Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას მოიტანს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი პროგრამა?


12 თებერვალს, პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ჯანმრთელობის დაცვის სფეროს.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელი არ მიუწვდება საზოგადოების დიდ ნაწილის, რის გამოც ჯანმრთელობის დაზღვევის მოქმედი სისტემა ფუნდამენტურ გადახალისებას საჭიროებს. პრეზიდენტის ინიციატივის თანახმად, სულ მალე ამოქმედდება ჯანმრთელობის დაზღვევის ხელმისაწვდომი პროგრამა, რომლის მიხედვითაც, მოქალაქის მიერ შეძენილი სადაზღვევო პოლისის ღირებულების თითქმის სამ მეოთხედს სახელმწიფო დაფარავს. რას შეცვლის პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ჯანმრთელობის დაზღვევის ახალი პროგრამა?

საქართველოში სამედიცინო მომსახურების ხარჯებს სახელმწიფო დაახლოებით მილიონ ორასი ათასამდე ადამიანს უნაზღაურებს. სადაზღვევო ვაუჩერები უსასყილოდ დაურიგდათ პედაგოგებს, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, პენსიონერთა ნაწილს, თუმცა ყველაზე ადრე ვაუჩერები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფმა მოქალაქეებმა მიიღეს და ამაში მათ ჯანრმთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს მიერ გავრცელებული სარეკლამო რგოლებიც დაეხმარა:

[ისმის ხმა] „სადაზღვევო ვაუჩერით თქვენ მიიღებთ სამედიცინო მომსახურებას უფასოდ. თქვენთვის უფასოა გადაუდებელი და სტაციონარული მომსახურება, ქირურგიული ოპერაცია...“

თუმცა ქირურგიული ოპერაციები და სხვა სახის სამედიცინო მომსახურება მხოლოდ საზოგადოების ერთი ნაწილისთვისაა უფასო. პროგრამის მიღმა დარჩენილ მოქალაქეებს კი, როგორც პარლამენტის წევრი და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე შენიშნავს, უკანასკნელი თეთრების გაღება უწევთ:

[გიორგი თარგამაძის ხმა] „ჩვენ საშუალო ფენა ჩავაგდეთ უმძიმეს მდგომარეობაში თუნდაც იმის გამო, რომ მას დღეს აღარ აქვს საშუალება და ფუფუნება, რომ ას ლარზე მეტი გაიღოს ყოველთვიურად სადაზღვევო პაკეტში... ამის გამო, ფაქტობრივად, უმწეო მდგომარეობაში იმყოფება და გარკვეულწილად უმწეო უფრო პრივილეგირებულ მდგომარეობაშია.“ (სტილი დაცულია)

უმწეო მდგომარეობაში სიღარიბის დაძლევის პროგრამის მიღმა დარჩენილი ადამიანებიც რომ იმყოფებიან, ამას რადიო ”თავისუფლების” რესპონდენტებიც ადასტურებენ. ქალბატონ ნათელას ორივე ფეხზე ძვირად ღირებული ოპერაცია ესაჭიროება.

[ქალბატონ ნათელას ხმა] „ვის მიმართოს ადამიანმა, მოკვდეს? არადა, საიდან უნდა მოვიტანო ეს ფული და როგორ გავიკეთო ოპერაცია. რა დანაზოგიდან უნდა მოვაგროვო 16 ათასი ლარი, თუნდაც 8 ათასი ლარი...“

საქმე ისაა, რომ საქართველოში მოქმედი სისტემა არ იძლევა საშუალებას ჯანმრთელობის დაზღვევით ისარგებლოს იმ ასობით ათასმა მოქალაქემ, რომელიც, ქალბატონ ნათელას მსგავსად, არც ძალიან ღარიბია და არც ძალიან მდიდარი. შესაბამისად, მათი დიდი ნაწილისთვის მიუწვდომელია ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება, თუმცა პრეზიდენტ სააკაშვილს იმედი აქვს, რომ, მისი ახალი ინიციატივის წყალობით, ვითარება მკვეთრად შეიცვლება:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ყველა მოქალაქე, ვინც შეიძენს ხუთლარიან სადაზღვევო პაკეტს, ამ ხუთი ლარიდან 3 ლარსა და 35 თეთრს გადაიხდის სახელმწიფო, ხოლო ამ ფულით, ანუ წელიწადში 20 ლარზე ნაკლები თანხით, მას შეეძლება უფასოდ მიიღოს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, გაიაროს სამედიცინო გამოკვლევები და გაიკეთოს 5 ათას ლარამდე ღირებულების გადაუდებელი ოპერაცია.“

უნდა ითქვას, რომ, დეპუტატებისგან განსხვავებით, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ეკონომიკის ექსპერტთა ერთი ნაწილი ტაშით არ შეხვედრია. გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება საკუთარი კომპეტენციის საზღვრებს სცდება, ნიკო ორველაშვილს კი არ სჯერა, რომ იაფად ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღებაა შესაძლებელი:

[გია ხუხაშვილის ხმა] „არ ვთვლი, რომ უმაღლესი ხელისუფლების საქმეა ილაპარაკოს დაზღვევის ფასებზე. ეს არის სადაზღვევო კომპანიების კომპეტენცია.“

[ნიკო ორველაშვილის ხმა] „სადაზღვევო კომპანია არის ჩვეულებრივი ბიზნესორგანიზაცია, აგებული დაზღვევის პრინციპებზე, რომელიც გულისხმობს იმას, რომ რა თანხაც შედის, იმ თანხით მოახერხოს მომსახურების ანაზღაურებაც და სადაზღვევო პრემიებიც დარჩეს, მაგრამ ხუთი ლარი შეიტანო და ხუთასი გამოიტანო, ეგეთი არ არსებობს. თუ არადა, ის კომპანია გაკოტრდება ისევე, როგორც მშენებლობის ბიზნესი გამოიხრა.“

თავად სადაზღვევო კომპანიების მესვეურები ჯერჯერობით პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით განმარტებებს არ აკეთებენ. ჯანმრთელობის დაზღვევის მედიცინის სამსახურის უფროსი არჩილ ცერცვაძეც ამბობს, რომ ვიდრე პრეზიდენტის ინიციატივა ოფიციალური დოკუმენტის სახეს არ მიიღებს, ძნელია რაიმე კომენტარის გაკეთება. შესაბამისად, არჩილ ცერცვაძე არც იმ პროგნოზსს იზიარებს, რომლის თანახმადაც სადაზღვევო კომპანიებს გაკოტრების საფრთხე ემუქრებათ:

[არჩილ ცერცვაძის ხმა] „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მუშაობს სიღარიბის პროგრამა და პედაგოგების დაზღვევა, არა მგონია გაკოტრების საფრთხე იყოს. მე ვფიქრობ, რომ იმ თანხის საფასურად, რაც სადაზღვევო კომპანიებში შევა და რა პაკეტსაც შესთავაზებენ, ეს დაძლევადი იქნება კომპანიების მხრიდან. იქ იქნება საუბარი ადეკვატურ მომსახურებაზე. იმ თანხის საფასურად, რასაც გადაიხდის სახელმწიფო, კომპანია, ადეკვატურ მომსახურებას გასწევს.“ (სტილი დაცულია)
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG