Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორგანიზაიამ ''ალიანსი საქართველოსთვის'' საზოგადოებას სამოქმედო გეგმა გააცნეს


„უჭერთ თუ არა მხარს უმოკლეს პერიოდში საქართველოში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას?“

- ამ შეკითხვით საერთო სახალხო გამოკითხვას, იმავე პლებისციტს, პოლიტიკური მოძრაობა „ალიანსი საქართველოსთვის“ 19 მარტიდან დაიწყებს. პლებისციტს ჩაატარებენ ”ალიანსის” აქტივისტები და მოხალისეები მთელი ქვეყნის მასშტაბით. წინასწარი გათვლებით, საარჩევნო ასაკის მოსახლეობის გამოკითხვა 9 აპრილამდე უნდა დასრულდეს, 31 მარტს კი წინასწარი შედეგები გამოქვეყნდეს.

18 მარტს „ალიანსმა საქართველოსთვის“ პრაქტიკულად დასრულებულად გამოაცხადა თბილისისა და რაიონული შტაბების ფორმირების პროცესი და საპროტესტო აქტივობის მორიგ ეტაპზე გადავიდა. ეს ეტაპი ერთ–ერთი საკვანძოა და იგი სახალხო პლებისციტის ჩატარებას გულისხმობს.

[დავით ზურაბიშვილის ხმა]“ ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკმაო რაოდენობის ხელმოწერები შეგროვდება მანამდე - იმდენად დიდი რაოდენობის, რომ ეს იქნება არსებითი საბუთი იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მოსახლეობას სააკაშვილის მიმართ. რაც მეტი იქნება, მით უკეთესი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეულ ათასობით და მილიონებზე მეტი შეიძლება ავიდეს, მთლიანობაში. უახლოეს ხანში ჩვენ ვთვლით, რომ ერთი 200 000–მდე თავისუფლად შეიძლება.” (სტილი დაცულია)


გვითხრა ”ალიანსის” წევრმა, რესპუბლიკელმა დავით ზურაბიშვილმა. სახალხო პლებისციტის პირველი შედეგები, როგორც უკვე ითქვა, 31 მარტს შეჯამდება. ამ ტიპის პლებისციტს საქართველოში მოსახლეობის გამოკითხვის პრაქტიკა არ იცნობს, თეორიულად კი იგი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არის საშუალება, კარდაკარ სიარულის გზით, გამოავლინოს მოსახლეობის დამოკიდებულება, პოლიტიკური ან ნეგატიური, საქართველოში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობის შესახებ.

[ვახტანგ ხმალაძის ხმა]“ როდესაც კანონის შესაბამისად ტარდება პლებისციტი, ანუ როდესაც ამას ხელისუფლება ატარებს, ისევე როგორც რეფერენდუმში, მნიშვნელობა არა აქვს რამდენი ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას. გადაწყვეტილება ითვლება მიღებულად, თუ მონაწილეთა ნახევარზე მეტმა დაუჭირა მხარი რომელიღაც წინადადებას. ამდენად, რაოდენობას მნიშვნელობა აქვს უფრო იმ თვალსაზრისით, რომ რაც უფრო მეტი იქნება მომხრე რაღაც გადაწყვეტილებისა, მით უფრო დამაჯერებელი უნდა იყოს ეს ყველასთვის.“(სტილი დაცულია)

და, პირველ რიგში, ხელისუფლებისათვის, რომელსაც პლებისციტის შედეგების აღსრულება კანონით არ ევალება, თუმცა შედეგის, როგორც რეკომენდაციის, გათვალისწინება უდავოდ მართებს. გვითხრა ”ალიანსის” წევრმა ვახტანგ ხმალაძემ, რომლის აზრითაც, განსაკუთრებულ სირთულეს არ უნდა ქმნიდეს ის, რომ „ალიანსს“ სახალხო პლებისციტის ჩატარება საკმაოდ შემჭიდროებულ ვადებში მოუწევს. როგორც ირკვევა, 9 აპრილისთვის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა შეკითხვაზე, უნდა გადადგეს თუ არა თანამდებობიდან მიხეილ სააკაშვილი, უკვე დასრულებული უნდა იყოს. საგანგებოდ ამისთვის შეიქმნა ”ალიანსის” რაიონული შტაბები, რომელთა პირველი და წარმომადგენლობითი შეკრება 18 მარტს გაიმართა. აქვს შტაბს საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ რაიონის ყველა ოჯახი შემოიაროს და ანკეტა საარჩევნო ასაკის ყველა მოქალაქეს შეავსებინოს? ამ შეკითხვით შეკრების ერთ–ერთ მონაწილეს, ”ალიანსის” თბილისის მთაწმინდის რაიონის შტაბის უფროსს ლია ლაზაშვილს მივმართეთ. მან გვიპასუხა, რომ მოსახლეობა გამოიკითხება ყველგან, მათ შორის ქუჩებსა და სადარბაზოებში, თუ ამის საჭიროება გახდა. იგივე დაგვიდასტურა ”ალიანსის” წევრმა მამუკა კაციტაძემ, რომელიც თბილისის რაიონული შტაბების კოორდინატორად დაინიშნა:

[მამუკა კაციტაძის ხმა]“ ჩვენ შევალთ ყველა ოჯახში და შევთავაზებთ, კითხვით მივმართავთ საქართველოს მოსახლეობას, რამდენად საჭიროდ და მნიშვნელოვნად მიაჩნიათ მათ და უჭერენ თუ არა მხარს საქართველოში საპრეზიდენტო რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას. და თუ პოლიტიკური ოპოზიციის ხმა ვერ გაიგო დაყრუებულმა ხელისუფლებამ, ჩვენ მათ გავაგონებთ ქართული საზოგადოების ხმას. თუ ესეც არ გაჭრის, შემდეგ ამ საზოგადოებას მოვუწოდებთ საპროტესტო აქციებისაკენ, რისი ერთ–ერთი გამოხატულება იქნება... თუმცა 9 აპრილამდეც შეიძლება ჩატარდეს გარკვეული საპროტესტო აქციები.” (სტილი დაცულია)

მამუკა კაციტაძე არ გამორიცხავს, რომ საქმე, საბოლოოდ, სამოქალაქო დაუმორჩილებლობისაკენ მოწოდებამდეც კი მივიდეს. ”ალიანსის” უახლოეს სამოქმედო გეგმებში კი, ანუ 9 აპრილამდე პერიოდში, პლებისციტთან ერთად შედის ”ალიანსის” მიერ შექმნილ ბანკის მოვალეთა კომიტეტებში მოსახლეობის გაერთიანება და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მონიტორინგი.

XS
SM
MD
LG