Accessibility links

logo-print

ხათამი უარს ამბობს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე


ირანის ყოფილი რეფორმატორი პრეზიდენტი, მოჰამად ხათამი, რომელსაც კარგი შანსები ჰქონდა, დაემარცხებინა ამჟამინდელი კონსერვატორი პრეზიდენტი,

მაჰმუდ აჰმადინეჟადი, ოფიციალურად წყვეტს 12 ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. თავისი კანდიდატურის მოხსნით ხათამის სურს გახლეჩისგან დაიცვას რეფორმატორთა ბანაკი და სხვა კანდიდატს აღმოუჩინოს მხარდაჭერა.

ერთი თვეც არ გასულა მას მერე, რაც რეფორმატორმა პოლიტიკოსმა, მოჰამად ხათამიმ განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებდა არჩევნებში. სამშაბათს კი მან თქვა, რომ ხსნის თავის კანდიდატურას.

"ვაცხადებ, რომ ვხსნი ჩემს კანდიდატურას, რათ არეფორმატორებს შორის ერთობა შევინარჩუნოთ და არ მოხდეს მიცემული ხმების დანაწევრებაო", თქვა მან.

ხათამის სიტყვებით, ის მხარს დაუჭერს თავის თანამებრძოლს, ასევე რეფორმატორ პოლიტიკოსს, ირანის ყოფილ პრემიერ-მინისტრ მირ-ჰოსეინ მუსავის. "ჩემი აზრით, მუსავი ფლობს საიმისო კომპეტენციას, რომ მიმდინარე ვითარებაში ცვლილების შეტანა შეძლოსო," დასძინა ხათამიმ.

თებერვალში, როცა ხათამიმ არჩევნებში მონაწილეობის სურვილის შესახებ გამოაცხადა, მრავალი მიმომხილველი გამოთქვამდა აზრს, რომ ხათამის იმავე ამომრჩეველთა ხმებისთვის მოუწევდა ბრძოლა, რომლებისთვისაც იბრძოლებს მუსავი, ვინაიდან მათი პოლიტიკური პლატფორმა მეტ-ნაკლებად ერთი და იგივეა.

ხათამის გამოთიშვა ნიშნავს, რომ მაჰმუდ აჰმადინეჟადს - კონსერვატორების ერთადერთ კანდიდატს - ახლა შეუძლია კონცენტრირებული იყოს მუსავისა და კიდევ ერთი რეფორმატორის, პარლამენტის ყოფილი სპიკერის, მეჰდი ქარუბის მხრიდან გამოწვევაზე.

65 წლის ხათამი ორი ვადით იყო ირანის პრეზიდენტი, 1997-დან 2005 წლამდე და ისლამური რესპუბლიკის ყველაზე უფრო ლიბერალ პრეზიდენტად მიიჩნეოდა. მან შეიყვანა ირანის მინისტრთა კაბინეტში პირველი ქალი წევრი, მას ეკუთვნის მთელი რიგი სოციალური აკრძალვების შემსუბუქება. მაგრამ ხათამის ამავე დროს იმისთვისაც აკრიტიკებენ, რომ მან ვერ შეძლო მრავალი დაპირებული რეფორმის გატარება.

სამშაბათის განცხადებაში ხათამიმ მხარდამჭერებს განუცხადა, რომ მუსავი "სერიოზულად იცავს და დაიცავს ირანელი ხალხის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს."

მაგრამ, როგორც პრორეფორმისტულად განწყობილი ჟურნალისტმა, აბას საფაიფარმა შენიშნა ჩვენი რადიოს სპარსულ რედაქციასთან საუბარში, მუსავის აშკარად აკლია ის ქარიზმა და ავტორიტეტი, რაც მოეპოვება ხათამის.

[საფაიფარის ხმა] "ყოველ შემთხვევაში, აშკარაა, რომ უნივერსიტეტის სტუდენტებს, ახალგაზრდობას შორის მუსავი არ სარგებლობს ამ ავტორიტეტით. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ უნივერსიტეტის მრავალი სტუდენტი არც კი იცნობს მას. ახალგაზრდობის გარკვეული ნაწილისთვის მისი გვარიც კი უცნობია. მიმდინარე ვითარებაში ეს მნიშვნელოვანი გარემოებაა."

მუსავი ირანის პრემიერ-მინისტრი იყო 1981-დან 1989 წლამდე, როცა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გაუქმდა. ამჟამად ის არის ქვეყნის უმაღლესი საარბიტრაჟო ორგანოს, მიზანშეწონილების საბჭოს წევრი.

რაც შეეხება აჰმადინეჟადს, მის კანდიდატურას მხარს უჭერს ირანის უზენაესი სასულიერო ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, რომელსაც ისლამურ რესპუბლიკაში უკანასკნელი სიტყვა ეკუთვნის ყველა მნიშვნელოვან საკითხში, მათ შორის საგარეო პოლიტიკაში.
XS
SM
MD
LG