Accessibility links

logo-print

საქართველოს პრესის მიმოხილვა, 17 მარტი, 2009


9 აპრილს დაგეგმილი აქცია და მის მიმართ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა დამოკიდებულება პრესის ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება.

“ალია” დაინტერესდა, იყო თუ არა მოსალოდნელი აქციები განხილვის თემა პრეზიდენტის შეხვედრაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან: “სააკაშვილი მსოფლიო გლობალური კრიზისის მიმოხილვის შემდეგ გადასულა თემაზე, რომ საქართველოში ოპოზიციის ტალღა პირველი ბარიერია ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით და რომ ფლობს ინფორმაციას მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ. თუმცა სააკაშვილს იქვე გაუხმაურებია, რომ ყველანაირი მცდელობა – ანტისახელმწიფოებრივი ხასიათი მიეცეს გამოსვლას, იქნება ადგილზე ჩახშობილი”, - წერს “ალია”, რომლის კორესპონდენტი უმრავლესობის წევრ გიგი წერეთელს ესაუბრა. წერეთელი ამბობს: “გამოითქვა ასეთი მოსაზრება, რომ, სამწუხაროდ, ოპონენტების გარკვეული ნაწილი ამ ბოლო პერიოდში ძალიან ქუჩურ და უხეშ ფორმებს მიმართავს, გადასულია ლანძღვა-გინებაზე და ამით ჰგონია, რომ ხალხში ქულები ემატება. კითხვა იყო, ხომ არ გავცეთ მათ საკადრისი და აგრესიული პასუხები, თუმცა პრეზიდენტმა განაცხადა, ჩვენ ახლა კონკრეტულ პრობლემებზე უნდა ვიმუშაოთ და ვინც გადაწყვეტს, რომ ლანძღვა-გინებით დაიმკვიდროს თავი, ეს ჩვენი გასარჩევი არ არისო”, – განუცხადებია გიგი წერეთელს “ალიასთვის”.

“თორთლაძე-ცაგარეიშვილმა 9 აპრილის გამო იჩხუბეს” – ეს “რეზონანსის” პირველი გვერდის სათაური გახლავთ. გაზეთი წერს, რომ “რამდენიმე დღის წინ თითქოს ისიც გადაწყვეტილი იყო, რომ საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი, პრინციპში, ჯონდი ბაღათურიას გარდა, აქციაში მონაწილეობას არ მიიღებდა. თუმცა, როგორც ჩანს, ვითარება ყოველდღიურად იცვლება. საპარლამენტო კულუარებში უკვე იმაზე საუბრობენ, რომ ამ საკითხის გამო საპარლამენტო ფრაქციების შიგნით უთანხმოებაა. კერძოდ, ამ საკითხის გამო ერთმანეთს გია თორთლაძე და გია ცაგარეიშვილი დაუპირისპირდნენ და ეს კამათი ხმამაღალ შელაპარაკებამდეც კი მივიდა”, - წერს “რეზონანსი”, რომელსაც უთანხმოების ფაქტს გია ცაგარეიშვილი არ უდასტურებს. გია თორთლაძე კი განუმარტავს, რომ პარტიის პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება არ მიიღოს მონაწილეობა 9 აპრილის აქციაში. ამავე საკითხზე თორთლაძე “ახალი თაობის” კორესპონდენტსაც აძლევს განმარტებას: “ჩვენი პარტიის პოლიტსაბჭო შეიკრიბა და ჩვენ დიდი ხნის წინ დავაფიქსირეთ, რომ 9 აპრილის აქციას ჩვენ არ ვუერთდებით. 9 აპრილს ჩვენი პარტია არ გადის აქციაზე. აქ არის მხოლოდ ერთი მოთხოვნა ულტიმატუმის სახით და ამ მოთხოვნის უკან რა დგას, რა მოხდება და ვინ რას აპირებს, ეს ჩემთვის ბუნდოვანია. ჩემთვის ასევე მიუღებელია იმ აქციაში მონაწილეობა, სადაც იქნება ბურჯანაძე, ნოღაიდელი და კიწმარიშვილი”, - აცხადებს თორთლაძე. მასთან ინტერვიუს “ახალი თაობა” აქვეყნებს.
“საქართველოს რესპუბლიკის” კორესპონდენტმა უშიშროების საბჭოს მდივან ეკა ტყეშელაშვილთან ინტერვიუ შეერთებულ შტატებში ჩაწერა. საერთაშორისო თემებზე საუბრის გარდა, კორესპონდენტი 9 აპრილს დაგეგმილ აქციასაც შეეხო. ტყეშელაშვილის თქმით, ხელისუფლება აქციების გამართვას დრამატულად არ უყურებს. “საქართველოს მთავრობა ამას მარტივად და მშვიდად აღიქვამს. ქვეყანაში გამოხატული პროტესტი დემოკრატიული პროცესის შემადგენელი ნაწილია. მოქალაქეებს აქვთ იმის უფლება, რომ თავისი აზრი გამოხატონ. მაგრამ ეს საზოგადოებას საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს. საპროტესტო აქციებმა არ უნდა შელახოს იმ ადამიანების უფლებები, ვისაც იმ დროს პროტესტის გამოხატვა არ სურს”, - აცხადებს უშიშროების საბჭოს მდივანი.

“საერთოდ, როგორც წესი, ოპოზიცია კი არ იგებს, ხელისუფლება აგებს”, - ამბობს თავისუფლების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე ლევან რამიშვილი “24 საათისთვის” მიცემულ ინტერვიუში და განაგრძობს: “არა მგონია, ამ გაზაფხულზე სერიოზულ ტურბულენციას ჰქონდეს ადგილი, თუ რამე მონუმენტური სისულელე არ ჩაიდინა ხელისუფლებამ – მის გამოსახატავად ზურა წერეთლის ტალანტი რომ არ ეყოფა, ისეთი”, - ასე ფიქრობს ლევან რამიშვილი. მისი აზრით, დღეს ხალხს მომავლის ეშინია, ცვლილებებს კარგს არაფერს უკავშირებს. ასეთ ვითარებაში საზოგადოებაში სტაბილურობაზე მოთხოვნილება იზრდება”.
XS
SM
MD
LG