Accessibility links

logo-print

რუსული ფულის, რუსული სპეცსამსახურებისა და აგენტურის მარადიული თემა ქართულ პოლიტიკაში


9 აპრილის საპროტესტო აქციის მოახლოების კვალობაზე,

საქართველოში გახშირდა საუბარი მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე. ხელისუფლება და მასთან დაახლოებული მედიასაშუალებები ამტკიცებენ, რომ არეულობების დასაფინანსებლად და ხელისუფლების შესაცვლელად საქართველოში ფული რუსეთიდან შემოდის. ოპოზიცია კი ამტკიცებს, რომ ხელისუფლება, რომელიც თავად იმართება რუსეთიდან, ძალაუფლების შესანარჩუნებლად აპრობირებულ პიარტექნოლოგიას იყენებს კომპრომატებისა და ჭორების სახით. ყოველკვირეულ პროგრამაში ”ჯარისკაცი და სახელმწიფო” საუბარი იქნება მოსალოდნელი დესტაბილიზაციის, რუსული სპეცსამსახურებისა და აგენტურის მარადიულ თემაზე ქართულ პოლიტიკაში.

2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა კოლონების დასაშლელად საქართველოს ხელისუფლებამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა, გენერალური შტაბისა და სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის სპეცდანიშნულების ძალებიც გამოიყვანა. თუმცა ეს არმადა არ იკმარა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტექნიკური დახმარებისათვის აზერბაიჯანს მიმართა. საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, 2007 წლის 8 ნოემბერს ინტერნეტ საიტ ”იუთუბიზე” გაჩნდა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელიც მეორე დღესვე გაქრა. რადიო ”თავისუფლებამ” მაინც მოახერხა ამ ჩანაწერის დაარქივება. 7 ნოემბრის საღამოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ტელეფონით ესაუბრება აზერბაიჯანელ კოლეგას რამილ იუსუბოვს:

[ვანო მერაბიშვილი] ”დღეს ჩვენ დავხურეთ ოპოზიციური ტელევიზია. გამოვაცხადეთ საგანგებო მდგომარეობა.”
[რაულ იუსუბოვი] ”სწორია. ადრე უნდა გექნათ.”
[ვანო მერაბიშვილი] ”მე ასეთი თხოვნა მაქვს. აღმოჩნდა, რომ რეზერვი დამცავი საშუალებებისა - გაზი, ხელკეტები და ფარები - ცოტა გვქონია. ჩვენ ძალიან თავდაჯერებულები აღმოვჩნდით. თუ არის შესაძლებლობა, რომ დაგვეხმაროთ...”

[რაულ იუსუბოვი] ”მე ბატონმა პრეზიდენმა მომცა მითითება, რომ დაგეხმაროთ ყველა იმ საშუალებით, რაც გჭირდებათ. მითხარით, რა გჭირდებათ? რეზინის ტყვიები გჭირდებათ?”

[ვანო მერაბიშვილი] ”რეზინის ტყვიები გვჭირდება.”

ეს საუბარი 2007 წლის 7 ნოემბერს არის ჩაწერილი. თუმცა უცნობია, დასჭირდა თუ არა აზერბაიჯანიდან რეზინის ტყვიების ახალი პარტიის მიღება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. მაგრამ ჩანს, რომ მარაგები და რეზერვები შევსებულია. 6 მარტს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის გადაცემა ”პოზიციაში” გამოსვლის დროს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ სამინისტრო საკმარის ძალებს ფლობს იმისათვის, რომ ყოველგვარი დესტაბილიზაცია და სამხედრო დაპირისპირება აღკვეთოს:

[ვანო მერაბიშვილი] ”ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სამინისტრო არ დაუშვებს საქართველოში რაიმე სამხედრო-შეიარაღებულ დაპირისპირებას და ყოველგვარ შეიარაღებულ დაპირისპირებას ჩვენ აღვკვეთთ თავისავე ჩანასახში. სამხედრო დაპირისპირება ქვეყნის პრაქტიკულად გამორიცხულია, რადგან ჩვენ გაგვაჩნია შესაბამისი რესურსები, რათა ნებისმიერი სამხედრო, უკანონო ქმედება იყოს აღკვეთილი.” (სტილი დაცულია)

მაგრამ რატომ ალაპარაკდა საქართველოს ხელისუფლება და მის მიერ კონტროლირებადი მედია სამხედრო პროვოკაციებზე 9 აპრილის მოახლოებული საპროტესტო დემონსტრაციის კონტექსტში? ამაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს საკუთარი მოსაზრება აქვთ. ლევან ბერძენიშვილმა, სტაჟიანმა პოლიტიკოსმა რესპუბლიკური პარტიიდან, რომელიც ერთ-ერთი ხელმომწერია 9 აპრილის საპროტესტო გამოსვლისა, რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ, ვანო მერაბიშვილის პირით, ხელისუფლება კვლავ ამზადებს ნიადაგს მიტინგის დასარბევად:

[ლევან ბერძენიშვილი] ”წინასწარ გვიცხადებენ, რომ ძალას მიმართავენ, რომ ვინმემ არ წარმოიდგინოს, რომ მათ ძალა არ აქვთ და სხვა. წინასწარ დაშინება ვიღაცისა, ჩემი აზრით, არავის არაფერს არ მისცემს,- და არ მისცემს, რაც მთავარია, თავად ხელისუფლებას, - ერთის გარდა: ასეთი განცხადებები თავისთავად შეიცავს დემოკრატიის ინდექსისათვის რაღაც ნიშნულებს. საქართველოში დემოკრატიის ხარიხი ისეთია, რომ საკმარისია სადღაც ჩატარდეს საპროტესტო მიტინგი, რომ ხელისუფლება პირდაპირ შინაგან საქმეთა მინისტრის პირით აცხადებს, რეპრესიებს მივმართავო.”(სტილი დაცულია)


საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ დესტაბილიზაციისათვის ქვეყანაში კვლავ შემოდის ფული რუსეთიდან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გასულ კვირაში კონკრეტული გვარები დაასახელა საზღვარგარეთ მყოფი იმ პოლიტიკოსებისა, რომლებიც საქართველოში არეულობის აქტებს დააფინანსებენ. ნახსენები იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი ლიდერი ასლან აბაშიძე და ქვემო ქართლის ყოფილი რწმუნებული ლევან მამალაძე. თუმცა უკვე ხსენებულ ტელეგადაცემა ”პოზიციაში” შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ამ შეკითხვას საკმაოდ არაორაზროვანი პასუხი გასცა, საიდანაც გამოჩნდა, რომ რუსეთიდან დახმარებას თავად საქართველოს ხელისუფლებაც ღებულობს:

[ვანო მერაბიშვილი] ”მე კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ მე ვარ ძალიან კმაყოფილი, რომ რუსეთში, მასობრივად, ქართული წარმოშობის ადამიანები კვლავაც რჩებიან პატრიოტებად და ისინი ძალიან დიდ დახმარებას უწევენ ქართულ სახელმწიფოს, ფარულად თუ ღიად.”(სტილი დაცულია)

მართალია, ვანო მერაბიშვილისთვის ჟურნალისტს არ უკითხავს, გულისხმობს თუ არა ფარული თუ ღია დახმარება რუსეთიდან ფინანსურ დახმარებასაც, ოპოზიციამ ეს სწორედ ოკუპანტთან ფარულ გარიგებად და თანამშრომლობად აღიქვა. რესპუბლიკური პარტიის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ამ სატელევიზიო განცხადებისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს, როგორც კოლაბორაციონისტი:

[ლევან ბერძენიშვილი] ”საქართველოს კანონებით, რუსეთი არის ოკუპანტი. მე ამ კანონებს ვეთანხმები. რუსეთი რომ ოკუპანტია, მე მგონი, ამაში ეჭვი არავის არ ეპარება. რაც შეეხება ოკუპანტებთან თანამშრომლობას, ანუ კოლაბორაციონიზმს, მე მინდა ვანო მერაბიშვილმაც იცოდეს და სხვებმაც: საფრანგეთი როცა გათავისუფლდა, წინა მთავრობას, რომელიც თანამშრომლობდა ადოლფ ჰიტლერთან, მადლობა კი არ უთხრეს, არამედ პეტენს სიკვდილი მიუსაჯეს. მართალია, მერე სიკვდილით არ დასაჯეს, მაგრამ მისჯით - მიუსაჯეს. ასე რომ, კოლაბორაციონიზმი და ოკუპანტთან თანამშრომლობა, რომელზეც ლაპარაკობენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ხან ენგურჰესთან დაკავშირებით, ხან ასეთი უცნაური განცხადებებით, როგორიც მერაბიშვილმა გააკეთა, ეს დასჯადი ქმედებებია საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.”


ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში ფიქრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება არა დასავლეთის, არამედ პირწმინდად კრემლის პროექტია. რუსეთთან აგვისტოს ომში ჩაბმა, დიდი ლიახვის, კოდორისა და ზემო აფხაზეთის ხეობების უბრძოლველად დატოვება, ფარული გარიგებით ენგურჰესის რუსული ”ინტერ-რაოსათვის” მართვაში გადაცემა, ეს იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რითაც ქვეყანა სულ უფრო დამოკიდებული ხდება რუსეთზე. საქართველოს ხელისუფლება კი საპირისპიროს ამტკიცებს და სწორედ ოპოზიციაში ეძებს ”მეხუთე კოლონას”, რომელიც 9 აპრილის მიტინგით, ფაქტობრივად, ნიადაგს უმზადებს რუსეთის ტანკების შემოსვლას საქართველოში. ერთ-ერთ სატელევიზიო კომენტარში ზუსტად ასეთი რამ თქვა საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა გია თორთლაძემ გასულ კვირაში. და ასეა მთელი 19 წლის მანძილზე: რუსეთის ფული, რუსული სპეცსამსახურები და რუსეთის აგენტურა მარადიული მტრის ხატია საქართველოში. ამ საფრთხობელით ძალიან იოლია მოწინააღმდეგის დისკრედიტაცია, მაგრამ ასევე იოლია თავადაც იქცე ამ ფობიის უიმედო მძევლად.

XS
SM
MD
LG