Accessibility links

logo-print

რატომ მოიკლა თავი ადამიანის უფლებების ბელორუსმა დამცველმა


7 მარტს, გასამართლებიდან რამდენიმე დღეში მოიკლა თავი ახალგაზრდა ბელორუსმა ქალმა იანა პოლიაკოვამ, ადამიანის უფლებების დამცველმა,

რომელიც ხელისუფლებისგან დევნის მსხვერპლად მიაჩნიათ. სასამართლომ იანას, ვითომდა მილიციის ცილისწამების გამო, შინაპატიმრობა მიუსაჯა. მილიციას მან იმ მოტივით უჩივლა, რომ ფიზიკურად შეეხნენ, კანონის დამცველებმა კი აქეთ დასდეს ბრალი. ბელორუსიაში სხვაგვარად მოაზროვნეთა დევნა-შევიწროება და დაპატიმრება უცხო ხილი არ არის, მაგრამ ამ შემთხვევას თავის მოკვლა მოჰყვა და ამიტომაცაა, რომ ბელორუსიაში ხმამაღალი მოწოდებები გაისმის, გამოიძიონ პოლიაკოვას საქმე, გაიგონ რა გახდა თვითმკვლელობის საბაბი თუ მიზეზი, რამ მიიყვანა 33 წლის იურისტი ასეთ უკიდურეს ზომამდე.
მარტის დასაწყისში ჩავიდა იანას დედა, 69 წლის ნეანილა პოლიაკოვა, სალიჰორსკში, სადაც ფსიქონევროლოგთან უნდა მისულიყო და სამედიცინო ცნობა აეღო. ცნობა მას სჭირდებოდა შვილის, იანას შესახებ - 33 წლის იანა პოლიაკოვა მეორე დღეს სასამართლოს წინაშე უნდა წარმდგარიყო. იანას მეზობლები ჰყვებიან, რომ მთელი კვირის განმავლობაში, სანამ სასამართლო გაიმართებოდა, მისი ნერვული მდგომარეობა არ იყო კარგი - მათი დაკვირვებით, იანას გონება ჰქონდა არეული. როცა დახმარება შესთავაზეს, უარი თქვა და მათთან ლაპარაკიც არ მოისურვა ამ თემაზე. პოლიაკოვას დედა სასოწარკვეთილი იყო. იმედოვნებდა, რომ თუკი ექიმის ცნობას მიიტანდა, სასამართლოს გადადებდნენ. მაგრამ ფსიქონევროლოგმა მხოლოდ ის დაუწერა, რომ მისი შვილი პრაქტიკულად ჯანმრთელია. მოგვიანებით დედამ გაზეთ “ბელორუსკიე ნოვოსტის” უამბო, რომ ექიმს შეევედრა დახმარებოდა, უთხრა, რომ ანიას დასვენება სჭირდებოდა, რომ სასამართლო ბოლოს მოუღებდა მას. იმ ხანებში ანია ძალიან მოუსვენრად იყო; ბინიდან, რომელსაც დედასთან იყოფდა და სადაც ორ ძაღლთან ერთად ცხოვრობდა, გარეთ გასვლას ვერ ბედავდა. მეტიც, ამობდა, თავს მოვიკლავო. ნეანილა პოლიაკოვამ ექიმს ისიც უთხრა, იანა თავის მოკვლას აპირებს, თუკი დამნაშავედ ცნესო. ასეთ მდგომარეობაში სასამართლოს წინაშე წარდგომა, დედის აზრით, უმძიმესი სტრესი იქნებოდა იანასთვის. მაგრამ ფსიქონევროლოგი შეუვალი აღმოჩნდა.
დედა იანასთან ერთად იყო მუდამ. ღამღამობით მილიციის
თანამშრომლები რეკავდნენ ხოლმე, იანას შეკითხვებს უსვამდნენ. რეკავდნენ საღამოს ათზე, შუაღამის ორ საათზე, ხან ოთხ საათზეც კი. ამაზე დედა-შვილი ხუმრობდა კიდეც: ნახე, დედა, მეარშიყებიანო, - უთქვამს ერთხელ თურმე იანას. იმ დილით, 3 მარტს, სასამართლომ ანიას ორ-ნახევარი წლით შინაპატიმრობა მიუსაჯა. უფლებადამცავების თანახმად, პროცესი დარღვევებით ჩატარდა. შვიდ მარტს დედამ ანიას საძინებელი შეაღო და შვილი ჩამომხრჩვალი ნახა. იანამ თავი მოიკლა. დედას მიაჩნია, რომ მის შვილს თვითმკვლელობისკენ ხელისუფლებამ უბიძგა:

(პოლიაკოვას ხმა)
“ზეწოლას ახდენდნენ ჩვენი ორგანოები და პროკურატურა. მე მილიციასაც ვუთხარი, რომ არ ვაპატიებ ამას, არ მსურს ვინმეს ვაპატიო ასეთი რამ. თქვენ, მე ვუთხარი, ჯანმრთელი კაცები ხართ და ის კი, საწყალი, სუსტი გოგო იყო. ამ ცოტა ხნის წინ გულიც კი წაუვიდა.”

იანა პოლიაკოვას ცხოვრება და სიკვდილი ბელორუსიაში ვითარების ექსტრემალური, მაგრამ დამახასიათებელი ნაწილია. ცოტა ადრე ალიაქსანდრ ლუკაშენკას ქვეყანაში პოლიტიკური ოპონენტები უგზო-უკვლოდ იკარგებოდნენ, ახლა კი დისიდენტებს სდევნიან, სცემენ, პროვოკაციას უწყობენ და იჭერენ. იმ დროს, როცა დასავლეთი, ევროკავშირი ლუკაშენკას რეჟიმის მიმართ მოქნილ პოლიტიკას ატარებს და მასთან დაახლოებას ცდილობს, უფლებადამცავების აზრით, მთავრობის ტაქტიკა, მთლიანობაში, არ იცვლება,რასაც პოლიაკოვას სიკვდილიც ადასტურებს. ოპოზიციის ლიდერი და ყოფილი პოლიტპატიმარი ალიაქსანდრ კაზულინი, რომელმაც მინსკში იანა პოლიაკოვას სიკვდილის შემდეგ აქცია გამართა, ამბობს, ეს შემთხვევა ცხადყოფს, როგორ უსწორდება ხელისუფლება კრიტიკულ ხმებსო:

(კაზულინის ხმა)
“ეს არის იმ ატმოსფეროს მაჩვენებელი, რომელშიც ადამიანები ცხოვრობენ. თუკი ახალგაზრდა ქალი სხვა გამოსავალს ვერ პოულობს, გარდა თავის მოკვლისა, ეს ნიშნავს, რომ ის ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს. ხომ სრულიად აშკარაა, რომ ის მილიციელები, რომლებმაც მასზე საჩივარი შეიტანეს, ცილი დაგვწამაო, მოსამართლე, რომელსაც მიჰყავდა საქმე, ატმოსფერო, რომელიც გარშემო მეფობს, პოლიაკოვას “მამხილებელი” სტატია მთავარ გაზეთ “სოვეტსკაია ბელორუსში”, ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ადამიანებს, უბრალოდ,მათი პრინციპების, მათი რწმენის, იდეალებისადმი ერთგულების გამო სდევნიან.”

სალიჰორსკში, სადაც პოლიაკოვა ადგილობრივ “იურიდიული დახმარების” არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობდა, ის ცნობილი იყო როგორც იურისტი და პოლიტიკურად აქტიური პიროვნება. ამ ორგანიზაციის დირექტორი ალეჰ ვოლჩეკი ამბობს, რომ პოლიაკოვას კარგად იცნობდნენ, რამდენადაც ის განსაკუთრებით მნიშვნელოვან შემთხვებზე მუშაობდა, მათ შორის - კაზულინის ოპოზიციურ აქციაზე 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას. კაზულინი, ერთ დროს მთავარი პოლიტიკური მიმართულების წარმომადგენელი, მოსისხლე მტრად შერაცხა რეჟიმმა იმ დემონსტრაციების გამო, რომლებიც მოჰყვა არჩევნებში ლუკაშენკას მიერ სრული გამარჯვების გამოცხადებას. კაზულინს შემდგომ ხუთ-ნახევარი წლით ციხე მიუსაჯეს. ვოლჩეკი იხსენებს, რომ სწორედ კაზულინის ამ საქმესთან დაკავშირებას მოჰყვა ხელისუფლების მხრიდან პოლიაკოვას დევნა:

(ვოლჩეკის ხმა) “მისი შევიწროება მაშინ დაიწყეს, როცა ის დაგვეხმარა კომისიაში, კაზულინის დაპატიმრების შემდეგ, და როცა განცხადება შეიტანა კაზულინის განთავისუფლების მოთხოვნით. მასზე გაძლიერებული ზედამხედველობა დააწესეს, ორი დღე მის სახლთან მორიგეობდნენ.”

ბელორუსიაში დისიდენტები იდევნებიან. განსაკუთრებით დიდი რისკი ახლავს დემონსტრაციების მოწყობას, ასევე ხელმოწერების შეგროვებას და სხვ. მიუხედავად იმისა, რომ მინსკი დასავლეთის საჩვენებლად ოპოზიციის მიმართ ვითომ სირბილეს იჩენს, ცემა და დემონსტრაციების ძალის გამოყენებით დაშლა გრძელდება. ზოგი ოპოზიციონერი მედგარია, უშიშარი და თავის საქმეს შეუდრეკლად აგრძელებს. იანა პოლიაკოვა ძალიან მგრძნობიარე ადამიანად იყო ცნობილი. მეზობლები ამბობენ, ზედმეტად მგრძნობიარე იყოო - პატარა ბავშვივით, ცუდად ნათქვამ სიტყვას გულთან ახლოს მიიტანდა და შეიძლება ეტირა კიდეცო. იანა პოლიაკოვამ ეს თვითონაც იცოდა. მილიციელთან ინციდენტის შემდეგ, როცა რამდენიმე ადგილი ჩაულურჯეს და ხელი ლამის მოსტეხეს, ის ხელისუფლებას ადანაშაულებდა მის ფსიქოლოგიურ დევნაში:

(პოლიაკოვას ხმა) “შოკში ვარ, კიდევ ერთხელ შოკში ვარ. ახლა გადაწყვიტეს, არა ფიზიკურად, არამედ მორალურად მომიღონ ბოლო. ეს, ვფიქრობ, მორალური ზეწოლაა, მცდელობაა მომსპონ, რადგან ძალიან კარგად იციან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა.”

პოლიაკოვას სხვა ინციდენტებიც ჰქონია, მაგრამ ბოლოს, როცა მილიციას უჩივლა,სასამართლო პროცესი მოუწყვეს და თავად მომჩივანი გაასამართლეს ცილისწამების გამო. ზოგიერთი მისი ნაცნობი ამბობს, რომ პოლიაკოვა იმაზე მეტს კისრულობდა, ვიდრე მის სუსტ არსებას შეეძლო აეტანა. ამ ნაცნობების რიცხვშია ზინაიდა ტსიმოშჩიუკი, მისი თანამშრომელი და ორი წლის მეგობარი. ტსიმოშჩიუკს მიაჩნია, რომ იანა პოლიაკოვას პოლიტიკისთვის ხელი არ უნდა მოეკიდა - ის მეყვავილე, ან ოჯახის ქალი უნდა ყოფილიყო, ან თავისი ძაღლებისთვის მიეხედა.

(ტსიმოშჩიუკის ხმა)
“შუაღამით ურეკავდნენ ხოლმე. აი, ასეთი რამეები ხდებოდა. პოლიცია სჩადიოდა ამას. ღამე რომ გირეკონ სამ საათზე, ამას ფსიქიურად სრულიად ჯანმრთელი ადამიანიც ვერ გაუძლებს.”

ასეთი მოსაზრებაც არის: პოლიაკოვა ცდილობდა თავისი ფსიქიურ სისუსტე ხელისუფლებისგან თავდასაცავადაც გამოეყენებინაო. “ბელორუსკიე ნოვოსტის” ვოლჩეკმა უთხრა, რომ იანა საჯაროდ აცხადებდა, თავს მოვიკვლავო - ამით, ფიქრობდა, რომ პროკურატურას, ბრალმდებლებს და მოსამართლეებს დააფიქრებდა, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. მიუხედავად ამ სისუსტისა, ის თავის მომხრეებს აკვირვებდა დახმარებაზე უარის თქმით. ჰელსინკის კომიტეტის წევრმა ლეონიდ მარხოტკამ შესთავაზა, სასამართლოზე დაგიცავო. მარხოტკას თქმით, პოლიაკოვა უარზე იყო. არაო, უყვირია მას პანიკურად, არ არის საჭიროო. ასევე გაკვირვებულია სხვა პირი, სასამართლოზე მოწმედ გასული, რომ პოლიაკოვამ არ გაასაჩივრა მის მიმართ გამოტანილი განაჩენი. სხვებს პოლიაკოვას მოქმედება და თვითმკვლელობა უკიდურეს ზეწოლაზე ბუნებრივ რეაქციად მიაჩნიათ.
მარია ბუტ-ჰუსაიმს, ჯერ კიდევ ადრე, როცა მისი ქმარი დაიჭირეს და უსამართლოდ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, პოლიაკოვასთვის მიუმართავს დახმარებისთვის. მისი თქმით, ხელისუფლებამ თუკი ვინმე ამოიჩემა, თავს არ დაანებებს.

(ბუტ ჰუსაიმის ხმა)
“როგორც ეტყობა, ძალიან ”დაეხმარნენ”, რომ ასეთი რამ ჩაედინა. მას უკვე საკმარისად ჰქონდა ნაწვნევი და, ჩანს, მეტი აღარ შეეძლო. სწორედ მათ უბიძგეს აქეთკენ.”

ასევე ფიქრობს მიკალაი ლებედზი. მასაც დაეხმარა პოლიაკოვა, როცა ქალიშვილი გაუუპატიურეს და მოუკლეს. ის ამბობს, სრულიად ცხადია, ამ ამბის უკან ვინც დგასო.
ჰელსინკის კომიტეტის წევრი ვალერი შჩუკინი პოლიაკოვას სასამართლოს ესწრებოდა. მისი თქმით, განაჩენმა - ორ-ნახევარი წლით შინაპატიმრობამ და 350 დოლარის ოდენობით ჯარიმამ - პოლიაკოვა შოკში ჩააგდო. მთელი დღე გავატარე მასთან სასამართლოს შემდეგ, ჰყვება ის, იანა გამუდმებით იმეორებდა, არ მინდა ვიყო პატიმარიო. ეს, მართლაც, შოკია ნორმალური ადამიანისთვის. შჩუკინი იხსენებს, პირველად რომ დამიჭირეს, ჩემს მეუღლეს ძალიან რცხვენოდაო. შეიძლება იანასაც იგივე განცდა ჰქონდა, ფიქრობს შჩუკინი. უფლებადამცავი ვალიანტინ სტეპანოვიჩი ეთანხმება ამ აზრს. პოლიაკოვას სიკვდილამდე ერთი დღით ადრე გაზეთმა “სოვეტსკაია ბელორუსიამ” გამოაქვეყნა სარედაქციო სტატია, სადაც პოლიაკოვა დაგმობილი იყო. წერდნენ, ყავის სმის მეტს არაფერს აკეთებდაო. ეს სტატია იანა პოლიაკოვას გარდაცვალების შემდეგ გაზეთის ვებ-გვერდიდან მოხსნეს.
სტეფანოვიჩი ამბობს: რაც მოხდა, საშინელებაა. ეს საბჭოთა დროს მაგონებს, როცა ერთ სუსტ ადამიანს მთელი სისტემა ებრძოდაო; ახლა აქ ისევე მოქმედებს ხელისუფლება, როგორც მაშინ - ბელორუსიაში ცივი სამოქალაქო ომიაო.
მაგრამ, ამ ყველაფრის ფონზე, პოლიაკოვას ამბავი უხმაუროდ არ დასრულებულა. მის დაკრძალვას ასამდე ადამიანი დაესწრო. მალევე, 13 მარტს, ბელორუსიის ჰელსინკის კომიტეტმა პოლიაკოვას განაჩენი გაასაჩივრა.



XS
SM
MD
LG