინაიდან შიშობენ, ზიანი არ მიაყენონ თავიანთ მთავრობებს, რომლებიც მათი გამარჯვებისთვის ზრუნავენ, ანდა რეპუტაცია არ გაიფუჭონ მარცხის შემთხვევაში.

როგორც წესი, საიდუმლო ვითარებაში მოქმედებენ მთავრობებიც. ერთი მხრივ იმის გამო, რომ არ დააზარალონ სხვა მთავრობები, რომელთათვისაც შესაძლოა უფრო მეტად იყოს საჭირო მათი კანდიდატის გამარჯვება. მეორე მხრივ კი იმიტომ, რომ უსაფუძვლოდ არ გამოამზეურონ თავიანთი კოზირები, რომლებიც მოგვიანებით რთული დიპლომატიური მანევრებისას შეიძლება გამოიყენონ.

ფოგ რასმუსენი 2001 წლიდან მოყოლებულია დანიის პრემიერ-მინისტრი. 2003 წელს მან ერაყში ჯარები გაგზავნა. ამჟამად კი დანიას 700 სამხედრო ჰყავს ავღანეთის ყველაზე სახიფათო ჰელმანდის პროვინციაში.

ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე არასოდეს ყოფილა მთავრობის ყოფილი მეთაური. ფოგ რასმუსენი საგრძნობლად აამაღლებდა ალიანსის ლიდერის პრესტიჟს, რაც, ბევრის აზრით, ძალზე მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ორგანიზაციის მომავლისთვის.

როგორც დანიის ყოველდღიური გაზეთი "პოლიტიკენი" იტყობინებოდა ორშაბათს, პრემიერ-მინისტრთან დაახლოებული პირის თქმით, რასმუსენს იმედი აქვს, რომ გენერალური მდივნის თანამდებობას მოიპოვებს. თუმცა საჯაროდ მას არაერთხელ უთქვამს, რომ არ აპირებს დანიის პოლიტიკური არენის დატოვებას.

მაგრამ თუკი დადასტურდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი კოორდინირებულად უჭერენ მხარს რასმუსენის კანდიდატურას, შეიძლება ითქვას, რომ მას გამარჯვება გარანტირებული ექნება.

დაუწერელი კანონის თანახმად, ნატოს გენერალურ მდივანს ალიანსის ევროპელი წევრებიდან ირჩევენ. ნატოს სამხედრო სარდალი კი ამერიკელია ხოლმე.

რაც შეეხება ალიანსის გავლენიან წევრს, შეერთებულ შატებს, მას გენერალური მდივნის არჩევასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ გამოუხატავს მკაფიო პოზიცია. სამშაბათს შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ბრიუსელში იაპ დე ჰოოპ სხეფერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა:

[ბაიდენი] "შეერთებულ შტატებს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება. ეს კონსენსუსის თემაა. საჭიროა კონსულტაციები. ვფიქრობთ, საქმე გვაქვს ძალზე ძლიერ შეჯიბრთან. ჩვენ პრინციპულად მიგვაჩნია, რომ არცერთი წევრი ქვეყანა არ უნდა გამოირიცხოს, როცა იმაზე ვსაუბრობთ, თუ საიდან შეიძლება იქნეს შერჩეული გენერალური მდივანი."

რასმუსენის მთავარ მეტოქედ მიიჩნევა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ შიკორსკი. თუმცა ალიანსის მრავალი დასავლელი წევრი მიიჩნევს, რომ შიკორსკი ზედმეტად კრიტიკულია რუსეთის მიმართ.

ჩვენი რადიო ფოგ რასმუსენისა და შიკორსკის შანსებზე ესაუბრა ლონდონის საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოს ანალიტიკოსს, დენიელ კორსკის. მისი აზრით, ნატო შეიძლება არ იყოს მზად ალიანსის ლიდერად რუსეთისადმი კრიტიკული პოლიტიკოსის შერჩევისთვის:

[კორსკის ხმა] "ჩემი აზრით, ნატო უეჭველად მზად იქნებოდა გენერალური მდივნისთვის აღმოსავლეთ ევროპიდან, რომ არა ნატოში არსებული აზრთა დიდი სხვადასხვაობა რუსეთთან ურთიერთობების საკითხში. ვფიქრობ, აღმოსავლეთ ევროპიდან ძალიან პირდაპირი ხასიათის გენერალური მდივნის შერჩევა ერთობ განსხვავებული სიგნალი იქნებოდა მოსკოვისთვის, ვიდრე ისეთი ვინმეს შერჩევა, ვისაც ამ სფეროში არ გაუკეთებია მკაფიო განცხადებები."

რუსეთ-პოლონეთის ტრადიციულად რთული ურთიერთობები განსაკუთრებით გაუარესდა ნატოში პოლონეთის შესვლის შემდეგ და ვითარება კიდევ უფრო უარესდება. მაგალითად, შიკორსკი ახლახან მოითხოვდა, რომ ნატოს რუსეთის მიმართ სიმეტრიული ზომებისთვის მიემართა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ.

შიკორსკიმ გერმანიაც განარისხა 2006 წელს, როცა რუსეთ-გერმანიის ერთობლივი პროექტი - გაზსადენი "ჩრდილოეთის ნაკადი" - მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს შეადარა.

XS
SM
MD
LG