Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იგეგმება თუ არა დევნილობაში მყოფი აფხაზეთის სტრუქტურების წმენდა


ორშაბათს თანამდებობა დატოვა აფხაზეთის დევნილი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ თემურ მჟავიამ. პოლიტიკოსმა, რომელიც 5 წლის განმავლობაში დევნილობაში მყოფ

საკანონმდებლო ორგანოს უხმაუროდ ხელმძღვანელობდა, თანამდებობაც მშვიდად დატოვა და განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიციის რიგებში გადასვლას არ გეგმავს. თუმცა თემურ მჟავიას განცხადებას მაინც მოჰყვა არაერთგავაროვანი შეფასება საქართველოში, სადაც ყველა სამთავრობო ცვლილება ან 9 აპრილის მოახლოებული საპროტესტო დემონსტრაციის, ან რუსეთის მომავალი აგრესიის კონტექსტში განიხილება.

თემურ მჟავია, დევნილობაში მყოფი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, 16 მარტს თანამდებობიდან გადადგა. მჟავიას განმარტებით, ამ ნაბიჯს მას აფხაზეთის ავტონომიის კანონმდებლობა ავალდებულებდა, რომლის თანახმად, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს არ აქვს უფლება პოსტზე ორ ვადაზე მეტი ხნით იმყოფებოდეს. თუმცა რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში თემურ მჟავიას არ დაუმალავს, რომ იგი გულდაწყვეტილია იმ დამოკიდებულებით, რაც საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში აფხაზეთის დევნილი საკანონმდებლო ორგანოს მიმართ დამკვიდრდა.


თემურ მჟავიას, დევნილობაში მყოფი აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, სათქმელი კიდევ უფრო დააკონკრეტა დევნილმა დეპუტატმა გერმანე ფაცაციამ. რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში გერმანე ფაცაციამ განაცხადა, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების დევნილმა უმაღლესმა საბჭომ მაკონტროლებელი ფუნქცია დაკარგა და იგი მხოლოდ დევნილობაში მყოფი აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის უფუნქციო დანამატად იქცა.


არადა, ვარდების რევოლუციამდე დევნილობაში მყოფი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ვერტიკალში პირველ ადგილზე სწორედ დევნილობაში მყოფი უზენაესი საბჭო და მისი თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი იყვნენ. 25 კაცისაგან შედგენილ დევნილ უმაღლეს საბჭოს 6 წარმომადგენელი ჰყავს საქართველოს პარლამენტშიც. აფხაზეთის დევნილი უმაღლესი საბჭო არის ყველაზე ხანდაზმული საკანონმდებლო ორგანო საქართველოს ტერიტორიაზე, რადგან იგი წარმოადგენს ნაწილს იმ უმაღლესი საბჭოსას, რომელიც, პირველი საყოველთაო-სახალხო არჩევნების შედეგად, 1991 წლის სექტემბერ-ნოემბერში აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაკომპლექტდა. 1992 წლის აგვისტოს ომის შედეგად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო გაიხლიჩა, ხოლო სოხუმის დაცემის შემდეგ დევნილმა დეპუტაციამ მოღვაწეობა თბილისში განაგრძო. თემურ მჟავიას, უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის თქმით, აგვისტოს ომის შემდეგ შექმნილი ახალი რეალობა დღის წესრიგში აუცილებლად დააყენებს ლეგიტიმური ხელისუფლების შეცვლის საკითხს.



აფხაზეთის დევნილი უმაღლესი საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც ზემო აფხაზეთი დაიკარგა, მთავრობის თავმჯდომარეს მალხაზ აკიშბაიას დეპუტატებისათვის ანგარიშიც კი არ ჩაუბარებია. აკიშბაია ამჟამად უცხოეთში იმყოფება მივლინებით. მისმა პრესმდივანმა რაულ ქირიამ კი რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ მისთვის გაუგებარია იმ დეპუტატების საყვედური, რომლებიც კოდორის ხეობაში მთელი ორი წლის განმავლობაში ერთხელაც კი არ ასულან.

დევნილობაში მყოფ აფხაზეთის მთავრობასთან და, მით უფრო, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან დაპირისპირებას უარყოფს თემურ მჟავია. მისი თქმით, იგი რჩება უმაღლესი საბჭოს წევრად და არ აპირებს რომელიმე ოპოზიციურ ძალასთან ალიანსში შესვლას ან 9 აპრილის საპროტესტო მიტინგზე გასვლას. რაც შეეხება ახალი თავმჯდომარის საკითხს, დევნილობაში მყოფ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს 10 დღის განმავლობაში დეპუტატი გვაზავა უხელმძღვანელებს, რომელსაც, კულუარული ინფორმაციით, ყველაზე მეტი შანსი აქვს დაიკავოს 25 კაციანი დევნილი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG