Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში რეფერენდუმის შედეგები გამოცხადდა - რა ცვლილებები მოჰყვება მას


აზერბაიჯანში 18 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის ოფიციალური შედეგების მიხედვით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა

კენჭისყრაში მონაწილეთა 92 პროცენტმა. ამიერიდან აზერბაიჯანში გაუქმებულია პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნის ორვადიანი ლიმიტი. ოპოზიცია ირწმუნება, რომ, რეფერენდუმის შედეგად, ილჰამ ალიევმა საპრეზიდენტო ვადა განუსაზღვრელი ხნით გაიხანგრძლივა.

აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციის თანახმად, რეფერენდუმის კენჭისყრის დროს ყველაფერმა დარღვევების გარეშე ჩაიარა და საარჩევნო ორგანოებში არც ერთი საჩივარი არ შესულა. ხმის მიცემის პროცესს თვალყურს ადევნებდნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთვალყურენი და ევროსაბჭოს რამდენიმე წარმომადგენელი. ეუთო ან სხვა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაცია რეფერენდუმის მონიტორინგს არ ახორციელებდა. ბაქოში რადიო ”თავისუფლების” კორესპონდენტებმა კი უამრავი დარღვევა აღმოაჩინეს და ვიდეოკამერითაც აღბეჭდეს:

[ვიდეოფრაგმენტის ხმა]

ეს ქალბატონი ვიდეოკამერის წინ პირდაპირ ამბობს, რომ საარჩევნო უბანში 15 ამომრჩეველი მიიყვანა გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ.

ვიდეოკადრებში ცხადად ჩანს, თუ როგორ აგდებს ერთი ამომრჩეველი სამ ბიულეტენს, ან როგორ გადაადგილდებიან მიკროავტობუსით სტუდენტები ერთი უბნიდან მეორე უბანზე და დაკავებულნი არიან საქართველოს ამომრჩევლისთვის საარჩევნო კარუსელის სახელწოდებით ცნობილი საქმიანობით.
რადიო ”თავისუფლების” აზერბაიჯანული სამსახურის დირექტორის ქენან ალიევის განცხადებით, კენჭისყრის დროს სერიოზულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი.

ზეწოლა ხორციელდებოდა სახელმწიფო დაწესებულების თანამშრომლებზე, კენჭისყრის დროს კვლავაც მიმდინარეობდა აგიტაცია და ამომრჩევლები ბიულეტენებს საარჩევნო ურნებში დასტა-დასტა ყრიდნენ.

ამგვარი ფაქტების თანხლებით ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, აზერბაიჯანის კონსტიტუციის 29 მუხლში 47 ცვლილება შევიდა და პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განუსაზღვრელი დროით არჩევის უფლება მოიპოვა. მისი პრეზიდენტობის მეორე ვადა 2013 წელს იწურება. რადიო ”თავისუფლების” აზერბაიჯანული სამსახურის დირექტორის ქენან ალიევის განცხადებით, რეფერენდუმის შემდეგ აზერბაიჯანში დემოკრატიული ცვლილებები კიდევ უფრო იშვიათობად იქცევა:

[ქენან ალიევის ხმა] ”აზერბაიჯანი თანდათან ხდება კიდევ ერთი ნავთობ- ავტორიტარული სახელმწიფო, იმიტომ რომ ქვეყანაში არ ტარდება თავისუფალი არჩევნები, დამოუკიდებელი პრესა აღარ არსებობს და ერთპარტიული სისტემა მყარდება. ძალიან პესიმისტური პროგნოზი იკვეთება აზერბაიჯანის დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით. ქვეყანა სულ უფრო და უფრო მიექანება ცენტრალური აზიის მოდელებისკენ - ერთი ადამიანის, ერთი ოჯახის ძალაუფლება და ამ ფონზე მხოლოდ ერთი ჯგუფი მდიდრდება.”

აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ რეფერენდუმში და საკონსტიტუციო ცვლილებებში ანტიდემოკრატიული არაფერია. პირიქით, ისინი დემოკრატიის კარგ გამოვლინებას უწოდებენ იმას, რომ ადამიანს საშუალება ექნება პრეზიდენტად განუსაზღვრელი ვადით იქნეს არჩეული.

საინტერესოა რას შეცვლის რეფერენდუმის შედეგები და საკონსტიტუციო შესწორებები აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკაში, რომელიც 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ უფრო ფრთხილი გახდა. ქენან ალიევის აზრით, არსებითად არც არაფერი შეიცვლება, ბაქო კვლავაც გააგრძელებს ბალანსირების პოლიტიკას, ხოლო დასავლეთი და რუსეთი მას კვლავაც გაუწევენ ანგარიშსს ნავთობისა და გაზის ფაქტორის გამო:

[ქენან ალიევის ხმა] ”განსაკუთრებული სერიოზული ცვლილებები არ იქნება. აზერბაიჯანს აქვს ძალიან ძლიერი კოზირი - ეს არის ნავთობი და გაზი. და ყველას უნდა მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეს აზერბაიჯანთან, რადგან მას აქვს სტრატეგიული რესურსი. და აზერბაიჯანის ხელისუფლება ამ კოზირს წარმატებით იყენებს.”

თუ აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკა თითქმის უცვლელი დარჩება, რეფერენდუმის შედეგების ძალაში შესვლის შემდეგ კიდევ უფრო გაჭირდება დამოუკიდებელი მედიის ფუნქციონირება. საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, პრესაზე მნიშვნელოვანი შეზღუდვები დაწესდება.

გასული წლის მიწურულს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ეფ-ემ სიხშირეზე მაუწყებლობა შეუჩერეს რამდენიმე საერთაშორისო რადიოსადგურს, მათ შორის არის რადიო ”თავისუფლებაც”, რომელსაც აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მაუწყებლობის ლიცენზია ჩამოართვა.
XS
SM
MD
LG