Accessibility links

logo-print

სამოქალაქო საზოგადოების დაკვეთა ოპოზიციას - ეროვნული თანხმობის დეკლარაციას ხელი დღეს მოეწერა


საზოგადოების დარბაზმა, ქართულმა აკადემიამ და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ ეროვნული თანხმობის დეკლარაციაზე ხელის მოსაწერად

მთელი ოპოზიციური სპექტრი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მიიწვიეს. დეკლარაციის წარდგენის ადგილად მათ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი შეარჩიეს, სადაც თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია მივიდა. საზოგადოება ოპოზიციისგან ურთიერთშეთანხმებულ ქმედებას და მშვიდობიანი გზით ხელისუფლების შეცვლას მოითხოვს.


ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზო 12 მარტს იმ ადამიანებით გაივსო, ვინც საზოგადოების დარბაზის, ქართული აკადემიისა და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის მიერ წარმოდგენილი ეროვნული თანხმობის დეკლარაციას ეთანხმება. დეკლარაციაში წერია:

”საქართველო დღეისათვის სახელმწიფოებრივი კატასტროფის წინაშე დგას. სრულიად უპასუხისმგებლო, არასერიოზულმა, საერთაშორისო კონტექსტს ჩამორჩენილმა, დანაშაულებრივმა რეჟიმმა ყველაფერი მოახერხა იმისთვის, რომ ჩვენი სამშობლო ამ გამოუვალ, უპერსპექტივო მდგომარეობაში ჩაეგდო...
ამ აგრესიული, უვიცი და დანაშაულებრივი რეჟიმის მშვიდობიანი შეცვლისთვის ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრისგან ვითხოვთ საზოგადოებასთან ერთად ურთიერთშეთანხმებულ, კოოორდინირებულ ქმედებას და ეროვნული თანხმობის მიღწევას, რაც აუცილებელი პირობაა დასახული მიზნის მისაღწევად”. ამ ფრაზებიდან ნათლად ჩანს საზოგადოების დაკვეთა ოპოზიციური ძალების მიმართ. შეკრებაზე მივიდა ოპოზიციის თითქმის ყველა ფრთის წარმომადგენელი, რომელთაც საზოგადოების დარბაზის ხელმძღვანელმა დავით მაღრაძემ უთხრა:


[დავით მაღრაძე] ” ჩვენი ამოცანა იყო, რომ ერთი დიდი მაგიდა გამოგვეჩარხა, სადაც სხვადასხვა აზრები მოიყრიდა თავს და ერთმანეთს გავუზიარებდით ამ აზრებს - ხვალინდელი დღის პროგრამას, პროექტს თუ ასე შემდეგ.” (სტილი დაცულია)

მთავარი მიზანი, რის გამოც დავით მაღრაძე საზოგადოებას და ოპოზიციას ამ მაგიდის გარშემო დასხდომას სთავაზობს, ასეთია:

[დავით მაღრაძე] ”ჩვენი ზეამოცანა არის სამართლიანობის აღდგენა საქართველოში მშვიდობიანი გზით. და პოლიტიკური სპექტრიც, ოპოზიციური, მოვიწვიეთ აქ, შევადგინეთ ეროვნული თანხმობის დეკლარაცია, რომელსაც გვინდა, რომ დაეთანხმონ, შეუერთდნენ საზოგადოებასთან თანამშრომლობას, რომ შემდეგ გაადვილდეს მათთან ურთიერთობა ყველა იმ საკითხზე, რომელიც იქნება განსჯის საგანი.” (სტილი დაცულია)

ქართული აკადემიის წევრი, პროფესორი თემურ ნანეიშვილი, რომელიც ეროვნული თანხმობის დეკლარაციის ერთ-ერთი ინიციატორიცაა, იმ მოთხოვნებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც საზოგადოებას დიდი ხანია გაუჩნდა:

[თემურ ნანეიშვილი] ”ასე უნდა იყოს, ნელ-ნელა გაცოცხლდეს საზოგადოება და მიიღოს მონაწილეობა ყველა იმ პროცესში, რომელიც ახლა მიმდინარეობს.საუბარია იმაზე, რომ კოორდინირებულად მოქმედება დაიწყოს. ერთმანეთის გინებით კი არა, ერთმანეთთან შეთანხმებით. ხოლო საზოგადოების ცალკეული წევრები უნდა გახადონ ამ პროცესის თანამონაწილეებად. ამას ითხოვს თავად საზოგადოება.” (სტილი დაცულია)


თავისუფალი აზრის სახლის დამფუძნებლისა და კავკასიის საკითხებში ექსპერტის მამუკა არეშიძის შეფასებით, რაც მეტი საკითხის გარშემო შეძლებს საზოგადოება გაერთიანებას და გააქტიურებას, მით უკეთესი ქვეყნისთვის. მსგავს დეკლარაციებზე ხელის მოწერის მიზანი კი, მისი სიტყვებით, ისაა, რომ ხელისუფლებამ საზოგადოების ძალა დაინახოს. დაინახოს და მოუსმინოს ამ ძალას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას განაჩენს სწორედ ეს საზოგადოება გამოუტანს:

[მამუკა არეშიძე] ” ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების ზომიერი ნაწილი, რომელსაც მე ამ წუთში წარმოვადგენ, ყოველთვის ვფიქრობდით, რომ ხელისუფლებამ ჩვენი ნათქვამი, ქართული საზოგადოების ნააზრევი, უნდა გაიზიაროს. თუ არ გაიზიარებს, მოუსმინოს მაინც ყურადღებით. მეორე ნაწილის პოზიციაა, რომ ხელისუფლება უნდა წავიდეს აუცილებლად, რადგან მას არ ესმის. ჩვენ იძულებულები ვართ, რომ ამ კონსტრუქციულობიდან რადიკალურ ფრთას მივემხროთ იმის გამო, რომ არავის უნდა ჩვენი მოსმენა. მე მართლა ვფიქრობ, რომ თუ ეს მოთხოვნა, საზოგადოებისგან - მოგვისმინეთ და ჩვენი აზრი გაითვალისწინეთ - არ იქნა გათვალისწინებული, მართლაც აღარ უნდა მოიცვალოს ფეხი არავინ რუსთაველის გამზირიდან 9 აპრილს.”

შეკრებაზე, გარდა სამოქალაქო საზოგადოებისა, თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერები და წევრებიც მივიდნენ. რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა რადიო ”თავისუფლების” კითხვაზე, თუ რას მოიტანს მსგავსი ერთობა თუნდაც ერთი კონკრეტული დეკლარაციის გარშემო, ასე გვიპასუხა:

[დავით უსუფაშვილი ”საქართველოს სჭირდება ეროვნული თანხმობა და ეროვნული თანხმობა სჭირდება არა მოკლევადიანი, ორკვირიანი ან ორთვიანი, არამედ ზოგადად სამოქალაქო თანხმობა სჭირდება ქვეყანას. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველა საკითხზე ერთ ჭკუაზე ვიქნებით ან ყველა აქციასა თუ ღონისძიებაზე ყველას ერთად გვნახავთ, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიება ყველა პოლიტიკური ძალისა ერთმანეთთან მაქსიმალურად იქნება შეთანხმებული და კოორდინირებული. მიხეილ სააკაშვილი ძალიან მალე დაინახავს, რომ მას ხელიდან გამოეცალა არა მხოლოდ სახელისუფლებო ბერკეტები, რადგან ხალხი მას მხარს აღარ უჭერს, არამედ სახელისუფლებო სისტემაც. და ამის დემონსტრირებას ჩვენ ერთობლივი ძალებით მოვახერხებთ.”


მან ასევე განაცხადა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართული არ არის, იძლევა დაკვეთას, რაც ოპოზიციის ანგარიშვალდებულებას ზრდის. მათთვის მიცემული სიტყვა უნდა შესრულდეს, ამბობს უსუფაშვილი.

ოპოზიციური სპექტრის კიდევ ერთი ლიდერის ლევან გაჩეჩილაძისთვის ეროვნული თანხმობის მიღწევა მთავარი მუხტია აპრილის აქციების წინ:

[ლევან გაჩეჩილაძე] ”ეროვნულ თანხმობას მოაქვს კიდევ უფრო მეტი ძალა იმისთვის, რომ აპრილის აქციები ჩატარდეს ძლიერად, ორგანიზებულად და საზოგადოება არ დავაბნიოთ მთავარი მიზნის მისაღწევად. ეს არის პირველი რიგის პრიორიტეტი - ოპოზიციის დიდი შეთანხმება, დიდი ეროვნული თანხმობა საზოგადოებასთან ერთად.”

ეროვნული თანხმობის მემორანდუმი მთავრდება სიტყვებით: ”ჩვენი ბრძოლა სამართლიანია და ამ ბრძოლაში გამარჯვებული საქართველო იქნება”. ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში შეკრებილი საზოგადოების წარმომადგენლები დღეს აცხადებენ, რომ ამ ბრძოლამ ოფიციალური სტარტი დღეს აიღო.

XS
SM
MD
LG