Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს უმაღლესი მთავარსარდლის ისტორიული ვიზიტის ფარული დეტალები


საქართველოში ორი დღე იმყოფებოდა ნატოს გაერთიანებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ტრანსფორმაციის საკითხებში გენერალი ჯეიმს მატისი.

ალიანსის სამხედრო ძალების მთავარსარდალმა შეხვედრები გამართა საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და ქვეყნის პრეზიდენტთან. ამასთან, ოფიციალური ინფორმაცია ამ შეხვედრებზე განხილული საკითხების ირგვლივ ერთობ მწირია. თუმცა ექსპერტები ფიქრობენ, რომ გენერალი ჯეიმს მატისი საქართველოში არა მხოლოდ ”მინისტრის ხედვის” გასაცნობად, არამედ, გარკვეული თვალსაზრისით, შეიარაღებული ძალების ინსპექტირების მიზნითაც ჩამოვიდა.


საქართველოში ამერიკის ოთხვარსკვლავიანი გენერლები ხშირად ჩამოდიან, მაგრამ გენერალ ჯეიმს მატისის შემთხვევა მაინც გამორჩეულია. ოფიციალური ინფორმაციით, ჯეიმს მატისი არის ნატოს გაერთიანებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ტრანსფორმაციის საკითხებში და, ამავე დროს, პასუხს აგებს ამერიკის არმიის არსებული და სამომავლო ძალების განვითარებაზე. თუმცა საქართველოში ვიზიტის დროს გენერალი ჯეიმს მატისი ლაპარაკობდა, ძირითადად, საქართველო-ნატოს სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივებზეო, - განაცხადა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი მუჩაიძემ.

[გიორგი მუჩაიძე] ”ასეთი მაღალი დონის სარდლობის ხელმძღვანელის ჩამოსვლა ხაზს უსვამს იმ მნიშვნელობას, რასაც ნატო ანიჭებს ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას და, ასევე, ჩვენ ვართ ძალიან ინტენსიურ რეჟიმში და ვამუშავებთ საბოლოო ვერსიას ყოველწლიური ეროვნული პროგრამისა, რომელიც, იმედი გვაქვს, რომ უკვე თვის ბოლოს შემუშავდება და შემდეგ გადაეცემა ნატოს და შეთანხმდება.” [სტილი დაცულია]

ყოველწლიური ეროვნული პროგრამა იმ ვალდებულებათა ერთობლიობა იქნება, რომლებიც საქართველომ წლის განმავლობაში ალიანსის მაღალი სტანდარტების მისაღწევად უნდა შეასრულოს პოლიტიკის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროებში. თბილისშიც და ბრიუსელშიც არაეთხელ თქმულა, რომ საქართველო მნიშვნელოვან დახმარებას მიიღებს ალიანსისაგან, რათა კრიზისის პირობებში ვალდებულებები ქაღალდზე არ დარჩეს, ხოლო ნატოში გაწევრიანება ძალიან შორეული იდეა არ აღმოჩნდეს. უსაფრთხოების ექსპერტ თორნიკე შარაშენიძის თქმით, ნატოს გაერთიანებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ვიზიტზე დიდად იქნება დამოკიდებული საქართველოს უსაფრთხოების სექტორისათვის შემდგომი დახმარების ბედი:

[ თორნიკე შარაშენიძე] ”ამაზე იქნებოდა საუბარი და მხარდაჭერა იმ მხრივ, რომ არავითარ შემთხვევაში არ ამოვარდნილა დღის წესრიგიდან ჩვენი გაწევრიანება. საუბარი იქნებოდა იმაზე, თუ მოკლევადიან პერსპექტივაში როგორ უნდა გადავლახოთ ეს კრიზისი, რომელიც ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების სფეროში. და იქნებოდა სერიოზული მხარდაჭერა და გარკვეული კონკრეტული მინიშნება კონკრეტულ ქმედებებზე.”(სტილი დაცულია)

თორნიკე შარაშენიძე არ ცდება. ტრანსფორმაციის საკითხებში ნატოს გაერთიანებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის გენერალ ჯეიმს მატისის შეხვედრების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განხილული იქნა თანამშრომლობის რამდენიმე კონკრეტული პროგრამის განხორციელების საკითხი. მათ შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გურამ მუჩაიძემ რადიო ”თავისუფლებას” უფრო დეტალური ინფორმაცია მიაწოდა:

[გურამ მუჩაიძე] ”ეს არის ჩვენი საჩხერის სამთო მომზადების ცენტრის ტრანსფორმაცია ნატოს, ანუ პფპის, საწვრთნელ ცენტრად. ეს შედის სწორედ მათ პასუხისმგებლობასა და კომპეტენციაში და ამ საკითხის ფორსირება მიმდინარეობს. და მეორე კონკრეტული საკითხი არის ე.წ. მიღებული გაკვეთილების გაანალიზება და მათ შესაბამისად ცვლილებების შეტანა როგორც წვრთნის, ასევე სწავლების კუთხით შეიარაღებულ ძალებში.”(სტილი დაცულია)

გიორგი მუჩაიძის თქმით, აქ საუბარია აგვისტოს ომის დროს მიღებულ გამოცდილებაზე, რაც საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის ხედვას. აგვისტოში მიღებული გამოცდილების კვალობაზე ხდება სამხედრო ძალების მშენებლობის ოპერატიული და სტრატეგიული გეგმების კორექტირება, კავშირგაბმულობის, მართვისა და ლოგისტიკის დახვეწა. თუმცა ამ კუთხით არის სირთულეც და არის აზრთა სხვადასხვაობაც, რასაც მოწმობს დაუსრულებელი საკადრო ცვლილებები და ჰორიზონტალური გადაადგილებები შეიარაღებულ ძალებში, რასაც ხელისუფლება საკადრო ოპტიმიზაციას უწოდებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG