Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიუსელის ფორუმი და საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ საააკაშვილი ბრიუსელში იმყოფება, სადაც, საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, საქართველოში შექმნილ ვითარებაზეც მსჯელობენ.

ფორუმზე მიწვეული არიან ოპოზიციის ლიდერები ირაკლი ალასანია და სალომე ზურაბიშვილი.

ბრიუსელის ფორუმი არ არის უმაღლესი დონის ღონისძიება. მასზე საქართველოს პრეზიდენტი ერთადერთი ევროპული ქვეყნის ლიდერი იქნება. თუმცა საქართველოში მიიჩნევენ, რომ ასეთ დიპლომატიურ ნიუანსს დიდი მნიშვნელობა არა ქვს, როდესაც საკითხი საქართველოსათვის მეტად არსებით პრობლემატიკას შეეხება. საერთაშორისო საკითხების ქართველი ექსპერტის ნიკა ჩიტაძის თქმით, ბრიუსელის ფორუმის მთავარი საკითხი ევროკავშირის აღმოსავლეთის პროგრამა იქნება. საქართველოს პრეზიდენტი კი შეეცდება ევროპას საქართველოს უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები შეახსენოს.

ბრიუსელის ფორუმში მონაწილეობას ღებულობენ ნატოს გენერალური მდივანი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენელი და, ასევე, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი. ქართულმა ტელეკომპანიებმა უკვე გაავრცელეს სერგეი ლავროვის სკანდალური განცხადება, რაც, რუსეთიდან მომდინარე საფრთხის კონტექსტში, საქართველოს შინაურ საქმეებში ჩარევის სახეს იძენს. ”იმედი მაქვს, საქართველოს ეყოლება პირველი პირი, რომელიც შეძლებს პატივი სცეს საკუთარ ერს და მოახერხებს მეზობლებთან ურთიერთობის გამოსწორებასო”, -ასე გადმოსცემენ ქართული ტელეარხები ლავროვის განცხადების შინაარსს, რაც აძლიერებს საქართველოს ხელისუფლების არგუმენტს, რომ ”რუსეთს საქართველოს ხელისუფლების შიდაარეულობით შეცვლის სერიოზული ინტერესი აქვს.” ასეთი დასკვნა ეკუთვნის საქართველოს საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს გელა ბეჟუაშვილს, რომელმაც სპეციალური მოხსენება საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მოსმენაზე 20 მარტს გააკეთა. უფრო ადრე შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს ქვეყანაში რაიმე სახის დესტაბილიზაციას.

ბრიუსელის ფორუმზე საქართველოს საფრთხეებსა და გამოწვევებზე მთავარი მომხსენებელი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იქნება. თუმცა, ბოლოდროინდელი ტრადიციის თანახმად, საერთაშორისო ფორუმებში აუცილებლად მონაწილეობენ საქართველოს ოპოზიციის წევრები. ამჯერად ბრიუსელში იმყოფებიან ”საქართველოს გზის” ლიდერი სალომე ზურაბიშვილი და ”ალიანსი საქართველოსათვის” ლიდერი ირაკლი ალასანია. გავრცელებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ”მარშალის ფონდის” მიერ ორგანიზებულ ფორუმზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და, კერძოდ, 9 აპრილის საპროტესტო აქციაზე ისაუბრებს. რაც შეეხება ირაკლი ალასანიას, რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში ”ალიანსი საქართველოსათვის” ლიდერმა განაცხადა, რომ ფორუმზე იგი ცალკე პროგრამით იმუშავებს.

ირაკლი ალასანიამ რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში აღნიშნა, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ იგი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს არ შეხვედრია და არც ბრიუსელის კონფერენციის ფარგლებში აპირებს პრეზიდენტ მიხეილ საააკშვილთან შეხვედრას. ასეთი დამოკიდებულება გაეროში საქართველოს ყოფილ საგანგებო წარმომადგენელსა და საქართველოს ლიდერს შორის კარგი მაგალითია, ილუსტრაციაა იმ პოლიტიკური ცვლილებებისა, რაც საქართველოში აგვისტოს ომის შემდეგ მოხდა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG