Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა


”რეზონანსი” წერს, რომ ”რეგიონებში პოლიციამ მძღოლებს 9 აპრილს მუშაობა აუკრძალა”.

ავტორი იხსენებს, რომ რამდენიმე დღის წინ პოლიტიკური პარტია ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ თელავში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ 9 აპრილს რეგიონებიდან ხალხის თბილისში ჩაყვანას მისი პარტია უზრუნველყოფს. ”რეზონანსის” კორესპონდენტისთვის თელავი-თბილისის მიმართულებით მომუშავე ერთ-ერთ მძღოლს უთქვამს, რომ ის ადგილობრივ სამართალდამცავს გაუფრთხილებია: 9 აპრილს კახეთიდან თბილისში ხალხის ჩაყვანა თუ გთხოვეს, რამდენიც უნდა გადაგიხადონ, არ უნდა დათანხმდე, თორემ პრობლემები შეგექმნებაო. ”ვფიქრობ, რომ სააკაშვილი თანამდებობას მაინც არ დათმობს და პრობლემების შექმნა ნამდვილად არ მინდა”, - უთქვამს მძღოლს ”რეზონანსისთვის”.

”ალია” ორ გვერდს უძღვნის ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერ დავით გამყრელიძეს. ის ამბობს: ”ამ შემთხვევაში ერთი ამოცანა გვაქვს, გადადგეს სააკაშვილი. ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს მოხდეს მშვიდობიანად, ხელისუფლებას ვაფრთხილებ, ხელი არ წაუცდეს ძალაზე. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ გვახსოვს, ვინ რას აკეთებდა. შემიძლია პირობა დავდო, არც ერთ შემთხვევაში ხელს არ შევუწყობ ბურჯანაძის გაპრეზიდენტებას. მას მორალური უფლება არ აქვს გახდეს პრეზიდენტი”, - აცხადებს ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერი ”ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში.

ხელისუფლების მიერ წარმოებული ”პიარის” თემაზე დღეს რამდენიმე გაზეთი წერს, მათ შორის ”ახალი თაობა”: ”ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ ხელისუფლებამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს მიაგნო. თენგიზ კიტოვანი დღეს მოსკოვში ცხოვრობს და რუსეთთან ასოცირდება. ამის გარდა, კიტოვანის კისერზე სამოქალაქო ომია. ოპოზიციის მხარეზე მისი გამოჩენა ხალხში ომის შიშს გააჩენს. სამოქალაქო ომის სხვა შემოქმედები ნაციონალებშიც მრავლად არიან, თუმცა მათზე არავინ საუბრობს. თუ საუბრობენ, ხაზს უსვამენ, რომ მათ ძალიან საყვარლად ეჭირათ ავტომატები. ამის გარდა, მათი ფიშტოდან ტყვიის ნაცვლად ყვავილები ცვიოდა”, - წერს ”ახალი თაობის” ავტორი და განაგრძობს: ”კიტოვანის განცხადება სერიოზულად არავინ აღიქვა. ჩვენი მოსახლეობა საკმაოდ გონიერია და მათ კარგად ახსოვთ ვარდების რევოლუციის წინ ვისი მხარდამჭერი იყო თენგიზ კიტოვანი. ყვავილოვანი ”პერევაროტის” წინ კიტოვანი მიხეილ სააკაშვილს უჭერდა მხარს”, - წერს ”ახალი თაობა”.

”კონკრეტული სიმბოლოების შემოტანა მით უფრო ეფექტიანია, თუ ისინი საზოგადოების ისტორიულ მეხსიერებასთან არის დაკავშირებული. ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო ერთ-ერთი პროსამთავრობო ტელეკომპანიის მიერ არენაზე თენგიზ კიტოვანის გამოყვანა, რომელიც მოსახლეობის მეხსიერებაში სამხედრო პუტჩთან, სისხლსა და ნგრევასთან ასოცირდება”, - წერს ”ყველა სიახლე”. ამავე გაზეთში კიტოვანის თემას უმრავლესობის წევრ პავლე კუბლაშვილთან ინტერვიუშიც წააწყდებით. კუბლაშვილი საკითხს თავისებურად უდგება: ”მგონია, რომ კიტოვანის უკან დგანან რუსეთის სპეცსამსახურები და ოპოზიციამ საჯაროდ უნდა განაცხადოს, რომ არ აპირებენ გვერდით დაიყენონ ისეთი პოლიტიკური ფიგურები, როგორიცაა კიტოვანი და მისი მეგობრები. მაგრამ მათ ეს არ განუცხადებიათ. ისინი გადავიდნენ იმის ძიებაზე, ვინ მოიგონა კიტოვანის ფიგურა”, - აცხადებს პავლე კუბლაშვილი ”ყველა სიახლისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

”საქართველოს რესპუბლიკას” ვენაში ჩატარებული კონფერენციის შესახებ ინფორმაციას უზიარებს ”ჯორჯიან ტაიმსის” რედაქტორი მალხაზ გულაშვილი და განმარტავს, რომ კონფერენციის მთავარი თემა საქართველოს მომავალი იყო, ანუ ის, თუ რა იქნება სააკაშვილის წასვლის შემდეგ. მალხაზ გულაშვილი ამბობს: ”დროა, ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს ქართველი დაეპატრონოს, ქართული მენტალიტეტის, აზროვნებისა და იდეების მქონე ხელისუფლება გვჭირდება.” გულაშვილი ამბობს აგრეთვე, რომ ”ბურჯანაძეც და სხვებიც ისეთივე მართვადი თოჯინები არიან, როგორიც სააკაშვილი და მისი კლანი”. ჟურნალისტის შეკითხვაზე - ვინ ეგულება ქართული ინტერესების მქონე ძალად, გულაშვილი პასუხობს: ”იგივე ”ეროვნული ფორუმი”, ”წინ საქართველო”, იგივე ელიზბარ ჯაველიძე, კოკო გამსახურდია და სხვები. ღირსეული ქართველების მეტი რა არის”, - ამბობს მალხაზ გულაშვილი და ”საქართველოს რესპუბლიკისთვის” მიცემულ იმავე ინტერვიუში საპარლამენტო ოპოზიციის წევრ გიორგი ცაგარეიშვილს - ”კაცის არამსგავს არსებას”, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელ რესპუბლიკურ პარტიას კი ნაციონალურ მოძრაობაზე ”უფრო დიდ უბედურებას” უწოდებს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG