Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”გრიგოლიას ირაკლი ოქრუაშვილის პირდაპირ ეთერში ჩართვა აუკრძალეს” – ”რეზონანსი” შეეცადა


”გრიგოლიას ირაკლი ოქრუაშვილის პირდაპირ ეთერში ჩართვა აუკრძალეს” – ”რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, თუ რა ედო საფუძვლად

საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ ”საზოგადოებრივი მაუწყებელი საერთაშორისო სტანდარტების დარღვევად მიიჩნევს” მსჯავრდებული პირების ეთერში გამოყვანას და გაკრიტიკებულია ოპოზიციონერ ეკა ბესელიას გამოსვლა გადაცემაში ”პოლიტიკური კვირა”. ”რეზონანსი” დაინტერესდა იმითაც, როგორია ამ განცხადების მიმართ ”პოლიტიკური კვირის” წამყვანის დამოკიდებულება. ”მე ეს განცხადება არ დამიწერია, ეს არაა ჩემი განცხადება. ნებისმიერ პოლიტიკოსს აქვს უფლება გამოთქვას ვარაუდი, რომ ვიღაცას ეთერს უბლოკავენ და მე არასოდეს ამას ზეწოლად არ აღვიქვამ”, - ამბობს ინგა გრიგოლია და იქვე დასძენს, რომ ემიჯნება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას. მაუწყებლის გენერალური დირექტორი ”რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ”არანაირი შეთანხმება მასთან [ორქუაშვილთან - ნ.გ.] არ ყოფილა” და რომ სანამ ოქრუაშვილს ძებნილის სტატუსი აქვს, მას ეთერი არ დაეთმობა. ”იმიტომ, რომ ანალოგიურად სხვა ძებნილსაც შეიძლება გაუჩნდეს ამის სურვილი”, - ასე ხსნის მაუწყებლის პოზიციას ყუბანეიშვილი. ინგა გრიგოლიას პოზიციას კი ასეთ კომენტარს უკეთებს: ”ყველა ადამიანს აქვს უფლება თავისი აზრი ჰქონდეს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.”

ამავე საკითხზე ეკა ბესელიას ესაუბრა ”ახალი თაობის” კორესპონდენტი. ბესელია აცხადებს: ”მე ვადანაშაულებ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ ის ხელისუფლების დიქტატით მოქმედებს. ეს განცხადება სწორედ არის ამ ზეწოლის შედეგი. მთელმა საზოგადოებამ მოისმინა პირდაპირ ეთერში, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ოქრუაშვილთან. უფრო მეტსაც გეტყვით, ჩართვასთან დაკავშირებით თანხმობა იყო მიცემული. შეთანხმება ბოლო მომენტში შეიცვალა”, - ამბობს ბესელია და იხსენებს წარსულში იგორ გიორგაძის ვიდეო-ჩართვებსაც ქართულ ტელეარხებზე.

დღეს რამდენიმე გაზეთში ქვეყნდება ინტერვიუ რუსეთში საქართველოს ყოფილ ელჩ ეროსი კიწმარიშვილთან. საუბრის ნაწილი რამდენიმე დღის წინ მისი ცემის ფაქტს უკავშირდება. ”24 საათში” გამოქვეყნებულ ვრცელ ინტერვიუში კი ბევრ სხვა საკითხზეც გაეცნობით კიწმარიშვილის მოსაზრებებს. ჟურნალისტი ოპოზიციის დამოკიდებულებაზე ეუბნება რესპონდენტს: ”შთაბეჭდილება რჩება, რომ თქვენთან ურთიერთობას, თქვენს მიღებას ყველა ერიდება”. კიწმარიშვილი უპასუხებს: ”ჩემი პოზიცია განსხვავებულია იმისგან, რასაც ყველა ეს ჯგუფი ქადაგებს. მთავარი განსხვავება მიდგომაშია. მიმაჩნია, რომ სააკაშვილმა ბოლომდე უნდა მიიტანოს საკონსტიტუციო ვადა, ოღონდ იმ პირობებში, როცა ვართმევთ ყველაფერს, რაც უკანონოდ აქვს მითვისებული - მედია, სასამართლო, საზოგადოებრივი ინსტიტუტები - ის, რაც პრეზიდენტს არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ ეკუთვნის არც კონსტიტუციურად და არც სამართლებრივად”, - ამბობს კიწმარიშვილი და მოგვიანებით იმავე ინტერვიუში დასძენს: ”დიდი რესურსი აქვს სააკაშვილს იმისთვის, რომ მონახოს რაციონალური გამოსავალი, მათ შორის, ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი გამოსავალი და არა გამოსავალი კონკრეტულად სააკაშვილისა და მისი გარემოცვისთვის. ასევე დიდი რესურსი აქვს იმისთვის, რომ თავი დაიღუპოს”, - ეროსი კიწმარიშვილთან ინტერვიუს ”24 საათი” აქვეყნებს.

”ახალ თაობაში” წაიკითხავთ ინტერვიუს ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერ ირაკლი ალასანიასთან: ”სახელისუფლებო რესურსი ”ნაციონალური მოძრაობის” პარტიული ინტერესებისთვის არის გამოყენებული”, - ამბობს ის, - ”ამიტომ ყველა ინფორმაცია, რომელიც გვექნება სახელმწიფო სტრუქტურების უკანონობაზე, საჯაროდ იქნება გამოცხადებული. პრაქტიკულად, განვახორციელებთ საზოგადოებრივ კონტროლს, რომ ხელისუფლების ორგანოები არ იყვნენ ჩართული ვიწროპარტიული ინტერესების დაკმაყოფილებაში, რომ მხოლოდ კანონს ემორჩილებოდეს”, - აცხადებს ალასანია და მომავალში პროცესების კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ შესაძლო გასვლაზე, პირველ რიგში, ხელისუფლებას აკისრებს პასუხისმგებლობას.

სამომავლო პროცესების განჭვრეტას ცდილობს ”ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი, გუბაზ სანიკიძე: ”აქ იქნება ნერვების ბრძოლა, ვისაც ნერვები უმტყუნებს, წააგებს. როცა აქციებს დავიწყებთ, აღარ უნდა დასრულდეს, სანამ სააკაშვილი არ წავა. არსებობს იმის შანსიც, რომ ოპოზიცია აღმოჩნდეს დამარცხებული, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არაორგანიზებული იქნება და იმ შეცდომებს არ გაითვალისწინებს, რაც შარშან დაუშვა. სააკაშვილთან არანაირი თანამშრომლობა არ შეიძლება, უნდა ვიყოთ ორგანიზებულები, ჩვენი კონცენტრაცია მარტო თბილისში არ უნდა მოხდეს და სააკაშვილი უნდა დავარწმუნოთ, რომ უკან დამხევები არ ვართ”, - აცხადებს გუბაზ სანიკიძე, რომელსაც ”ვერსიის” კორესპონდენტი ესაუბრა.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG