Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ცენტრალური აზიისა და კავკასიის ეკონომიკის შეფასება


საერთაშორისო სავალუტო ფონდმა არასახარბიელო ეკონომიკური პროგნოზი გამოაქვეყნა, რომელიც ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებზე გლობალური ეკონომიკური კრიზისის გავლენას შეეხება.

ამ რეგიონების ეკონომიკის ძირითად პრობლემათა შორისაა: ფასების ვარდნა ენერგომატარებლებზე, ფულადი გადარიცხვების შემცირება რუსეთიდან და, ასევე, უცხოური ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებული პრობლემები.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური პრობლემები კიდევ ერთხელ მოიშველია იმის საჩვენებლად, რომ საქართველოს ეკონომიკაში გაცილებით სტაბილური ვითარებაა.

თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი არ აცალკევებს საქართველოსა და კავკასიის თუ ცენტრალური აზიის ეკონომიკურ მდგომარეობას.

ცენტრალური აზიისა და კავკასიის შესახებ ფონდის უკანასკნელი მოხსენება ცხადყოფს, რომ ამ რეგიონების ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 2 პროცენტამდე დაეცა.

ამის მიზეზი გლობალური ეკონომიკური ვარდნაა, რომელსაც ახლახან სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა ”დიდი ვარდნა” უწოდა.

ფონდში ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალურ აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ დევიდ ოუენმა განაცხადა, რომ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ვითარება ბოლო 1 თვის მანძილზე რადიკალურად შეიცვალა:

[დევიდ ოუენი]
”ბოლო დრომდე ამ რეგიონში მოზღვავებული იყო ბუნებრივი ნედლეულის ექსპორტი, ინვესტიციები და ფულადი გადარიცხვები. ამან ბოლო წლებში გამოიწვია საგრძნობი ეკონომიკური ზრდა და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის შთამბეჭდავი მატება. რეგიონში ნავთობის ექსპორტიორმა ქვეყნებმა მნიშვნელოვანი რეზერვების შექმნა შეძლეს, ხოლო ქვეყნებმა, რომლებსაც შემოსავლების დაბალი დონე ჰქონდათ, დიდი ეკონომიკების ზრდით ისარგებლეს.”

გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა რეგიონს დიდი დარტყმა მიაყენა და ეკონომიკური ვითარება მკვეთრად გაუარესდა სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში. ეს ქვეყნები, მეტწილად, დამოკიდებულნი არიან რუსეთზე, როგორც მთავარ სავაჭრო პარტნიორზე. აქვე აღვნიშნავ, რომ, რუსეთის მიერ ქართული პროდუქციის აკრძალვის გამო, ეს საქართველოს შედარებით ნაკლებად შეეხება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ამ ქვეყნებს აფრთხილებს, რომ მათი ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო შემცირდება, თუ რუსეთში ვითარება გაუარესდა.

ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნების წარმომადგენელთა აზრით, რომლებიც ამ კვირაში ბიშკეკში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის კონფერენციაზე, შეიკრიბნენ, რეგიონში ეკონომიკური კრიზისი ოთხმა ძირითადმა ფაქტორმა განაპირობა. ესენია: უცხოური ინვესტიციების მოპოვებასთან დაკავშირებული სირთულეები, ნავთობსა და სხვა ბუნებრივ რესურსებზე ფასების ვარდნა, ფულადი გადარიცხვების კლება და, ასევე, სავაჭრო ნაკადების შემცირება.

დევიდ ოუენის განცხადებით, კონფერენციამ მოამზადა სამი საკვანძო პოლიტიკური ნაბიჯი, რომლებიც ამ ქვეყნებს ეკონომიკური კრიზისის შედეგების შემსუბუქებაში დაეხმარება:

[დევიდ ოუენი]
”პირველ რიგში, ქვეყნებმა უნდა მოახდინონ ფისკალური სტიმულირება. ჩვენ ფოკუსირებული უნდა ვიყოთ მოსახლეობის ღარიბი ფენების დაცვასა და ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერაზე. ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებში შეიძლება გაიზარდოს ბუმის დროს დაგროვილი სავალუტო აქტივების ხარჯვა. სხვა ქვეყნებში კი, კონფერენციის მონაწილეთა აზრით, უნდა გაიზარდოს დონორების მხარდაჭერა იმისთვის, რომ არ გაღრმავდეს სიღარიბე მთელ რეგიონში.”


მისი განცხადებით, ამის გარდა, რეგიონის ქვეყნებმა უნდა შექმნან სარეზერვო ფონდები, რომლებიც მათ კრიზისულ ვითარებაში ლიკვიდურობის გასაზრდელად გამოადგებათ.

კიდევ ერთი რეკომენდაციაა, მოახდინონ ეროვნული ვალუტების კურსის კორექტირება, რაც საქართველოში ამ ბოლო დროს უკვე განხორციელდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აზრით, ეს ნაბიჯები შეამსუბუქებს ცენტრალური აზიისა და კავკასიის სახელმწიფოებზე გლობალური ეკონომიკური კრიზისის გავლენას.
XS
SM
MD
LG