Accessibility links

ეკონომიკურად წამყვანი ქვეყნების ოცეული სამიტისთვის ემზადება


ინგლისში გაიმართა ე.წ. “ოცეულის”-ის ფინანსთა მინისტრების შეხვედრა. ის წინ უძღოდა ამ ოცეულის სამიტს, რომელსაც ორ კვირაში უმასპინძლებს ლონდონი.

დღეს კი მსოფლიოს ეკონომიკურად წამყვანი ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა პირობა დადეს, რომ მიმართავენ ყველა საჭირო ზომას ამჟამინდელი ეკონომიკური დაღმასვლისთვის ბოლოს მოსაღებად, ეკონომიკური ზრდის მისაღწევად, უვარგისი აქტივებისაგან ბანკების გასაწმენდად.

[დარლინგის ხმა] “მსოფლიოში არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ესმოდეს, რომ ეს არის უდიდესი გამოწვევა, რომელიც კი მსოფლიოს ახსოვს მრავალი თაობის მანძილზე”.

ეს შეფასება ეკუთვნის ოცეულის ფინანსთა მინისტრების შეხვედრის მასპინძელს, ბრიტანელ მინისტრ ალისტერ დარლინგს. მისივე თქმით მიინისტრებმა მიაღწიეს ერთსულოვნებას მთელ რიგ ნაბიჯებზე ეკონომიკური ზრდის მისაღწევად. იგულისხმება, მაგალითად, დაბალი საპროცენტო განაკვეთის შენარჩუნება, სანამ ამის საჭიროება არსებობს. დაგეგმილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის რესურსების გაზრდა მძიმე ვითარებაში ჩავარდნილი ქვეყნების დასახმარებლად და დაგეგმილია ბანკების გაწმენდა უვარგისი, როგორც ექსპერტები უწოდებენ “ტოქსიკური” აქტივებისაგან.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრ ტიმოთი გაიტნერის განცხადებით: [გაიტნერის ხმა] “მოწმენი ვართ მსოფლიოსი, სადაც ურთიერთდაახლოების პროცესი თანამედროვე ეპოქისთვის უპრეცედენტო სიჩქარითა და მასშტაბით მიმდინარეობს. ყველა მსხვილი ეკონომიკა მუშაობს მნიშვნელოვანი მოცულობის საფინანსო პაკეტებზე. რაც უფრო ძლიერი იქნება საპასუხო ზომა, მით უფრო სწრაფად მოჰყვება მას აღორძინება”.

ოცეულის ფინანსთა მინისტრების დღევანდელ შეხვედრამდე აშშ პარტნიორებს მოუწოდებდა, მიბაძონ მის მაგალითს და გაზარდონ ეკონომიკის გამოსაჯანსაღებლად მიმართული ხარჯები. მაგრამ მოწოდება უარყო ევროპის რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა და გერმანიამ, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ ბაზრის უფრო მკაცრ რეგულირებას. ოცეულის მინისტრებმა მიაღწიეს ერთსულოვნებას, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი შეისწავლის უკვე მიღებულ საბიუჯეტო ზომებს და განსჯის, მიზანშეწონილია თუ არა მეტი ზომის მიღება.

ლონდონის ეკონომიკის სკოლის პროფესორ რიჩარდ ჯეკმენის შეფასებით, უფრო მასშტაბურ ფისკალურ მასტიმულირებელ ზომებზე შეუთანხმებლობა ცუდია, მაგრამ ეს მოსალოდენლი იყო: [ჯეკმენის ხმა] “ფინანსურ რეგულაციაზე თანამშრომლობა ძალიან კარგია, მაგრამ არ არის ფისკალურ მხარეზე თანამშრომლობის ალტერნატივა. ამჟამანდელი პრობლემაა მოთხოვნის მკვეთრი შემცირება მთელს მსოფლიოში და მის გადასაჭრელად საუკეთესო გზაა ყველა ქვეყნის თანამშრომლობა იმის გასაკეთებლად, რაც არის შესაძლებელი საიმისოდ, რომ მოთხოვნა გაიზარდოს. ფინანსური რეგულაციით ამ მიზანს ვერ მიაღწევ”.

ამდენად, “ოცეულის” ფინანსთა მინისტრების შეხვედრას მნიშვნელოვანი კონკრეტული შედეგები არ მოჰყოლია, მაგრამ მთლიანობაში, მაინც დადებით შეფასებას იმსახურებს, ექსპერტების განმარტებით, თუნდაც იმიტომ, რომ აზრთა სხვაობის გამო განხეთქილება და დაპირისპირება არ გამოკვეთილა: ასე ვთქვათ, მომზადდა სცენა 2 აპრილისთვის, როცა ლონდონში სამიტზე შეკრიბებიან ოცეულის ლიდერები, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა.

ოცეული 1999 წელია არსებობს და მსოფლიოს ეკონომიკურად წამყვან და განვითარებად ქვეყნებს აერთიანებს გლობალური ეკონომიკის საკითხების სისტემატურად განსახილველად. მისი წევრები არიან აშშ, კანადა, ავსტრალია, არგენტინა, ბრაზილია, მექსიკა, რუსეთი, ჩინეთი, იაპონია, სამხრეთი კორეა, სამხრეთი აფრიკა, თურქეთი, საუდის არაბეთი, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი.
XS
SM
MD
LG