Accessibility links

ედუარდ კოკოითი მოსკოვს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის აღდგენის სქემას სთავაზობს


მოსკოვში უკმაყოფილონი არიან სამხრეთ ოსეთში დაწყებული იმ სარეაბილიტაციო სამუშოების მიმდინარეობით და ტემპით,




რომლისთვისაც ფული რუსეთის ბიუჯეტიდან გამოიყო. დასავლეთისა და, მასთან ერთად, რუსეთის პრესაში ბევრი დაიწერა იმაზე, თუ როგორ ქრება ცხინვალში მოსკოვიდან გადასროლილი ფული; ასევე, როგორ იყიდება ცხინვალისა და ვლადიკავკაზის მაღაზიებში ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარების პროდუქტები. შეკითხვას, რა ხდება? ერთი პასუხი მოეძებნება: ასეა ედუარდ კოკოითის რეჟიმის პირობებში. მას ბანდიტი და ქურდი უწოდეს ღიად, სხვათა შორის, მისი რეჟიმის ყოფილმა რუსმა წარმომადგენლებმაც.. და მაინც, რუსეთს სჭირდება უჩვენოს, რომ ასე თუ ისე ზრუნავს ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ რუსეთის პასპორტების მფლობელ მოქალაქეებზე. ამისთვის კი მას თვითგამოცხადებული რესპუბლიკის რეაბილიტაციის სქემას სახელგატეხილი კოკოითი სთავაზობს.

პრობლემა, ცხადია, მხოლოდ ედუარდ კოკოითიში არაა. ცხინვალის უკონტროლო რეგიონი დიდი ხანია განიხილება იმ ბანდიტურ ანკლავად, რომელსაც სარგებელი რუსებისთვის ორი მიმართულებით მოაქვს: გაათეთრონ ფული და იქ მოქმედი რეჟიმი გამოიყენონ საქართველოზე რუსეთის კონტროლის გასაძლიერებლად. რეგიონის რეაბილიტაციისთვის რუსეთიდან საბიუჯეტო სახსრების მიმართვას ცხადი დანიშნულება აქვს: რაში და როგორ იხარჯება ეს ფული, ვერავინ მოიკითხავს. ამდენად, ფულის დიდი ნაწილის ჯიბეებში დაბრუნება ძალიან იოლია. დიდი ნაწილი უკან, ოღონდ რუსეთის ბიუჯეტში კი არა, რუსი ჩინოვნიკების ჯიბეებში ბრუნდება. მაგრამ რაღაც ნაწილი ხომ ადგილზე რჩება და, როგორც ჩანს, ედუარდ კოკოითიმ ამ ნაწილის განკარგვაში ძალიან გადააჭარბა.

” ომის შემდეგ ცხინვალში აღდგენილია 10 სკოლა, რამდენიმე საბავშვო ბაღი და ერთი საავადმყოფო. მაგრამ ბევრი საცხოვრებელი სახლის ფანჯრებზე ისევ პლედები ან პოლიეთილენის პარკებია აკრული. არადა, ცხინვალში იმდენი მინა შევიტანეთ, მთელი ქალაქის შემინვას ზედიზედ სამჯერ ეყოფოდა”, - აღნიშნავს რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრი სერგეი შოიგუ. პრეტენზიები სხვებმაც გამოთქვეს, მათ შორის კოკოითის რეჟიმის ყოფილმა წარმომადგენელმა, ყოფილმა ეგრეთ წოდებულმა პრემიერ-მინისტრმა იური მოროზოვმა. ომის შემდეგ მოროზოვმა ცხინვალში პოსტი დატოვა, რუსეთში დაბრუნდა და იქ დღეს ლაპარაკობს იმაზე, რომ აგვისტოს ომამდე ცოტა ხნით ადრე ცხინვალში გაქრა, უკვალოდ დაიკარგა სამხრეთ ოსეთში მოქმედი გასამხედროებული ფორმირებების დასაფინანსებლად გამოყოფილი 100 მილიონი რუბლი.
რუსეთიდან მიღებული ფული ცხინვალში აგვისტოს ომის შემდეგაც ქრება. ოღონდ ეს ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად და სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად მიღებული ფულია. გერმანული გაზეთი ”შპიგელი” სტატიაში ” სამხრეთ ოსეთი ტვირთად იქცა რუსეთისთვის”, წერს: ”რუსეთი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. დანარჩენ საქართველოში აგვისტოს ომის შედეგად იძულებით ადგილნაცვალმა პირებმა, ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების წყალობით, ახალი საცხოვრებელი სახლები მიიღეს და ამ დროს რუსეთმა ვერაფერი მოახერხა სამხრეთ ოსეთის აღსადგენად. ამით ზარალდება რუსეთის მცდელობა წარმოაჩინოს თავი კავკასიელი ხალხების დამცველად.” ”შპიგელში” გამოქვეყნებული სტატიის ავტორი ცხინვალში ნანახზე წერს და იხსენებს, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფმა ოსმა ქალბატონმა მის თვალწინ როგორ გადაანაწილა კალათებში აგვისტოში აოხრებულ და გადამწვარ ქართულ სოფელ კეხვში მოკრეფილი ვაშლი მშიერი ნათესავებისთვის. ” ჩვენ დავკრიფეთ ეს ვაშლი კეხვში ომის შემდეგ, რომ რაღაც გვქონოდა”, - უთქვამს ოს ქალბატონს. გერმანულ გაზეთში გამოქვეყნებული სტატიის ავტორი წერს:”ამ ქალბატონს ახსოვს დრო, როცა ქართველები ცხინვალის ბაზარში ხილს ყიდიდნენ, მაგრამ ეს დრო ძალიან შორეულად ეჩვენება.”

ცხინვალიდან არცთუ შორს აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ გორის რაიონის სოფლებს 16 მარტს საქართველოს მთავრობის წევრები სტუმრობდნენ ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან ერთად. მიზანი ომის შედეგად დაზიანებული ისტორიული ძეგლების დათვალიერება იყო.

[თემურ იაკობაშვილის ხმა] ”იმისათვის, რომ ვიცოდეთ, როგორი რეაბილიტაცია გავუკეთოთ მთელს რეგიონს, უნდა შევაფასოთ რა არის დანგრეული, რომ ყველაფერი კარგად დავთვალოთ. ჩვენმა დონორებმა უნდა იცოდნენ, ფული როგორ იხარჯება და სად.” (სტილი დაცულია)

განმარტა სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა. ედუარდ კოკოითიმ კი უახლოეს პერიოდში უნდა წარუდგინოს თავის მოსკოველ ხელმძღვანელებს ცხინვალის რეგიონის რეაბილიტაციის ახალი სქემა. თან უნდა განმარტოს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიღებული ფულის გაფლანგვამ კი არა, ფულის სიმცირემ შეაფერხა. აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ თვითგამოცხადებული რესპუბლიკისთვის 10 მილიარდი რუბლის გამოყოფის პირობა დადო. ომის შეწყვეტიდან მალევე მილიარდ-ნახევარი გამოიყო კიდეც. ფული გადაუდებელ აღდგენით სამუშაოებს უნდა მოხმარებოდა. მოსკოვში განაცხადეს, რომ პირველი სერიოზული დახმარება ცხინვალში ექსპრომტად, გაკონტროლების მექანიზმის გარეშე წავიდა. შემდგომი დახმარებისთვის კი მის განკარგვაზე კონტროლი უნდა დაწესდეს. კონტროლისთვის ურთიერთმისაღებ სქემაზე შეთანხმება მოსკოვს და ცხინვალს ისე გაუჭირდათ, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში აღდგენითი სამუშაოების დაფინანსების საკითხი ზედიზედ 4-ჯერ გადაიდო. მეხუთე ჯერისთვის ედუარდ კოკოითი მომზადებულია. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის რეაბილიტაციის ახალი სქემა მას, როგორც უკვე ვთქვით, შემუშავებული აქვს. საინტერესოა, რას და რა პირობით მიიღებს.
XS
SM
MD
LG