Accessibility links

logo-print

ინიციატივა საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ


ხელისუფლების იძულების კიდევ ერთი ფორმა პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად, ანუ ფართომასშტაბიანი კონსულტაციების დაწყება ქვეყნის პოლიტიკური სისტემის შესაცვლელად,

კერძოდ, საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადასასვლელად. ესაა ინიციატივა, რომელსაც, ქართველ ტრადიციონალისტთა სახელით, აკაკი ასათიანი - ქრისტიან–დემოკრატების სახელით კი, გიორგი თარგამაძე - განსჯისა და შეთანხმებისათვის სთავაზობენ პოლიტიკურ პარტიებს.

მაშინ, როდესაც საქართველოს პოლიტიკური ოპოზიციური ფრონტი სულ უფრო მრავალფლანგიანი ხდება და საპროტესტო აქტივობის სასტარტო ნიშნულად მიჩნეული 9 აპრილისა და მისი შემდგომი პერიოდის სამოქმედო გეგმა პრაქტიკულად არ არსებობს, აკაკი ასათიანი და გიორგი თარგამაძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას ერთობლივად სთავაზობენ მოამზადონ საკონსტიტუციო ცვლილებები საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადასასვლელად. ამ ინიციატივის შესახებ პირველად 19 მარტს, ახალი ალიანსი–თავისუფლების პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი. 20 მარტს კი ამ ალიანსის წევრის, ”ქართველი ტრადიციონალისტების”, ლიდერმა აკაკი ასათიანმა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, გიორგი თარგამაძემ, ისაუბრეს იმის შესახებ, თუ როგორ წარმოუდგენიათ ამ იდეის არსი და ინიციატივის დაუყოვნებლივ ხორცშესხმის აუცილებლობა.

[აკაკი ასათიანის ხმა]“სააკაშვილის წასვლა ეს პერსონალური პრობლემა, ბოლოს და ბოლოს. მაგრამ სისტემის შეცვლა ეს პოლიტიკური საკითხია და ეს იძლევა შანსს, რომ ის ბუნდოვანება, გაურკვევლობა, რომელიც მართლა არსებობს, მოიხსნას. ადამიანს ეცოდინება, რომ იბრძვის არა მარტო სააკაშვილის გასაშვებად და მერე არც იცის ვის მოსაყვანად, არამედ იბრძვის მის ნაცვლად ისეთი სისტემის შესაქმნელად, რომელიც გამორიცხავს ახალ სააკაშვილს. ეს არის, მე ვფიქრობ, პასუხი გაურკვევლობის მოსახსნელად.” (სტილი დაცულია)

ამბობს აკაკი ასათიანი, რომლის აზრითაც, მოდელის პროექტი უახლოესი სამი კვირის განმავლობაში უნდა შეთანხმდეს, ცვლილებები კი ამა წლის გაზაფხულს არ უნდა გასცდეს. რაც მთავარია, არჩევნები უკვე კონსტიტუციური ცვლილების თანახმად, ახალი სისტემით უნდა დაინიშნოს. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის დეტალები საზოგადოებას ეროვნული კრების დამფუძნებელ ყრილობაზე, 31 მარტს, უნდა ეცნობოს. ამას ქრონოლოგიურად უკვე 9 აპრილის აქცია მოსდევს. აქციის უმთავრესი მოთხოვნა, მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომა და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნაა. ამის მიუხედავად, აკაკი ასათიანი მიზანშეწონილად მიიჩნევს საპროტესტო აქტივობის მოწოდებებში გაჩნდეს მოწოდებაც საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადასასვლელად. ამ იდეის ავტორებს ოპოზიციის პოლიტიკური სიჭრელე და ქაოტურობა არ აშინებთ, იწყებენ მოლაპარაკებებს პოლიტიკურ პარტიებთან და მიიჩნევენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები შანსია უფრო ხელისუფლებისთვის, ვიდრე ოპოზიციისთვის.


[გიორგი თარგამაძის ხმა]“ ჩვენ მიგვაჩნია, რომ გამოსავალი მდგომარეობს მხოლოდ და მხოლოდ კომპრომისებში. ამ კომპრომისით ვერ იქნება კმაყოფილი ხელისუფლება, მაგრამ პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლება უნდა შეეგუოს იმას, რომ იგი და მისი პოლიტიკური ჯგუფი იმ ფორმით და იმ შინაარსით მმართველობას ვერ გააგრძელებს, როგორც ბოლო წლების განმავლობაში ეს საქართველოში ხდებოდა. ჩვენ ველოდებით და ვითხოვთ გამოხმაურებას ხელისუფლებისაგან და ამ შემთხვევაში ჩვენ, როგორც საპარლამენტო პოლიტიკური ძალა, მზად ვართ, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, ხელისუფლებასთან ურთიერთობის ფორმატშიც, ვეძიოთ ამ გზის პერსპექტივა და გაგრძელება.“(სტილი დაცულია)

ქსრისტიან –დემოკრატებს კანონი არ აძლევთ კონსტიტუციური ცვლილებების დაუყოვნებლივ ინიცირების უფლებას. მაგრამ გიორგი თარგამაძე არ გამორიცხავს, რომ, თუ პროექტი ოპოზიციასთან კონსენსუსის გზით შეთანხმდება, საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის საჭირო 200 000 ხელმოწერის შეგროვების კამპანია ქრისტიან-დემოკრატებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით გაშალონ.


XS
SM
MD
LG