Accessibility links

logo-print

ოპოზიცია მოსამართლეების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს


ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის მტკიცებით,


საქართველოში მოქმედი მართლმსაჯულების სისტემა ვერ უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მაღალ ხარისხს. ომბუდსმენის ერთ-ერთი უკანასკნელი ანგარიშის მიხედვით, მოქალაქეთა განცხადებების საფუძველზე შესწავლილი სისხლის სამართლის საქმეები ცხადყოფს, რომ განსასჯელთა უფლებები ირღვევა როგორც გამოძიების ეტაპზე, ასევე საერთო სასამართლოების მიერ საქმეთა განხილვისას. სახალხო დამცველის მიერ გამოთქმულ ამ კრიტიკას იზიარებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომელთა ერთი ნაწილი მოსამართლეთა დისციპლინური დევნის გამკაცრებასა და არაკეთილსინდისიერი მოსამართლეების საჯარო მხილებას მოითხოვს.

მოსამართლეთა შრომის ანაზღაურებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიუხედავად, საქართველოში კვლავ დიდია მართლმსაჯულების სისტემით უკმაყოფილო ადამიანთა რიცხვი.

[ადვოკატის ხმა] „სასამართლოს განაჩენი გასაჩივრდება აუცილებლად სააპელაციო სასამართლოში. გადაწყვეტილება უკანონოა და დაუსაბუთებელი სასამართლოს პოზიცია, ვინაიდან ბრალდების მხარეს საერთოდ არ გააჩნდა მტკიცებულება...“

ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა ეს განცხადება ერთ-ერთი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთა, თუმცა უნდა ითქვას, რომ, გასაჩივრების გარდა, ადვოკატები და განსასჯელთა ოჯახის წევრები იუსტიციის უმაღლეს საბჭოსაც მიმართავენ. ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლის განმავლობაში საბჭოში საჩივარი ათასზე მეტმა მოქალაქემ შეიტანა. გაირკვა, რომ მოსამართლეები დისციპლინურ პასუხისგებაში 35 საქმეზე მიეცნენ - ამასთან, მხოლოდ სამი მოსამართლე იქნა გათავისუფლებული თანამდებობიდან. არადა, იუსტიციის საბჭოსა და პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციის, „ქრისტიან-დემოკრატების“, წევრი ნიკა ლალიაშვილი მიიჩნევს, რომ არაკეთილსინდისერ მოსამართლეთა რიცხვი გაცილებით მეტია:

[ნიკა ლალიაშვილის ხმა] „ჩემთან შემოდის ძალიან ბევრი წერილი. ეს არის სრულიად განადგურებული, სასოწარკვეთილი ადამიანების საჩივრები, რომლებიც პირადად ან მათი ახლობლები შეეჯახნენ ამ დაუნდობელ ურჩხულს, რომლის სახელია საქართველოს სასამართლო, და მათ საკუთარ თავზე იწვნიეს არაკეთლისინდისიერი მსაჯულების უკანონობა, რომლებიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე არღვევენ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციას, არღვევენ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს და, რაც ყველაზე საშიშია, არღვევენ საქართველოს კანონმდებლობას.“(სტილი დაცულია)

ნიკა ლალიაშვილს მაგალითად მოაქვს მეორე ჯგუფის ინვალიდის გიორგი გოგიტიძის საქმე:

[ნიკა ლალიაშვილის ხმა] „დოკუმენტაციის ანალიზმა ცხადყო, რომ სასამართლომ განაჩენი გამოიტანა ძალიან საეჭვო, ძალიან წინააღმდეგობრივი ჩვენებების საფუძველზე. უფრო მეტიც, ნათელი გახდა, რომ, გამოძიებისთვის საჭირო ალიბის შექმნის მიზნით, ადგილი ჰქონდა მთელი რიგი დოკუმენტაციის გაყალბებას. თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაყენებული იქნა შუამდგომლობა მოწმეების დაკითხვის თაობაზე იმისათვის, რომ გარკვეულიყო წინააღმდეგობები და შეუსაბამობები, მაგრამ მოსამართლემ მანანა ჩოხელმა ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.“(სტილი დაცულია)

გოგიტიძის საქმე ასევე საფუძვლიანად შეისწავლა სახალხო დამცველის ოფისმაც. სოზარ სუბარმა ორიოდე კვირის წინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს წერილიც კი გაუგზავნა. ომბუდსმენის თქმით, განსასჯელს ექვსი წლით პატიმრობა მიესაჯა მხოლოდ დაზარალებულის წინააღმდეგობებით სავსე ჩვენებების საფუძველზე. გარდა ამისა, სუბარი მიიჩნევს, რომ, შუამდგომლობაზე უარის თქმით, მოსამართლემ დაარღვია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მეთვრამეტე მუხლი, რომლის თანახმადაც, საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, ობიექტური და სრული. თუმცა მოსამართლეების ამგვარი ქცევა არ უკვირთ ადვოკატთა პროფკავშირში, რომლის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი, ამბობს:

[ზაზა ხატიაშვილის ხმა] „სისხლის სამართლის სფეროში მომუშავე ყველა მოსამართლე უნდა გასამართლდეს სამაგალითოდ და ამ ადამიანების ფოტოები უნდა გამოქვეყნდეს გაზეთებში და უნდა იცოდნენ მათმა ნათესავებმა, რა დიდ სიბინძურეს აკეთებენ ისინი. ამ მოსამართლეებს უნდა გაუფორმდეთ საპროცესო შეთანხმება და გადაიხადონ მასში მთელი ის მაღალი ხელფასი, რაც დანიშვნის დღიდან აიღეს.“

უღირსი მოსამართლეების დასჯის მომხრეა იუსტიციის საბჭოს წევრი ნიკა ლალიაშვილიც, თუმცა, მისი თქმით, მოქმედი ხელისუფლების პირობებში ამის ალბათობა ძალიან მცირეა:

[ნიკა ლალიაშვილის ხმა] „დღეს ჩვენ ისღა დაგვრჩენია მხოლოდ, რომ საჯარო მხილებით არაკეთილსინდისიერ მოსამართლეებს ოდნავი დისკომფორტი მაინც შევუქმნათ.“

ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ უღირს მოსამართლეებს დისკომფორტზე მეტ პრობლემებს მოქმედი კანონები უქმნის. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილისა და იუსტიციის საბჭოს წევრის მურთაზ ზოდელავას თქმით, დისციპლინური გადაცდომის გამო მოსამართლეების პასუხისმგებლობის საკითხს, კონფიდენციალურობის დაცვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო წყვეტს. თუმცა სხვაგვარადაა საქმე, როცა ადგილი აქვს ანგარებით დანაშაულს:

[მურთაზ ზოდელავას ხმა] „თუ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მოსამართლემ აიღო ქრთამი ან სხვა ანგარებითი მოტივით მიიღო არასწორი გადაწყვეტილება, დაჩაგრა მხარე, ამ შემთხვევაში ხდება ჩვეულებრივ სამართალდამცავი ორგანოების ჩარევა, რეაგირება და აღნიშნული ფაქტის გამოძიება. თუ ამ გამოძიების დროს დადასტურდა ეს ფაქტი, დგება ჩვეულებრივი განაჩენი, შესაბამისი სანქციით.“
XS
SM
MD
LG