Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 775-ე გამოშვება

რა ბედი ეწევა "ენგურჰესს", რომელსაც ბევრი აფხაზებისა და ქართველების თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითად მიიჩნევს?

დავით კაკაბაძე:
ამ რამდენიმე კვირის წინათ საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილი გააკვირვა ცნობამ, რომ ენერგეტიკის სამინისტრომ ხელი მოაწერა მემორანდუმს რუსეთის სახელმწიფო კომპანია "ინტერ რაოსთან" – "ენგურჰესის" ერთობლივი მართვის თაობაზე. მას შემდეგ ამ საკითხის გარშემო მსჯელობა და კამათი არ შეწყვეტილა. თუმცა, დოკუმენტის ზუსტი შინაარსი დღემდე უცნობი რჩება. საქართველოს მთავრობის განცხადებით, საქართველოსა და "ინტერ რაოს" შორის შეთანხმება მხოლოდ მაშინ შევა ძალაში, როცა მხარეები ხელს მოაწერენ იურიდიულად სავალდებულო კონტრაქტს. როგორ ვითარდებოდა მოვლენები მოლაპარაკების დაწყებიდან დღემდე? რატომ იქცა ეს მოლაპარაკება საყოველთაო პროტესტის საგნად და შეიცავს თუ არა საფრთხეს საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფო კომპანიას შორის ხელშეკრულების გაფორმება? ყოველივე ამის გარკვევას მარინა ვაშაყმაძე შეეცადა.

მარინა ვაშაყმაძე:
"ზემო სვანეთის დათვალიერება ენგურჰესის კაშხლის შთამბეჭდავი ხედებით დაიწყო”... ამ სიტყვებით იწყებოდა ერთ-ერთი სამოგზაურო ინტერნეტჩანაწერი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინათ. რადიოთი ხედებს ვერ გიჩვენებთ, მაგრამ ენგურის ხმა შეგვიძლია მოგასმენინოთ.

(ენგურის ხმა)

ეს ენგურია, მდინარის ხმა, რა თქმა უნდა, და არა ენგურის კაშხლის ღრიალი, რომლის უკვე გაგონებაც კი ენერგიით გავსებს.

მას შემდეგ, რაც საქართველოში კონტროლირებადი ტერიტორიის გაგება გაჩნდა, ენგურჰესიც ორ ნაწილად გაიყო. კაშხალი კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა, მისი სამართავი პულტი კი - პირობითი საზღვრის გადაღმა.

ამის მიუხედავად, ენგურჰესი მუშაობდა. ..
ეკონომიკის ექსპერტის გია ხუხაშვილის თქმით: "ობიექტი წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა და ეს მთლიანად საქართველოს ენერგოსისტემაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა: ქართული გენერაციის დაახლოებით 30 – 40 პროცენტი, მინიმუმ, ამ ჰესის ზურგზე გადადიოდა. ბუნებრივია, რომ ეს აფხაზებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს იყო აფხაზებსა და ქართველებს შორის თანამშრომლობის პრაქტიკულად ერთადერთი შემთხვევა. და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი."
დღევანდელი გადასახედიდან, განსაკუთრებით ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ თანამშრომლობაში სერიოზული სირთულეები არ იყო. გია ხუხაშვილი ამბობს : ”რაღაც სირთულეები შეიძლება იყო, მაგრამ დიდი სირთულე, რომ ეს რაღაც პრობლემაში გადაზრდილიყო, არ ყოფილა, იმიტომ რომ ორივე მხარეს ესმოდა, რომ იყო ერთობლივი ინტერესი, ორივე დაინტერესებული იყო, რომ ობიექტს ემუშავა ნორმალურად. პროპორციაც იყო დადგენილი. ”
სხვათა შორის, აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ რადიო ”თავისუფლებას“ უთხრა: „მოქმედებს შეთანხმება, რომელსაც თხუთმეტი წლის წინ მივაღწიეთ. ამ შეთანხმების თანახმად, საქართველო გამომუშავებული ენერგიის სამოც პროცენტს მოიხმარს, აფხაზეთი კი - ორმოცს. ამ შეთანხმებასთან ჩვენ პრეტენზია არ გვაქვს. პრინციპში, ეს არის ერთადერთი პროექტი, რომელმაც წლების განმავლობაში წარმატებით იმუშავა.“
მაგრამ სიტუაცია მოულოდნელად შეიცვალა. შექმნილ ვითარებას გია ხუხაშვილი ასე აღიდგენს: : ,,ყველაფერი, როგორც მე მახსოვს, დაიწყო იმით, რომ ის პროპორცია, რაც ადრე იყო, 40 60-ზე, მათთვის ამოჩნდა მიუღებელი. თუმცა ამის შემდეგ აფხაზური მხარე არ აქტიურობდა და რაღაც პერიოდის შემდეგ ”რაოს” საიტიდან გახდა ცნობილი, რომ ხელმოწერილია მემორანდუმი, რომლის მიხედვითაც, მართვის უფლებით ეს ობიექტი გადაეცემა ”ინტერ რაოს”. ანუ ”რაო ეესის” შვილობილ კომპანიას, რომელიც, თავის მხრივ, არის კრემლის შვილობილი სახელმწიფო კომპანია. ”
მოკლედ, გასული წლის დეკემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ და რუსეთის სახელმწიფო კომპანიამ ”ინტერ რაო ” ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ენგურის ჰიდროელექტროსადგურის ერთობლივი მართვის თაობაზე.
ეს თამაშის წესების შეცვლას ნიშნავდა. ხოლო იმას, თუ რატომ გახდა თამაშის წესები შესაცვლელი, საქართველოს ხელისუფლება უკვე მას შემდეგ განმარტავდა, რაც მემორანდუმის ხელმოწერის ფაქტი გახმაურდა.
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის განცხადებით, მიზეზი ის იყო, რომ აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზური მხარის მიდგომა შეიცვალა. მისი თქმით, „სეპარატისტებს გაუჩნდათ უფრო მეტი მოლოდინი, რომ აღნიშნული სადგური არის მათ საკუთრებაში და, შესაბამისად, ისინი უკვე ანგარიშგასაწევი ძალა გახდნენ. შესაბამისად, ამ სიტუაციაში რაღაც ექსცესს რომ ჰქონოდა ადგილი, ჩვენ მოგვიწევდა კაშხლიდან წყლის მიწოდების ჩაკეტვა და, შესაბამისად, სისტემას მოაკლდებოდა ენგურზე გამომუშავებული ენერგია, რაც მთლიანი გამომუშავების 40-45 პროცენტია.“ (სტილი დაცულია)
აგვისტოს ომის შედეგების გავლენა ამ პრობლემაზე სხვაგვარად ესმით ოპოზიციის წარმომადგენლებს. მემორანდუმის გაფორმებას მათი უმძაფრესი რეაქცია მოჰყვა:
,,ამ ნაბიჯის გადადგმა და განხორციელება სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ სააკაშვილი დაადგა ხარკის გადახდის გზას”, - განაცხადა მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ.
”ხარკის გადახდა” საუბარში გია ხუხაშვილმაც ახსენა: ,,აგვისტოს მოვლენებმა, ბუნებრივია, ამ ობიექტთან დაკავშირებით გააჩინა ახალი ამბიციები, ახალი რისკები და, სამწუხაროდ, ენგურჰესი, როგორც ჩანს, არის ხარკის გადახდის ერთ-ერთი ფორმა. ”
- რა ხარკის გადახდის? - ჩავეკითხეთ გია ხუხაშვილს.
”ხარკის... ანუ წაგებული მხარე მოგებულ მხარეს ყოველთვის უხდის გარკვეულ ხარკს. მე ვფიქრობ, რომ ენგურჰესი არის ამ კონტრიბუციის ნაწილი. ვიმედოვნებ, რომ ეს არ გაგრძელდება, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ სხვა ობიექტებსაც შეეხება ეს ყველაფერი”, - გვიპასუხა მან.
ამ ამბავს მაშინვე მოჰყვა გამოხმაურება აფხაზეთის მხრიდან. ”აფსნიპრესი” იუწყებოდა, რომ სერგეი ბაღაფში აღაშფოთა მემორანდუმმა ენგურის ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ არც ერთ შეთანხმებას ან გარიგებას, რომელსაც მათ ზურგს უკან მოეწერება ხელი, არ ექნება ძალა.
ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური ამბობს, რომ საქართველოს მაინც არ გააჩნია ბერკეტები ენგურის ჰიდროელექტროსადგურის სრულად გასაკონტროლებლად და რუსულ კომპანია ”ინტერ რაო”-სთან გარიგება არსებულზე მეტად ვეღარ გაართულებს ვითარებას. გარიგების შედეგად კი, რუსები დაინტერესებულნი იქნებიან სადგურის გამართულად მუშაობით. მისივე თქმით, ”რაო ეესის” მიერ ვალდებულებათა შესრულების გარანტია რუსული კომპანიის ”სერიოზული აქტივებია” საქართველოში.
რატომ არის ექსპერტების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი ასეთი მძაფრი? რა რეალური საფრთხეა მოსალოდნელი ენგურჰესთან დაკავშირებით რუსეთის კომპანიასთან ხელშეკრულების დადების შემთხვევაში?
გია ხუხაშვილის აზრით, ყველაზე დიდი საფრთხე ის არის, რომ ”მთელი ჩვენი ელექტროგენერაცია და დისტრიბუცია დღეს პრაქტიკულად მთლიანად ჩავაბარეთ რუსებს. ეს, თავის მხრივ, არის ეგრეთ წოდებული მეხუთე კოლონა, რომელშიც პატარა ჯარისკაცუნები სხედან და მათი გამოყენება ნებისმიერ მომენტში სხვადასხვა მეთოდით შეიძლება. ამ მეთოდებზე საუბარი შორს წაგვიყვანს... ფაქტია, რომ მათ ხელი უდევთ იმ ბერკეტზე, რომლითაც ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ ქვეყანაში სოციალური რისკების გაჩენა, სხვა ტიპის რისკების გაჩენა - ტარიფით მანიპულირებით იქნება, სხვადასხვა უცნაური ავარიებით იქნება თუ შანტაჟით... ეს კიდევ ცალკე თემაა. ”
ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსულ კომპანიასთან მემორანდუმის გაფორმება სწორედ საქართველოს ეროვნული ინტერესებით არის ნაკარნახევი. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი ამბობს, რომ მათი ამოცანაა
,, მაქსიმალური გარანტიები შევქმნათ იმისათვის, რომ ენგურჰესის ფუნქციონირება იყოს უსაფრთხო და გარანტირებული, რათა სადგურიდან საქართველოსთვის დენის მიწოდება შეუქცევადი პროცესი იყოს. ”
ექსპერტთა უმრავლესობის აზრით კი, ეს თემა, უპირველესად, პოლიტიკურ ჭრილში უნდა იყოს განხილული.
გია ხუხაშვილი: ,,მე ეკონომიკის ჭრილში ამ თემას საერთოდ არ განვიხილავ. ეს არის წმინდა პოლიტიკური საკითხი. ეკონომიკურად რა არის მომგებიანი, რა არ არის მომგებიანი, რომ, აი, სინათლე გვექნება თურმე და ამით ხდება რაღაც რისკების შემცირება... მაშინ ვიცხოვრებდით საბჭოთა კავშირში. იაფი ელექტროენერგიაც გვქონდა, ცხელი წყალიც გვქონდა, ცენტრალური გათბობაც გვქონდა, ყველაფერი გვქონდა. ამ დამოუკიდებლობის იდეას ხომ ძალიან ბევრი ადამიანი შეეწირა. დამოუკიდებლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი არის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპაში რამხელა პრობლემა გახდა ეს ყველაფერი. ვერ აწარმოებენ დამოუკიდებელ პოლიტიკას იმის გამო, რომ რუსეთს აქვს გარკვეული ენერგეტიკული მანიპულაციის საშუალებები... და აქაც იმავე შემთხვევასთან გვაქვს საქმე. და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ენერგეტიკული სისტემა დღეს მთლიანად არის რუსეთზე დამოკიდებული. განსაკუთრებით ეს შეეხება ელექტროდისტრიბუციას და გენერაციას და ენგურჰესი არის ამ ყველაფრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი.”
”მთავარი და აუცილებელი, რაც საქართველოს მთავრობამ უნდა გააკეთოს, „ენგურჰესთან“ დაკავშირებით მემორანდუმის ტექსტის გამოქვეყნებაა, ვინაიდან ამ მემორანდუმმა საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია”, - თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში ეკონომიკის ექსპერტმა ლადო პაპავამ.
გია ხუხაშვილმაც გვითხრა:
,,სხვათა შორის, გამოდიან მინისტრები და ჰყვებიან ამ დოკუმენტის შინაარსს ზეპირად. და გვეუბნებიან, რომ მარტო ეს წერია, მეტი არაფერი... ამის შემდეგ ლოგიკური კითხვაა: თუ მარტო ეს წერია, მაშინ გვაჩვენეთ, რატომ მალავთ.
- და ის, რასაც ამბობენ, რომ წერია, მისაღებია?
”არა, არც ის არის მისაღები, რა თქმა უნდა. არანაირი ფორმით ენგურჰესის გადაცემა არ არის მისაღები. გვეუბნებიან, რომ ჩვენ არ ვასხვისებთ, ჩვენ მხოლოდ გადავცემთ. ენერგეტიკაში არ არის მთავარი, საკუთრება ვისია. მთავარია, ვინ ფლობს, ვინ მართავს, ვინ აკონტროლებს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რა რისკებთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში. მით უმეტეს, თურმე ეს დოკუმენტი უჩვენებიათ საპარლამენტო ოპოზიციისთვის.
ის, რომ დოკუმენტი საპარლამენტო ოპოზიციას გააცნეს, ხელისუფლებამ საქვეყნოდ და მრავალჯერ განაცხადა. საპარლამენტო უმცირესობის წევრს ლევან ვეფხვაძეს ვკითხეთ, რა ამოიკითხა მან საიდუმლოებით მოცულ მემორანდუმში.
მან კი მოულოდნელად გვიპასუხა:
- მე მემორანდუმი ნანახი არ მაქვს. ნანახი აქვთ პაატა დავითაიას და გურამ ჩახვაძეს.
კითხვაზე, როგორ მოხდა, რომ მას მემორანდუმი არ უნახავს, თუკი ის საპარლამენტო უმცირესობისათვის ხელმისაწვდომი იყო, ლევან ვეფხვაძემ გვიპასუხა, რომ იგი ამით არც დაინტერესებულა, რადგან, მისი აზრით, მემორანდუმის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი ზედმეტად გაზვიადებულია.
”მემორანდუმი რა არის... მემორანდუმი არის, ჩვენ რაღაცას ვაპირებთ. რაში მაინტერესებს, ვინ რას აპირებს. მთავარია რა გაფორმდება უკვე ამ მემორანდუმის საფუძველზე. ”
ლევან ვეფხვაძე ხელშეკრულების გაფორმებას გულისხმობს.
ლევან ვეფხვაძე: ”ხელშეკრულება არ უნდა გაფორმდეს, რასაც აქვს მხარეებისათვის სავალდებულო იურიდიული ძალა. ხელშეკრულებას უკვე სჭირდება, რომ მთავრობამ გააკეთოს სპეციალური დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ”რაო ეესს” მისცემს ეკონომიკური საქმიანობის უფლებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამას ითხოვს კანონი.”
რესპუბლიკური პარტიის წევრი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ წარმოუდგენელია ამგვარ შეთანხმებებზე საუბარი ქვეყანასთან, რომელიც კანონით არის ოკუპანტად გამოცხადებული:
” თუ რუსეთის წინააღმდეგ მივიღეთ კანონი, როგორ გადავეცით, როგორ გავაჯეჯილეთ... როგორ მივეცით რუსეთს საშუალება იქ ფრთები გაშალოს და თავისი ბიზნესი აწარმოოს. კანონს ეწინააღმდეგება ეს გადაწყვეტილება თავისთავად.
ლევან ვეფხვაძე განმარტავს, რომ, მოქმედი კანონით ” ოკუპირებული ტერიტორიის შესახებ”, საქართველოს მთავრობას შეუძლია ეკონომიკური საქმიანობის უფლება მიანიჭოს რომელიმე კომპანიას ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ქრისტიან- დემოკრატები კანონში ცვლილებების ინიციატივით გამოდიან, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს უფლება არ გავრცელდეს რუსული სახელმწიფო კაპიტალით დაფუძნებულ კომპანიებზე.
ამასობაში კი დეპუტატმა პაატა დავითაიამ განაცხადა, რომ ხელშეკრულების გაფორმება ჩაიშალა, რადგან, მემორანდუმის თანახმად, იგი გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში უნდა ყოფილიყო ხელმოწერილი და ვადა კი ამოიწურა.
“ ვერ დაგიდასტურებთ ვერანაირ ინფორმაციას მოლაპარაკების დაწყების ან ჩაშლის შესახებ. არ არის პროცესი. უბრალოდ, შეჩერებულია”, - უთხრა ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა ლაშა ჟვანიამ 12 მარტს.
მანამდე კომენტარებს ამ პრობლემაზე, ძირითადად, ენერგეტიკის მინისტრი აკეთებდა.
”ეს უკვე მართლა სერიოზული პრობლემაა და ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა შეკითხვები, მაგრამ კონკრეტული პასუხები, სამწუხაროდ, ვერ მივიღეთ. რატომ იყო ენერგეტიკის სამინისტრო მხარე და რატომ არ იცოდა ეკონომიკის სამინისტრომ მსგავსი შეთანხმების მზადების პროცესი, ანუ არ იცოდა, საერთოდ... ლაშა ჟვანიამ, ისევე როგორც ჩვენ, მედიის საშუალებით გაიგო ამ შეთანხმების მზადების დეტალები”, - გვითხრა ლევან ვეფხვაძემ.
ამ დღეებში, ევროსაბჭოს რეკომენდაციით, ვენეციის კომისია განიხილავს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
თუ რა რეკომენდაციებს მიიღებს ვენეციის კომისია, მალე გახდება ცნობილი. თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები კვლავ იმეორებენ, რომ ხელისუფლება ვალდებულია მოუაროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას და თუ დადებული კონტრაქტი საქართველოს ინტერესებში იქნება, მთავრობას არ უნდა ჰქონდეს შეზღუდვა რომელიმე ქვეყანასთან დაკავშირებით. თავის მხრივ, ექსპერტები და ოპოზიციის წარმომადგენლები სწორედ იმის დამტკიცებას ცდილობენ, თუ რა არის და რა არ არის საქართველოს ინტერესებში...
12 მარტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა დაადასტურა, რომ ძალიან დიდი შესაძლებლობა და ალბათობა არსებობს იმისა, რომ ასეთი კონტრაქტი გაფორმდეს.

გამოიცა ახალი ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი, რომელიც საგანგებოდ ჟურნალისტებისთვის შეიქმნა

დავით კაკაბაძე:
სულ ახლახან ქართველმა ენათმეცნიერებმა გამოსცეს ორთოგრაფიულ-სტილისტიკური ლექსიკონი, რომელიც საგანგებოდ ჟურნალისტებისთვის შეიქმნა. მისმა ავტორებმა დაკვირვების ობიექტად შეარჩიეს პირველი არხის, აგრეთვე, ტელეკომპანიების "რუსთავი 2"-ის, "იმედისა" და "მზის" გადაცემები და მათი მეშვეობით გამოავლინეს ყველაზე გავრცელებული ენობრივ-სტილისტიკური შეცდომები. ნინო როდონაია დაესწრო ლექსიკონის პრეზენტაციას, რომელსაც - თუ მცირე გამონაკლისს არ ჩავთვლით - თავად ტელეარხების განსაკუთრებული ინტერესი არ გამოუწვევია.

(იხ. აუდიოვერსია)

ახალი დოკუმენტური ფილმის გმირი საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ყველაზე ახალგაზრდა წევრია

დავით კაკაბაძე:
შეიძლება თუ არა ყოველგვარი ქება-დიდების გარეშე შექმნა დოკუმენტური კინოპორტრეტი ხელისუფლების წარმომადგენელზე, წარმოაჩინო იგი მაქსიმალურად ობიექტურად? ახალგაზრდა ქართველმა რეჟისორებმა სალომე ჯაშმა და გიორგი წიქარიშვილმა დაამტკიცეს, რომ შეიძლება. მათი მოკლემეტრაჟიანი ფილმის, "ერთ-ერთი მინისტრის" პრემიერა წარმატებით შედგა თბილისში, გოეთეს ინსტიტუტში. მოუსმინეთ გიორგი გვახარიას.

გიორგი გვახარია:
გოეთეს ინსტიტუტამდე, სადაც „ერთ-ერთი მინისტრი“ სალომე ჯაშის სხვა ფილმებთან ერთად უჩვენეს, ამ ახალი ქართული დოკუმენტური სურათის პრემიერა ჰოლანდიური ტელეკომპანიის, „ვიპიროუს“ ეთერში შედგა. სწორედ ამ ტელეკომპანიის დაკვეთითაა გადაღებული საპროდუქციო კომპანია „საქდოკ ფილმის“ ეს ახალი სურათი. „ვიპიროუს“ წარმომადგენლები საქართველოში ჩამოვიდნენ და ახალგაზრდა რეჟისორებს - „ერთ-ერთი მინისტრის“ ავტორების გარდა კიდევ ზაზა რუსაძეს და ხათუნა გიორგობიანს, სამი ფილმი დაუკვეთეს სხვადასხვა თემაზე. დეტალებს თავად სალომე ჯაში გვიამბობს

[სალომე ჯაშის ხმა] ”უნდოდათ, გადაგვეღო ფილმი იმაზე, თუ როგორია ახალგაზრდად ყოფნა საქართველოში... ბევრი ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ახალგაზრდობა დღეს მთავრობასთანაა კავშირში, ამიტომაც ჩვენი არჩევანი ყველაზე ახალგაზრდა მინისტრზე შეჩერდა”

[აუდიონაწყვეტი ფილმიდან]

ეს, ყველაზე ახალგაზრდა მინისტრი 27 წლის ბაკურ კვეზერელია. იგი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობს. ჩვიდმეტწუთიან ფილმში ნაჩვენებია, როგორია მინისტრი სამსახურში, სახლში, როგორ ესაუბრება გლეხებს, თავის ქვეშევდრომებს, კოლეგებს მინისტრთა კაბინეტში... კამერას საერთოდ ვერ ამჩნევს; არ ფარისევლობს, წარმატებებით არ კეკლუცობს, თუმცა პრობლემებზე საუბარი აშკარად არ უყვარს. ფილმის ავტორების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ „ერთ-ერთი მინისტრი“ არა ჰგავს გრძელ სატელევიზიო სიუჟეტს, ეგრეთ წოდებულ „ფიჩერსს“ - ესაა ნამდვილი მოკლემეტრეჟიანი დოკუმენტური კინო (ჟანრი, რომლის კრიზისზე დიდი ხანია საუბრობენ ქართველი კინემატოგრაფისტები) - თემის განვითარებით, ხასიათის შექმნით, ფინალით. სალომე ჯაშის თქმით, ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა იმიტომაც, რომ ფილმის გმირი მარტივად დათანხმდა გადაღებაზე, იყო ძალიან ღია და მზად იყო ყველა კითხვაზე გაეცა პასუხი

[სალომე ჯაშის ხმა] ”ერთი კვირა ვიღებდით ყოველდღე. ამ ერთ კვირაში ბავშვიც შეეძინა და ბევრი რამ მოხდა, რამაც ფილმი ასე თუ ისე შეავსო... ძალიან თავისუფლად ვიყავით... გადავიღეთ ეპიზოდები, რომლებიც ფილმში ვერ შევიდა - უფრო არაფორმალურ გარემოში...ამაზეც დაგვთანხმდა...არადა სხვა მინისტრები არ დათანხმდებოდნენ

[აუდიონაწყვეტი ფილმიდან]

„ერთ-ერთი მინისტრი“ ერთ-ერთი პირველი ქართული დოკუმენტური ფილმია მაღალი რანგის ჩინოვნიკზე, რომელიც სწორედ იმიტომ, რომ განსხვავებული კუთხითაა ნაჩვენები, აბსოლუტურად არ ექვემდებარება ერთნიშნა შეფასებას - ყველაზე ახალგაზრდა მინისტრი ვიღაცას გააღიზიანებს, ვიღაცას მოეწონება... ეს არაა არც -ისევ პოპულარულ გამოთქმებს თუ გავიხსენებთ - არც „შავი პიარი“ და პანიგირიკი. კინოკამერა იბრუნებს თავის პირველად ფუნქციას - მხოლოდ აღბეჭდავს სამყაროს და ადამიანებს...ანუ ენდობა რეალობას

ჩვენი შეხვედერის ბოლოს სალომე ჯაშს ვკითხეთ, როგორი იყო თავად ბაკურ კვეზერელის შეაფასება..როგორ მოეწონა ფილმი და თავისი თავი ამ ფილმში?

[სალომე ჯაშის ხმა] "მე არ ვიცი, მართალი გითრათ მისი რეაქცია... მართლა არ ვიცი...”

დავით კაკაბაძე:
ეს იყო სალომე ჯაში, თანარეჟისორი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისა "ერთ-ერთი მინისტრის", რომელიც გიორგი გვახარიამ წარმოგვიდგინა. სხვათა შორის, სალომე ჯაში ახლა პრაღაშია, საიდანაც ჩვენი ეს გადაცემა გადის ეთერში. მის სხვა დოკუმენტურ ფილმს სახელწოდებით "დადუმებულები" უჩვენებენ ჩეხეთის დედაქალაქში დაწყებულ კინოფესტივალზე "ერთი მსოფლიო". ასე რომ, შემიძლია დაგპირდეთ, რომ ერთ-ერთ უახლოეს გადაცემაში კიდევ ერთხელ შეგახვედრებთ ახალგაზრდა რეჟისორს და მის ახალ ფილმსაც გაგაცნობთ.

რა იწვევს გლობალურ დათბობას და ვინ რისთვის იყენებს მას?

დავით კაკაბაძე:
ამ კვირაში ნიუ-იორკმა უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას გლობალური დათბობის საკითხებზე. ეს არ იყო მეცნიერების ტიპური თავყრილობა, რომელზეც შემაძრწუნებელ დასკვნებამდე მიდიან ხოლმე. კონფერენციის მონაწილეთა მსჯელობის მთავარი მიზანი არ ყოფილა იმის გარკვევა, როგორ უნდა შეჩერდეს გლობალური დათბობა. პირიქით, მათ მსოფლიოს მოუწოდეს, ასე ძალიან ნუღარ შეეშინდება გლობალური დათბობისა, რადგან - მათი მტკიცებით - ამ ხიფათს ბევრი ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის მიზნით იყენებს. მოუსმინეთ კახა მჭედლიძეს.

კახა მჭედლიძე:
ორი წლის წინ გაეროს ეგიდით მომუშავე საერთაშორისო ჯგუფმა, რომელსაც თავდაჯერებულობა არ აკლდა, დაადგინა, რომ ადამიანის საქმიანობა დიდ როლს თამაშობს პლანეტაზე ტემპერატურის ზრდის პროცესში. ახლა კი აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ პირობა დადო, რომ სათავეში ჩაუდგება საერთაშორისო ძალისხმევას საწარმოო გაზებით - ძირითადად, ნახშირორჟანგით - ატმოსფეროს დაბინძურების შესამცირებლად.

ნიუ იორკის კონფერენციაზე კი 600-ზე მეტი მეცნიერი თუ საზოგადოების სხვა წარმომადგენელი იმისთვის შეიკრიბა რომ აშშ-ის მთავრობის განზრახვას შეეწინააღმდეგოს.

კონფერენციის ორგანიზატორი, ჰერტლენდის ინსტიტუტის პრეზიდენტი ჯოზეფ ბასტი, ირწმუნება, რომ გლობალური დათბობის დონე და მიზეზები სულაც არ არის მეცნიერულად დასაბუთებული. მან რადიო ”თავისუფლებას” განუცხადა, რომ ნიუ-იორკის კონფერენცია გამოწვევაა ისეთი ხალხისთვის, როგორიცაა ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ალ გორი.

[ჯოზეფ ბასტი] ”ვფიქრობთ, რომ ჩვენ კარგი ამბები გვაქვს, რომ სულ უფრო მეტი ცნობილი მეცნიერი გამოდის და ამბობს, რომ გლობალური დათბობა ეს არ არის კრიზისი. შეკითხვა, თუ რა იწვევს მას და რამდენად მასშტაბურია ის, მეცნიერთა შორის ღია დისკუსიის საკითხია. და ეს შეტყობინება ეფექტურად არ აღწევს ბევრ ადამიანამდე. ამ გზით, კონფერენციის ჩატარებით, იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტი ხალხის ყურადღებას მივიპყრობთ, რაც, საბოლოო ჯამში, გავლენას იქონიებს სახელმწიფო პოლიტიკაზე.”

ამ თავყრილობას აქტუალობა იმანაც შესძინა, რომ მსოფლიოს ბევრი სახელმწიფოს მთავრობა მუშაობს საწარმოთა მიერ გამონაბოლქვი მავნე გაზების გადასახადებით დაბეგვრის გეგმაზე.

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ წამოაყენა იდეა, ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ ასეთი გამონაბოლქვის რაოდენობა 1990 წლის დონემდე შემცირდეს.

მაგრამ ნიუ იორკის კონფერენციის ბევრი მონაწილე ამბობს, რომ ეს ძალისხმევა არასწორია. ისინი, ვინც გლობალურ დათბობას აღიარებს, ამბობენ, რომ დედამიწა გადის ბუნებრივ ციკლს და რომ ამ პროცესში საწარმოო ნარჩენები უმნიშვნელო როლს თამაშობს.

ამ მოსაზრების ერთ-ერთი მთავარი ავტორია ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი, რომელიც კონფერენციაზე ვრცელი მოხსენებით გამოვიდა. მან გლობალური დათბობის საკითხებზე ლექცია წაიკითხა კოლუმბიის უნივერსიტეტშიც და კვლავ ხაზი გაუსვა, რომ გლობალური დათბობის საფრთხე ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა:

[ვაცლავ კლაუსი] ”პრობლემა გლობალურ დათბობაში არ არის, არამედ იდეოლოგიაშია, რომელიც მას იყენებს ან არასწორად იყენებს. ის თანდათან გადაიქცა ყველაზე ეფექტურ საშუალებად იმისათვის, რომ გაამართლონ სულ უფრო მზარდი სამთავრობო ჩარევა ცხოვრების ყველა სფეროში ადამიანის თავისუფლებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ჩასახშობად.”

ვაცლავ კლაუსი მთავარი ოპონენტია აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ალ გორისა, რომელმაც 2007 წელს, გაეროს ჯგუფთან ერთად, ნობელის მშვიდობის პრემია დაიმსახურა გლობალური დათბობის შესახებ ინფორმაციის ფართოდ გავრცელების გამო. ალ გორმა სპეციალური ფილმი მიუძღვნა გლობალურ დათბობას:

[ალ გორი] ”აი, რა ხდება წლიდან წლამდე კოლუმბიაში, გლეიშერში - ეს ულამაზესი ყინული სულ უფრო მეტად დნება და იმსხვრევა... აი, რას ვხედავთ აქ ყოველდღე.... ჰიმალაიში არის განსაკუთრებული პრობლემა, იმიტომ რომ მსოფლიოს მოსახლეობის 40 პროცენტი სასმელ წყალს მდინარეებიდან იღებს, რომლებსაც მყინვარები კვებავს. მომდევნო 50 წლის მანძილზე ეს ხალხი ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეეჯახება სასმელი წყლის უკმარისობის გამო.”

ალ გორი ირწმუნება, რომ მწვერვალებზე და ყინულოვან ოკეანეში ყინულის დაჩქარებული დნობა ატმოსფეროში CO2-ის მატების შედეგია. CO2-ს კი დიდი მოცულობით გამოყოფენ საწრმოები, ქარხნები, ფაბრიკები, ავტომობილები და ა.შ.

ბასტი, ჰარტლენდის ინსტიტუტიდან, ირწმუნება, რომ ალ გორის მტკიცება, თითქოს გლობალური დათბობა ხელოვნურად იყოს გამოწვეული, მცდარია და მეცნიერულად არ არის დასაბუთებული. მისი აზრით, გორი გადაჭარბებულად აფასებს, მაგალითად, ზღვის დონის მომატებას. ის არ ეფუძნება გათვლებს, რომლებიც ოკეანეებსა და ზღვებში წყლის დონის 6 მეტრით აწევას დაასაბუთებდა.

ალ გორის ოპონენტთა შორისაა ონკოლოგი დოქტორი ჰოვარდ მაკები, რომელიც გლობალური დათბობის პროცესში ადამიანის საქმიანობის უმნიშვნელო როლზე საუბრობს:

[ჰაუარდ მაკები] "ადამიანის წვლილი მცირეა. მართალია, არა ნული, მაგრამ მცირეა, შედარებით სხვა ფაქტორებთან, რომელთა შეცვლა ჩვენ არ შეგვიძლია. ჩვენ არ შეგვიძლია შევცვალოთ მზე, მზის აქტივობის რყევები, რომელიც ყოველ ათწლეულში მეორდება. არ შეგვიძლია შევცვალოთ ოკეანის დინებები, ვერ შევაჩერებთ ელ ნინიოს. ელ ნინიო იყო ტემპერატურის ყველაზე მაღალი წვერი ბოლო 40 წლის მანძილზე. ეს იყო 1998 წელს - ყველაზე ცხელ წელს ჩვენს უახლეს ისტორიაში. ელ ნინიოს არავითარი კავშირი არ აქვს CO2-თან."

გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით, მეცნიერებისა და პოლიტიკოსების მსგავსად, განსხვავდება საზოგადოების წევრთა პოზიციებიც. მაგალითად, აშშ-ის საზოგადოება თითქმის თანაბრადაა გაყოფილი. ერთნი ფიქრობენ, რომ გლობალური დათბობა, გარკვეულწილად, ადამიანის საქმიანობის შედეგია. მეორენი კი აღნიშნავენ, რომ ეკონომიკური კრიზისის პირობებში მათთვის მთავარი არ არის კლიმატის ცვლილებები.

ავღანეთის კერძო ტელეარხი სიტყვის თავისუფლებასა და ისლამურ ფასეულობებს შორის წონასწორობას ესწრაფვის

დავით კაკაბაძე:
არის თუ არა ინდური და შუააზიური მუსიკა, ცეკვა, ტელესერიალები ამორალური და არაისლამური? ყოველ შემთხვევაში, ასეთი ბრალდება გამოთქვეს ავღანელმა პროკურორებმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ამოქმედებული ახალი, კერძო ტელეარხის მისამართით. ტელეარხის სახელია “ემრუზი” ანუ “დღეს”. მისი რედაქტორები ამტკიცებენ, რომ კანონი არ დაურღვევიათ. ავღანეთში ზოგიერთი ფიქრობს, რომ მათი საზოგადოება, უბრალოდ, მზად არ არის ესოდენი თავისუფლებისთვის და ტელევიზია ფრთხილად უნდა იყოს საზოგადოებისთვის უხერხულ თემებზე საუბრისას. მოუსმინეთ ოქროპირ რუხაძეს.

(იხ. აუდიოვერსია)

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG