Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკული სამხედრო ბაზები საქართველოში - ხელისუფლების პოლიტტექნოლოგია თუ რეალური პერსპექტივა?


საქართველოს ხელისუფლება ხშირად იმეორებს, რომ მზად არის განიხილოს ამერიკის სამხედრო ბაზების განთავსების საკითხი.

უკანასკნელად ეს მზადყოფნა 11 მარტს იაპონიაში მყოფმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა იაპონურ გაზეთთან ინტერვიუში. თუმცა გრიგოლ ვაშაძემ ისიც დასძინა, რომ ვაშინგტონთან ამ საკითხზე კონსულტაციები არ წარმოებს. რა სამხედრო პროექტებზე წარმოებს მოლაპარაკებები ვაშინგტონთან და რა დოზით მიიჩნევს დaსაშვებად საქართველოს კანონმდებლობა უცხო ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფების ყოფნას საკუთარ ტერიტორიაზე?

სამი კვირის შემდეგ საქართველოში ამერიკელ ინსტრუქტორთა მცირე ჯგუფი ჩამოვა, რომელიც საქართველოს სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლებს მოამზადებს. სწავლება აუდიტორიაში ჩატარდება და, საველე პოლიგონის ნაცვლად, გამოყენებული იქნება კომპიუტერული პლანშეტი და პროექტორი. დაზვერვის სასწავლო კურსით, შეიძლება ითქვას, იწყება განახლება ქართულ-ამერიკული სამხედრო თანამშრომლობისა, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ დროებით შეწყდა. ამერიკის მხრიდან სამხედრო მშენებლობაში დახმარებას ითვალისწინებს იანვრის დასაწყისში ხელმოწერილი ქარტია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. თუმცა მომავალი ორმხრივი პროგრამების ბედი დამოკიდებული იქნება იმ შეფასებაზე, რასაც ამერიკელი სპეციალისტები საქართველოს ხელისუფლების თხოვნით ახორციელებენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი მუჩაიძის ინფორმაციით, ამერიკის სარდლობის შესაბამის წარმომადგენლებს საქართველოში უახლოეს მომავალში ელოდებიან:

[გიორგი მუჩაიძე]”ჩვენ ამერიკელებისგან მოვითხოვეთ ექსპერტული დახმარება. თვის განმავლობაში განათლების ექსპერტებთან ერთად ჩამოვა ექსპერტი ცენტრიდან, რომელსაც ეწოდება ”მიღებული გაკვეთილების ანალიზის” ცენტრი. ეს ექსპერტი ასევე შეისწავლის არსებულ სიტუაციას და შემდგომი გაუმჯობესებისათვის მოგვცემს რეკომენდაციებს და გაგვიწევს შესაბამის დახმარებას.” (სტილი დაცულია)

თუმცა მანამდე უკვე ჩატარდა კიდევ ერთი შეფასება.
შეიარაღებული ძალების მდგომარეობის ანალიზი ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩაატარეს ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის წარმომადგენლებმა. შეიარაღებული ძალების შეფასება კლასიფიცირებული დოკუმენტი უნდა ყოფილიყო, თუმცა ინფორმაციამ მაინც გამოჟონა. "ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საქართველო ომში ჩაება, არის ქაოსი მათ მმართველობასა და კონტროლში”, - ნათქვამი იყო სტატიაში, რომელიც გასული წლის 19 დეკემბერს გაზეთ ”ნიუ-იორკ ტაიმსში” გამოქვეყნდა.
გაზეთის თანახმად, ასეთი სავალალო მდგომარეობა შედეგია არასწორი საკადრო პოლიტიკისა, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში წლების განმავლობაში ხორციელდება. ანგარიშის თანახმად, ”საქართველოს ზედმეტად ცენტრალიზებულ შეიარაღებულ ძალებს ახასიათებს იმპულსური გადაწყვეტილებების მიღება. მას ხელმძღვანელობენ მოხელეები, რომლებიც დანიშნულნი არიან პირადი ნაცნობობით და არა მათი კვალიფიკაციის მიხედვით.”
საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ გაკვეთილებიდან დასკვნები გაკეთებულია, არმიის მართვა იხვეწება, ხდება გეგმების კორექტირება და საბრძოლო მომზადების აუდიტი, რასაც, საქართველოს პრეზიდენტის თქმით, იგი პირადად ხელმძღვანელობს:

[მიხეილ სააკაშვილი] ”მე ამ ბოლო დღეებში ჩავატარე ტესტები, დაკავშირებული საბრძოლო და ფიზიკურ მომზადებასთან, და ჩავთვალე, რომ კიდევ ახალი პროგრამები უნდა დაისახოს იმისათვის, რომ ახალ დონეზე გავიყვანოთ ჩვენი ჯარი.”(სტილი დაცულია)

აგვისტოში მიღებული გაკვეთილების კვალობაზე განხორციელებული ცვლილებებია იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ რუსეთის მხრიდან აგრესიის განმეორების საფრთხე საქართველოს ხელისუფლებას თითქმის ამოწურულად მიაჩნია. საქართველოსთვის უსაფრთხოების კიდევ უფრო მყარი გარანტი კი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატებია:

[ვანო მერაბიშვილი] ”პირველი მიზეზი ეს არის ამერიკა-საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც სერიოზულ გარანტიებს აძლევს საქართველოს, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას.”(სტილი დაცულია)

საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყნის უსაფრთხოება კიდევ უფრო გაიზრდება, თუკი საქართველოში ბინას დაიდებს შეერთებული შტატების სამხედრო ბაზა. ამიტომაც იყო, რომ თბილისი უმალვე გამოეხმაურა ყირგიზეთში ამერიკის სამხედრო ბაზის დახურვას და განაცხადა, რომ მზად არის განიხილოს საკითხი ამერიკის სამხედრო ბაზის განთავსების თაობაზე. თუმცა ერთია საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა და მეორეა ის, სურს თუ არა სამხედრო ბაზის განლაგება ამერიკას იმ ქვეყანაში, რომელიც ჯერ კიდევ რუსეთის აგრესიის ქვეშ იმყოფება. აღსანიშნავია, რომ რუსეთთან ომის დროს აგვისტოში საქართველოდან ევაკუირებულ იქნა ამერიკელ სპეციალისტთა ის მცირერიცხოვანი სამხედრო ჯგუფიც კი, რომელიც კრწანისის პოლიგონზე ქართველ ინსტრუქტორებს წვრთნდა.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG