Accessibility links

logo-print

უცხოეთის პრესის მიმოხილვა. 21 მარტი 2009


დასავლეთის პრესაში გასული კვირის მანძილზეც წამყვან თემებს შორის იყო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და მასთან ბრძოლის გზები.

უწინარეს ყვოლისა, ამ კონტექსტში გაშუქდა ევროკავშირის სამიტი, რომელიც ბრიუსელში გაიმართა 19-20 მარტს.

მედიაში შუქდება სამიტის შედეგები, მათ შორის თანხმობის მიღწევა ინფრასტრუქტურის პროექტებისთვის განკუთვნილი 5 მილიარდი ევროს განაწილებაზე. ეს საკითხი, ვკითხულობთ ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია BBC-ის ვებსაიტზე, სამი თვის მანძილზე იწვევდა დაპირისპირებას ევროკავშირში. ახლა ცნობილია, რომ ფულის უდიდესი ნაწილი მოხმარდება ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. აქედან 200 მილიონი ევრო (ანუ 274 მილიონამდე დოლარი) გამოიყოფა “ნაბუკოს” გაზსადენისთვის, რომელმაც, როგორც ცნობილია, კასპიის რეგიონის გაზი ევროპას უნდა მიაწოდოს, რუსეთისთვის გვერდის ავლით.

ამავე ინფორმაციას ვეცნობით გაზეთ “ფაინენშალ ტაიმსშიც”. მისი ცნობით, გერმანია, რომელიც უარს ამბობდა “ნაბუკოსთვის” ფულის გამოყოფაზე, კომპრომისზე წავიდა იმ პირობით, რომ ეს ფული 2010 წლის ბოლომდე დაიხარჯება. გაზეთ “ინტერნეიშნელ ჰერალდ ტრიბუნში” დაბეჭდილი სტატიის ავტორს ეჭვი ეპარება, ამ მოთხოვნის შესრულება - ანუ “ნაბუკოს” პროექტში მომავალი წლის ბოლომდე 200 მილიონი ევროს დახარჯვა - რეალისტური იყოს. შეგახსენებთ, რომ “ნაბუკოს” პროექტი საქართველოზე ტრანზიტსაც ითვალისწინებს.

გასული კვირის მანძილზე საქართველო ნახსენებია არაერთ სტატიაში, რომლებიც დასავლეთის პრესაში მოჰყვა რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას, 2011 წლიდან ფართომასშტაბიანი სამხედრო რეფორმის დაწყების შესახებ. მიზეზად მედვედევმა 17 მარტს, უმაღლესი რანგის სამხედრო პირებთან შეხვედრისას დაასახელა რუსეთის შეშფოთება ნატოს გაფართოებით და საერთაშორისო ტერორიზმით.

პუბლიკაციაში, რომელიც მედვედევის ამ განცხადებას ეხმიანება, ბრიტანეთის ყოველდღიური “გარდიანი” მკითხველს შეახსენებს, რომ რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნატოში საქართველოს და უკრაინის გაწევრიანებას. იქვე ვკითხულობთ: “მედვედევის განცხადება ორი კვირით უსწრებს მის პირველ შეხვედრას ბარაკ ობამასთან ლონდონში. ვაშინგტონის ადმინისტრაციას ნათქვამი აქვს, რომ სურს “გადატვირთვის” ღილაკის ამოქმედება მოსკოვთან ამერიკის პრობლემურ ურთიერთობაში. მაგრამ ამ განცხადებას არაერთგვაროვანი სიგნალები მოჰყვა კრემლიდან. რუსეთმა შეერთებულ შტატებს შესთავაზა ხელშეწყობა ავღანეთში არასამხედრო დანიშნულების ტვირთების ტრანსპორტირებაში. იმავდროულად, გასულ თვეში ყირგიზეთთან გააფორმა გარიგება, რომელსაც სავარაუდოდ მოჰყვება შუა აზიაში შეერთებული შტატების საკვანძო მნიშვნელობის სამხედრო ბაზის დახურვა.”

ამავე თემაზე “უოლ სტრიტ ჯორნალში” გამოქვეყნებული პუბლიკაცია კი იწყება შეფასებით, რომ “რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა ცივის ომის ტონში გააკეთა განცხადება, სამხედრო რეფორმის ამბიციური გეგმის წარდგენისას”. “უოლ სტრიტ ჯორნალიც” მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მედვედევის გამოსვლა წინ უსწრებს ბარაკ ობამასთან მის პირველ შეხვედრას, რომელიც აპრილის დასაწყისში ლონდონში უნდა გაიმართოს. იქვე ვკითხულობთ, რომ მედვედევის განცხადებას ახლდა რუსეთის თავდაცვის მინისტრის ანატოლი სერდიუკოვის კიდევ უფრო მკაცრი რიტორიკა: სერდიუკოვმა აშშ დაადანაშაულა მცდელობაში, რუსეთი გააძევოს გავლენის ტრადიციული სფეროდან - ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, რათა გაინაღდოს ნედლეულით და ენერგორესურსებით სარგებლობა. “უოლ სტრიტ ჯორნალში” დაბეჭდილი სტატიის ავტორის შეფასებით, კრემლს როგორც ჩანს სურს ვაშინგტონმა იცოდეს, რომ “მოსკოვს არც დავიწყებია და არც უპატიებია” მისთვის საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერა...

უცხოეთის მასმედიაში გამოხმაურება ჰპოვა ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო სამსახურის უფროსად 17 მარტს ნანა ინწკირველის დანიშვნამ. მანამდე ინწკირველი თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ორგანიზაციის “რეპორტიორები უსაზღვრებოდ” ვებსაიტზე როგორც ვკითხულობთ, “თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის დანიშვნა პოსტზე, რომელსაც უკავშირდება პასუხისმგებლობა დამოუკიდებელი ტელესადგურის საინფორმაციო სამსახურზე, გაუგებარი სტრატეგიული შეცდომის შთაბეჭდილებას ტოვებს. გარდაუვალია მისი მიჩნევა კიდევ ერთ გამოვლინებად მთავრობის სურვილისა, გააკონტროლოს იმედის სარედაქციო პოლიტიკა”. იქვე ორგანიზაცია “რეპორტიორები უსაზღვრებოდ” ჩამოთვლის ტელეკომპანია “იმედთან” დაკავშირებულ გახმაურებულ ამბებს, მათ შორის ტელევიზიაში შეჭრას 2007 წლის ნოემბერში, იმედის დროებით დახურვას, და ახალი მფლობელების ხელში მის გადასვლას. “რეპორტიორები უსაზღვრებოდ” 2008 წლის ანგარიშში მსოფლიოში პრესის თავისუფლების შესახებ, საქართველოს 120-ე ადგილს მიუჩენს, რეიტინგში შესული სულ 173 ქვენიდან.

საქართველოს მასმედიაში შექმნილ ვითარებას ეხება მომცრო პუბლიკაციაც, რომელიც 18 მარტს დაბეჭდა გაზეთმა “აირიშ ტაიმსმა”. “საქართველოს ერთ-ერთი დიდი გაზეთის, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისადმი კრიტიკული გამოცემის მფლობელმა გამოაცხადა, რომ გაზეთს ხურავს ხელისუფლების მიერ მისი ოჯახის დაშინების გამო”, ვკითხულობთ “აირიშ ტაიმსში”. საქმე ეხება მალხაზ გულაშვილის განზრახვას “ჯორჯიან ტაიმის” ქართული გამოცემის დახურვის შესახებ. რაც შეეხება გულაშვილის ბრალდებას მისი ოჯახის დაშინების შესახებ, გულაშვილი ირწმუნება, რომ პოლიციამ მისი მოზარდი ვაჟიშვილი და ამ უკანასკნელის ორი მეგობარი დააშინა გასულ კვირაში, როცა თვით გულაშვილი რამდენიმე ქართველ ოპოზიციონერთან ერთად იყო ჩასული ვენის კონფერენციაზე საქართველოს მომავლის შესახებ. ეს კონფერენციაზე მკაცრად გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლებამ.

“აირიშ ტაიმს” გვამცნობს ასევე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს ბრალდებას გულაშვილზე რაიმე სახის ზეწოლის შესახებ და ირწმუნება, რომ არაფერი იცის მის ვაჟიშვილთან დაკავშირებულ ინციდენტზე.
XS
SM
MD
LG