Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად რეალურია ომის განახლებისა და დესტაბილიზაციის საფრთხე საქართველოში


საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის მონაცემებით, უახლოეს პერიოდში რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიანი აგრესიის განახლების ალბათობა ძალიან დაბალია,

თუმცა, სამსახურის უფროსის გელა ბეჟუაშვილის მტკიცებით, ღია და ოპერატიული ინფორმაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ რუსეთს აქვს სერიოზული ინტერესი, რათა დესტაბილიზაციისა და შიდაარეულობის გზით საქართველოს ხელისუფლება შეცვალოს. ირკვევა, რომ დესტაბილიზაციის, შიდაარეულობისა და რუსეთის აგრესიის მოლოდინი აფრთხობს საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილსაც. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე „რისი ეშინიათ ადამიანებს ყველაზე მეტად“, გამოკითხულთა 61-მა პროცენტმა უპასუხა, რომ ეშიანია რუსეთთან ომის განახლებისა.

საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსმა გელა ბეჟუაშვილმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას ქვეყნის წინაშე არსებული საგარეო საფრთხეების შესახებ ილაპარაკა. ბეჟუაშვილის თქმით, მძიმე ფინანსური კრიზისისა და ჩრდილო კავკასიაში არსებული დაძაბული ვითარების მიუხედავად, საქართველოსადმი რუსეთის ინტერესი არ განელებულა:

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] „რუსეთის მიზანი საქართველოს მიმართ უცვლელია. ეს არის არჩეული ხელისუფლების შეცვლა, ეს არის სახელმწიფოებრიობის შესუსტება, ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის შეზღუდვა და მისი პოლიტიკის საკუთარი კონტროლის ქვეშ მოქცევა. და ამ მიდგომის ცვლილება ნაკლებად სავარაუდოა, მიუხედავად რუსეთში მიმდინარე სერიოზული ფინანსური კრიზისისა.“

ბეჟუაშვილმა, ვიდრე მედიისთვის სხდომა დაიხურებოდა, ასევე ილაპარაკა იმ მეთოდებსა და საშუალებებზე, რითაც რუსეთი საკუთარი მიზნების მიღწევას ცდილობს. ითქვა, რომ კრემლი აქტიურად იყენებს საერთაშორისო ლობისტური ჯგუფებისა და პი-არ კომპანიების მომსახურებას, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიებს იყენებს პლაცდარმად საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა პარლამენტის შენობის დატოვებამდე ისიც განმარტა, რომ ეს ბრძოლა მაინცდამაინც ფართომასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიას არ გულისხმობს:

[გელა ბეჟუაშვილის ] „ის, რომ რისკი სამხედრო შეტევის ან აგრესიის დღეს საკმაოდ დაბალია და ჩვენ არა გვაქვს საფუძველი ვარაუდისა, რომ ეს განახლდება უახლოეს პერიოდში, ეს დავაფიქსირე და ეს უნდა იყოს ცნობილი საზოგადოებისათვის. ის, რომ დღეს სერიოზული ინტერესი იკვეთება რუსეთის ხელისუფლებაში, რათა მოხდეს საქართველოში დესტაბილიზაცია, ეს ჩემში არ იწვევს ეჭვს და ეს მე გავუზიარე არა მარტო პარლამენტის წევრებს, არმედ ჩვენს საზოგადოებასაც.“
(სტილი დაცულია)

საზოგადოებას კი, როგორც ირკვევა, დესტაბილიზაციის, შიდაარეულობისა და რუსეთის აგრესიის მოლოდინიც აფრთხოფს. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე „რისი ეშინიათ ადამიანებს ყველაზე მეტად“, გამოკითხულთა 61-მა პროცენტმა უპასუხა, რომ ეშინია რუსეთთან ომის განახლებისა. მომდევნო ადგილებზე კი რუსეთთან ურთიერთობა და ეკონომიკური მდგომარეობა გავიდა. მცირე გამოკითხვა რადიო ”თავისუფლებამაც“ ჩაატარა.

[მამაკაცის ხმა] „შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ხომ გაგიგონიათ, მაგრამ ძალიან გაურკვეველი ვითარებაა. გეუბნებით, უკეთესად ვერავინ ვერ იტყვის, რუსეთს გონებით ვერ გაუგებ...“

[ქალბატონის ხმა] „რასაკვირველია, პირველ რიგში, ომის მეშინია. უბრალოდ, გაუსაძლისია ამდენი უბედურება, ამდენი ომი და გაჭირვება. ომის შემდეგ მოდის ფინანსური კრიზისი.“

[მამაკაცის ხმა] „არ უნდა განახლდეს ომი, არც შიდა არევდარევაა საჭირო. ერთმანეთს უნდა გაუგონ, ერთმანეთს უნდა დაელაპარაკონ და გააანალიზონ ყველაფერი.“

რუსეთი რომ საქართველოში გამწვავებული შიდაპოლიტიკური ვითარების თავის სასარგებლოდ გამოყენებას შეეცდება, ამაში ეჭვი არ ეპარება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს. გივი თარგამაძის თქმით, მსგავსი პროცესები მიმდინარეობს უკრაინასა და, გარკვეულწილად, ბალტიისპირეთშიც:

[გივი თარგმაძის ხმა] „ჩვენც შესაბამისად უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ არ მივცეთ ამის საშუალება. საქართველოს სპეციალური სამსახურები ამისთვის მუშაობენ, ამისთვის მოიპოვებენ ინფორმაციას, რომ მოგვეცეს შესაბამისი ანალიზის საშუალება და არ დაგვჭირდეს სადამსჯელო ბერკეტები. ინფორმაციის სიმრავლე გვაძლევს, პირველ რიგში, პრევენციისა და იმის საშუალებას, რომ საქმე არ მივიდეს მაინცდამაინც სადამსჯელო ღონისძიებამდე.“(სტილი დაცულია)

თუმცა საქართველოში მოქმედი იმ ოპოზიციური პარტიების ლიდერები, რომლებიც 9 აპრილისათვის დანიშნული აქციებისათვის ემზადებიან, ამბობენ, რომ დესტაბილიზაციის წყაროს წარმოადგენს ხელისუფლება და არა ოპოზიცია. ეკა ბესელიას თქმით, ოპოზიცია იმოქმედებს კონსტიტუციის ფარგლებში და უარს არ იტყვის საპროტესტო აქციებზე:

[ეკა ბესელიას ხმა] „დასაყრდენს რუსეთი ვერ იპოვის ქართულ ოპოზიციაში, ეს არაერთხელ იქნა გაცხადებული. ამიტომ ამაზე აქცენტების გაკეთება არის ხელისუფლების პროპაგანდისა და იმ გზის ძიება, რომელიც როგორმე გადარჩენის საშუალებას მისცემს ამ ძალიან მძიმე სიტუაციაში, გადაირჩინოს თავი და საკუთარი ძალაუფლება. ჩვენი გეგმა იქნება აბსოლუტურად კონსტიტუციური და მშვიდობიანი. არ ვაპირებთ ძალადობას და არ ვაპირებთ რევანშისტულ მოქმედებებს.“(სტილი დაცულია)

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვითაც, გამოკითხულთა 86 პროცენტი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ შიდაპოლიტიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად.



  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG