Accessibility links

შეერთებულ შტატებში ემიგრაცია ცენტრალური აზიიდან და საქართველოდან


მთელი რიგი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან, განსაკუთრებით ცენტრალური აზიიდან, ათასობით ადამიანი მიემგზავრება რუსეთში სამუშაოს საძებნელად. ბევრად უფრო ნაკლებად არის შესწავლილი

მუშახელის არალეგალური ემიგრაცია შეერთებულ შტატებში. ყირგიზული წარმოშობის მეცნიერს, სალტანათ ლიბერტს ეკუთვნის ამ სფეროში ერთ-ერთი პირველი გამოკვლევა. ნაშრომი მიზნად ისახავს იმის გარკვევას, თუ ვინ არიან ეს ემიგრანტები, რა მეთოდებს გამოიყენებენ შეერთებულ შტატებში მოსახვედრად და რა წინააღდეგობების დაძლევა უხდებათ მათ სამშობლოდან ათასობით კილომეტრზე.

ნიუ იორკში, ერთი ციცქნა ბნელ ბინაში, ძირითადად რუსებით დასახლებულ რაიონში, სამი ყირგიზი ქალი იყოფს ერთ ოთახს.

ყოველმა მათგანმა მრავალი ათასი კილომეტრი ჩამოიტოვა, სანამ აქ ჩამოვიდოდა. მათი მთავარი მიზანია ფულის შოვნა. ცოტას თვითონ ხარჯავენ, დანარჩენს კი შინ აგზავნიან.

ეს ქალები ნაწილია იმ 50-მდე არალეგალური იმიგრანტისა ყირგიზეთიდან, ყაზახეთიდან, ტაჯიკეთიდან, უზბეკეთიდან და საქართველოდან, რომელთა მდგომარეობას უკანასკნელი სამი წლის მანძილზე სწავლობდა რიჩმონდის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი სალტანათ ლიბერტი.

[ლიბერტის ხმა] "იმიგრანტების საკმაოდ დიდ და მზარდ ჯგუფს შეადგენენ ისინი, რომლებიც შეერთებულ შტატებში უკანონო არხებით ჩამოვიდნენ. ანუ ისინი ან ტურისტული ვიზით ჩამოდიან და მერე რჩებიან, ან სხვა არხებით მოდიან. ამასთან, ეს ისე დაფარულად ხდება, რომ მათ შესახებ არავითარი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს და თვით მათი ქვეყნების საელჩოებმაც კი არ იციან, მათი რამდენი მოქალაქე ჩადის შეერთებულ შტატებში არალეგალურად."

მართალია, მწირი ინფორმაცია მოიპოვება იმიგრანტების რაოდენობაზე, მაგრამ ლიბერტის გამოკვლევა იმის სურათს იძლევა, თუ ვინ არიან ისინი და როგორ მოახერხეს შეერთებულ შტატებში მოხვედრა.

ლიბერტის მიერ შესწავლილი მუშახელის სამოცდათხუთმეტ პროცენტს დამთავრებული აქვს უმაღლესი სასწავლებელი. ზოგი მათგანი ექიმი ან პროფესორი იყო საკუთარ ქვეყანაში.

ლიბერტის თქმით, ეს ადამიანები ბევრად უფრო არიან განათლებული, ვიდრე ისინი, ვინც რუსეთში ცდილობს სამსახურის პოვნას. ამავე დროს მათ ბევრად უკეთესი განათლება აქვთ, ვიდრე შეერთებულ შტატებში მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან ჩასულ იმიგრანტებს.

სამსახურის მაძიებლები ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ძირითადად ამერიკის დიდ ქალაქებს ეტანებიან. მათი უმრავლესობა 30-დან 50 წლამდე ასაკისაა. ბევრი მათგანი საშუალო ფენიდანაა.

ყოველივე ეს, ლიბერტის თანახმად, მათ საშუალებას აძლევს უკეთესად იყვნენ ინფორმირებული შეერთებულ შტატებში ემიგრაციის შესახებ და, ამასთან, მათ საჭირო თანხის გადახდაც შეუძლიათ.

მართალია, შეერთებულ შტატებში მოგზაურობა შეიძლება ბევრად უფრო რთული იყოს, ვიდრე რუსეთში გამგზავრება, მაგრამ, შესაბამისად, ბევრად უფრო მაღალია მოგებაც, ბევრად ნაკლებია ქსენოფობიისა და რასისტული თავდასხმების რისკიც.

ლიბერტის გამოკვლევის მიხედვით, იმიგრანტების სამოცდაათი პროცენტი ამერიკაში ტურისტული ვიზით ჩადის. საამისოდ ისინი ფულს უხდიან შუამავალს, რომელიც შემდეგ ფულს უხდის შეერთებული შტატების მოქალაქეს, რომელიც პოტენციურ იმიგრანტს მოწვევას უგზავნის. ამერიკაში ჩასვლის შემდეგ ეს ადამიანები არალეგალური შრომის ბაზარზე ქრებიან, ძირითადად ნიუ იორკში.

მაგრამ 11 სექტემბრის შემდეგ ტურისტული ვიზების მოპოვება ერთობ გართულდა. ლიბერტის თქმით, იმიგრანტებმა სხვა საშუალებების ათვისება დაიწყეს:

[ლიბერტის ხმა] "იმიგრანტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე უფრო სანდო მეთოდია ამერიკაში სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში ჩასვლა. ისინი ხელისუფლების კორუმპირებულ წარმომადგენლებს ქრთამს უხდიან დელეგაციაში შესაყვანად. მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ ამერიკაში მიემგზავრება ამა თუ იმ ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს დელეგაცია. ერთი ან ორი ადამიანი პასუხისმგებელია ჯგუფის შედგენისთვის და ისინი ამას საკმაოდ დიდი ფულის გასაკეთებლად იყენებენ. იმიგრანტები იტყობინებიან, რომ ისინი 7-დან 10 ათას დოლარამდე იხდიდნენ დელეგაციაში შეყვანისთვის. გარდა ამისა საკუთარი ავიაბილეთის ფულსაც თვითონ იხდიდნენ. შეერთებული შტატების საკონსულოს თანამშრომებისთვის ძალზე ძნელია მივლინებაში მიმავალი ხელისუფლების ნამდვილი წარმომადგენელების გამორჩევა იმათგან, ვისაც ასეთად მოაქვს თავი."

ლიბერტის თქმით, ყირგიზეთში საქველმოქმედო ორგანიზაცია "მეერიმი", რომელსაც ყოფილი პირველი ლედი, მაირამ აყაევა ედგა სათავეში, განსაკუთრებით წარმატებული იყო შეერთებულ შტატებში იმიგრატების შეყვანაში. იმიგრანტები ორგანიზაციის წევრებად იყვნენ გაფორმებული და ასე მიემგზავრებოდნენ უცხოეთში.

მაგრამ ოფიციალური დელეგაციების რიცხვი მაინც საკმაოდ დაბალია. ლიბერტის თანახმად, არსებობს უფრო ფართოდ გავრცელებული, მაგრამ უფრო სახიფათო გზაც:

[ლიბერტის ხმა] "ყველაზე პირდაპირი მეთოდია მექსიკიდან კონტრაბანდის გზით შესვლა. აღმოვაჩინე, რომ ქართულ საიმიგრაციო შუამავლებს კარგი კავშირები აქვთ დამყარებული მექსიკელ კონტრაბანდისტებთან და ისინი პოტენციურ იმიგრანტებს მექსიკის ტურისტული ვიზების მიღებაში ეხმარებიან. ამის შემდეგ იმიგრანტებს მექსიკელი კონტრაბანდისტები ხვდებიან მეხიკოში და შემდეგ ისინი კონტრაბანდულად გადაჰყავთ საზღვარზე არიზონაში. ეს შეიძლება 12 საათს გაგრძელდეს, მაგრამ შეიძლება ოთხ დღესაც გასტანოს. მათ არა აქვთ საჭმელი, როგორც წესი უთავდებათ წყალი და, სავარაუდოა, მსხვერპლიც არის ხოლმე. ერთმა ქალმა მითხრა, მეგონა მოვკვდებოდიო. ის თითქმის ვერ მოძრაობდა და მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ მის ჯგუფში მყოფმა სხვა ქართველმა ხელში აიყვანა და რამდენიმე საათის განმავლობაში ასე ატარა."

მიუხედავად ხიფათისა, დიდია ცდუნება, გადაიხადო დაახლოებით 9 ათასი დოლარი და მოხვდე შეერთებულ შტატებში, რაც ბევრად უფრო იაფია, ვიდრე ტურისტული ვიზის არალეგალურად მოპოვება.

მართალია, ამ ადამიანებს კარგი განათლება აქვს მიღებული, მაგრამ არალეგალური სტატუსისა და ენის ცუდი ცოდნის გამო ამერიკაში დაბალხელფასიანი საქმის კეთება უწევთ. ისინი შრომის საშუამავლო სააგენტოებს დაახლოებით სამი კვირის ხელფასს უხდიან და შემდეგ დამსაქმებლის ნამუსის იმედად არიან.

მიუხედავად დაბალი ხელფასებისა, ისინი მაინც ახერხებენ 50-დან 80 პროცენტამდე გადანახვას და შინ გაგზავნას.

საინტერესოა, რომ ნაღდი ფულის შედინების ეს გზა ახარებთ არა მხოლოდ იმიგრანტების ნათესავებს, არამედ სახელმწიფოსაც.

ლიბერტის გამოკვლევა კიდევ ერთ ტენდენციას ნათელყოფს. ამერიკაში სამუშაოდ წასულები შინ დაბრუნებას სულ უფრო ხშირად ამჯობინებენ უცხოეთში დარჩენას.

მათი მშობლიური ქვეყნებისთვის კი ეს, როგორც წესი, ყველაზე განათლებული და ამბიციური მოქალაქეების დაკარგვას ნიშნავს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG