Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ შეიწყალეს გირგვლიანის მკვლელობის გამო გასამართლებული პოლიციელები


ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ „ახალმა მემარჯვენეებმა“ 12 მარტს გაავრცელა ცნობა იმის თაობაზე, რომ 2008 წლის 24 ნოემბერს

საქართველოს პრეზიდენტმა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამო გასამართლებულ პოლიციელებს დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრა. „გაერთიანებული ქართული ბანკის“ 28 წლის თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამო სასჯელს პოლიციის ოთხი ოფიცერი იხდის, თუმცა გარდაცვლილის ოჯახის წევრები და საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავარი დამნაშავეები დაუსჯელნი დარჩნენ. რატომ შეიწყალეს გირგვლიანის მკვლელობის გამო გასამართლებული პოლიციელები?

[ისმის ჩხუბის ხმა]

ასეთი ხმაურით მიმდინარეობდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელების ხანგრძლივი სასამართლო პროცესი, რომელიც 2006 წლის 9 ივლისს დასრულდა. მოსამართლე გიორგი ჩემიამ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის პირველი სამმართველოს ყოფილ უფროსს გია ალანიას 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო ამავე სამსახურის ყოფილ ოფიცრებს - ავთანდილ აფციაურს, ალექსანდრე ღაჭავასა და მიხეილ ბიბილურიძეს - 7-7 წლით პატიმრობა, თუმცა განაჩენით უკმაყოფილო დარჩა მოკლულის დედა, ირინა ენუქიძე, რომელმაც გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე რადიო ”თავისუფლებისათვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მკვლელობის ორგანიზატორები დაუსჯელნი დარჩნენ:

[ირინა ენუქიძის ხმა] „არც ერთი ქვეყანა არ მეგულება, ამდენი იბრძოლოს დედამ სიმართლის დასამტკიცებლად. გახსნილია რამდენი ხანია ეს საქმე. მეხუთე, მეექვსე დღეს უკვე გახსნილი იყო. დამნაშავეები, ის ოთხი კაკალი რომ მომიგდეს... რა, ამათ ჰგონიათ, ამ ოთხით დამთავრდა ეს ამბავი?“(სტილი დაცულია)

თუმცა, ირინა ენუქიძისა და მისი ადვოკატების ძალისხმევის მიუხედავად, ამ ოთხი პოლიციელის გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალი თანამდებობის პირების დასჯა ვერ მოხერხდა. ამასთან დაკავშირებით ფიქრია ჩიხრაძე, ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი, ამბობს:

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] „დასჯილ ადამიანთა შორის არ აღმოჩნდა ოლეგ მელნიკოვი, რომელიც, ყველანაირი მონაცემებით, უნდა ყოფილიყო დასჯილთა შორის. მელნიკოვი გახლდათ მაკავშირებელი რგოლი „შარდენის” სკანდალური სუფრის წევრებსა და ამ მძიმე დანაშაულს შორის. მელნიკოვის საქმიდან გაქრობით დანაშაული ააცილეს შსს მაღალჩინოსნებს - ახალაიას, სანოძეს, დონაძეს - და შს მინისტრის მეუღლეს თაკო სალაყაიას.“

ფიქრია ჩიხრაძე იმასაც ამტკიცებს, რომ სასჯელის ბოლომდე მოხდა არ მოუწევთ გირგვლიანის მკვლელობის, უფრო ზუსტად კი, ადამიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ადამიანის სიცოცხლის მოსპობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გამო გასამართლებულ პოლიციელებს.

[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] „2008 წლის 24 ნოემბრის შეწყალების თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა გირგვლიანის მკვლელებს გაუნახევრა მსჯავრი და, ჩვენ თუ კარგად დავითვლით, შეიძლება დღე-დღეზე თავისუფლებაზე გამოსულები ვიხილოთ.“

შეწყალების ფაქტს ადასტურებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამსახური, რომელმაც „ახალი მემარჯვენეების“ ოფიციალურ მოთხოვნას შემდეგი შინაარსის წერილით უპასუხა:

„2009 წლის 17 თებერვლის 7/53 წერილის პასუხად, რომელიც ეხებოდა სანდრო გირგვლიანის ბრალდების საქმეზე გასამართლებულ პირთა სასჯელის მოხდის პირობებს, გაცნობებთ, რომ ზემოხსენებული მსჯავრდებულები სასჯელს იხდიან ავჭალის მე-10 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, არსებული სარეჟიმო პირობების დაცვით, და, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 ნოემბრის შეწყალების განკარგულებით, დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდათ.“

თანაც, ირკვევა, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამო გასამართლებული პოლიციელები პრეზიდენტმა რეკომენდაციის გარეშე, ანუ კომისიის გვერდის ავლით, შეიწყალა. შეწყალების კომისიის წევრი, დეპუტატი გია ცაგარეიშვილი გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს:

[გია ცაგარეიშვილის ხმა] „კი ბატონო, მიხეილ სააკაშვილს, როგორც ამ ქვეყნის მმართველს, კონსტიტუციით აქვს უფლება მიიღოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი შეწყალების შესახებ, მაგრამ ეს არის უმსგავსობა, ეს არის საგანგაშო მოვლენა და ეს კიდევ ერთელ ცხადყოფს, თუ ვისთან გვაქვს საქმე და რა ხელისუფლება მართავს დღეს ქვეყანას.“(სტილი დაცულია)

თუმცა, იურისტების განმარტებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. იურისტი ლია მუხაშავრია, ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“, განმარტავს:

[ლია მუხაშავრიას ხმა] „გასაჩივრების მექანიზმი არ არსებობს. სუვერენიტეტის ქვეშ პრეზიდენტის აბსოლუტური უფლებაა. პრეზიდენტმა შეიწყალა ადამიანები, რომლებიც მას უნდა დაესაჯა უმკაცრესად, და მისი პიროვნული კონსტიტუციური მოვალეობაა და საზოგადოებას ამითი უთხრა, რომ ეს არის მისი მხრიდან შეწყალების ბოროტად გამოყენება.“(სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG