Accessibility links

ნატო საქართველოს არმიის ”საკადრო სამჭედლოთი” დაინტერესდა


ნატო აპირებს საქართველოს კვალიფიციური სამხედრო კადრების მომზადებაში დაეხმაროს.

ალიანსის მიერ გამოგზავნილ სამხედრო ექსპერტთა დიდი ჯგუფი საქართველოს სამხედრო უწყებაში ორი დღის განმავლობაში აკვირდებოდა წვრთნებისა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას. ნატოელმა ექსპერტებმა 18 მარტს საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები გააცნეს არმიის ხელმძღვანელობას, რომელიც 2009 წლიდან აპირებს გააფართოოს სასწავლო პროგრამა ერთადერთ ქართულ უმაღლეს სასწავლებელში, რომლის მიერ გამოშვებული კადრები ძნელად თუ აკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს.

საქართველოში ჩამოსული ნატოს სამხედრო წარმომადგენლები დიდი ენაწყლიანობით არც ადრე გამოირჩეოდნენ, მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ მათ საერთოდ ბოქლომი დაიდეს პირზე. სავარაუდოდ, ნატოს 15 კაციანი დელაგაციაც სიტყვის უთქმელად დატოვებს საქართველოს. თუმცა ეს დუმილი მართლა ოქროა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი მუჩაიძის თქმით, რეკომენდაციებზე, რომელთაც საქართველოდან წასვლის შემდეგ ნატოელი ექსპერტები შეიმუშავებენ, დიდწილად არის დამოკიდებული დასავლური სამხედრო სტანდარტების შემდგომი დანერგვა სამხედრო განათლებისა და წვრთნების პროცესში:

[გიორგი მუჩაიძე] ”შედეგი ის იქნება, რომ შედგება თანამშრომლობის გეგმა განათლებისა და წვრთნის კუთხით, გაიწერება ღონისძიებები, რაშიც შეუძლიათ დაგვეხმარონ. ეს იქნება არსებული განათლების სტრუქტურის გადახალისების რეკომენდაციები და შემდეგ, ამ რეკომენდაციების მიხედვით რაზეც შევთანხმდებით, კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმება.”(სტილი დაცულია)

გიორგი მუჩაიძემ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ ეს რეკომენდაციები შეჯერდება საქართველოს თავდაცვის ”მინისტრის ხედვასთან”, რომელშიც საქართველოს ერთადერთი უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის -ეროვნული თავდაცვის აკადემიის - რეფორმა იგეგმება. სამხედრო აკადემიაში ეტაპობრივად აღდგება ოფიცერთა საფეხურებრივი სწავლების პრინციპი, რაც დაწყებითი, საშუალო და უმაღლესი რგოლის ოფიცრების მომზადებას ითვალისწინებს. პარალელურად საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიურად გამოიყენებს სამოქალაქო სასწავლებლების პოტენციალს და საჭირო კადრებს სხვა პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებშიც მოამზადებს. ნატოს რეკომენდაციები ასევე მოიცავს სერჟანტთა სწავლების შემდგომ სრულყოფას.

[გიორგი მუჩაიძე] ”საერთოდ, რეფორმა განათლების სისტემისა არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, ”მინისტრის ხედვის” მიხედვით, და აკადემიაც, წვრთნისა და განათლების თვალსაზრისით, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. კურსების გადახედვა იქნება - როგორც ოფიცრების კურსების, ასევე, თუ რა შეიძლება სერჟანტებთან გაუმჯობესდეს.” (სტილი დაცულია)

თუმცა, როგორც სამხედროები ამბობენ, სწავლების ყველაზე კარგი ფორმა საველე მეცადინეობები და წვრთნებია. უახლოეს მომავალში, სწორედ ნატოს ეგიდით, საქართველოში რამდენიმე მრავალეროვნული საშტაბო-სამეთაურო და სამშვიდობო სწავლება ჩატარდება. ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის ახალი უფროსის, თენგიზ გოგოტიშვილის, თქმით, საქართველოში ცოტა ხსნის წინ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს კიდევ ერთი ჯგუფის ვიზიტი დასრულდა, რომლის დროსაც მომავალი მრავალეროვნული სამხედრო წვრთნების ჩატარების დრო და სცენარი დაზუსტდა.

[თენგიზ გოგოტიშვილი] ”მაისის დასაწყისში ჩატარდება ორი სწავლება. ჯერ გაიმართება სწავლება ”კოოპერატივ ლონგბოუ”. ხოლო შემდეგ დაიწყება რამდენიმეკვირიანი სწავლება, ”კოოპერატივ ლანსერი”. ”კოოპერატივ ლონგბოუ” - ეს არის სწავლება, რომელიც გათვლილია საშტაბო ოფიცრებისათვის, ხოლო ”კოოპერატივ ლანსერი” არის ქვეითი სწავლება, რომელიც გათვლილია 1000-მდე სამხედრო მოსამსახურეზე. ჯერჯერობით ივარაუდება, რომ ოცამდე ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას ამ სწავლებაში.” (სტილი დაცულია)

”კოოპერატივ ლანსერი” სამშვიდობო ხასიათის სწავლებაა, რომელშიც, წესით, რუსეთის ოცეულიც უნდა ღებულობდეს მონაწილეობას, როგორც ”პი-ეფ-პის,” ანუ ”მშვიდობისათვის პარტნიორობის პროგრამის”, წევრი. თუმცა რუსეთს საკუთარი სპეციფიკური მიდგომა აქვს. ეს სწავლებაც, ისევე როგორც საქართველოს ყველა გეგმა თუ ჩანაფიქრი ნატოსთან ურთიერთობაში, რუსეთის მხრიდან აღქმული იქნება როგორც არამეგობრული ჟესტი. რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნატოს გაფართოებას საქართველოსა და უკრაინის ხარჯზე. 17 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ 2011 წლიდან, ნატოს გაფართოების საპასუხოდ, რუსეთი გადაააიარაღებს თავის სამხედრო ძალებს და გააძლიერებს ბირთვულ შესაძლებლობას.


XS
SM
MD
LG