Accessibility links

logo-print

საქართველოს პრესის მიმოხილვა. 23 მარტი 2009


”ნინო ბურჯანაძის არჩევანი” - ”რეზონანსი” ასეთი სათაურით ნინო ბურჯანაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. პარლამენტის ყოფილი სპიკერი აცხადებს,

რომ 9 აპრილს ოპოზიციის მხრიდან ნებისმიერი არაკანონიერი ქმედება ხელისუფლების მხრიდან ძალის გამოყენების ლეგიტიმაციას ნიშნავს. ამავე ინტერვიუში წაიკითხავთ: ”რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ეშინია ნინო ბურჯანაძის. მათ ძალიან კარგად იციან, რა ავტორიტეტი მაქვს საზღვარგარეთ. თითქმის ერთი წელია წამოსული ვარ პარლამენტის თავმჯდომარეობიდან და არ მქონია არც ერთი ვიზიტი, თუ პრეზიდენტს არა, ქვეყნის მეორე და მესამე პირს არ შევხვედროდი”, - აცხადებს ბურჯანაძე ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

”ვერსია”, ”კულუარულ ინფორმაციაზე” დაყრდნობით, წერს, რომ ნინო ბურჯანაძე ”9 აპრილის მიტინგზე აპირებს წყნეთის აგარაკი საჯაროდ დაუბრუნოს პრეზიდენტ სააკაშვილს და ხალხის წინაშე, შეცდომის გამო, ბოდიშიც მოიხადოს.”

”ქვეყანაში, სადაც გოგა ხაინდრავა ცხოვრობს, გამორიცხულია ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტი გახდეს” – ”კვირის პალიტრაში” გაეცნობით ხაინდრავას მოსაზრებებს. ამავე გაზეთში ქვეყნდება ინტერვიუ ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარ ქიბარ ხალვაშთან, რომელიც, როგორც საუბრის ტექსტიდან ირკვევა, ინტერვიუს დროს ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად იმყოფებოდა. ქიბარ ხალვაში ინტერვიუში ადასტურებს, რომ 9 აპრილს ოქრუაშვილი თბილისში იქნება. ”კვირის პალიტრის” კორესპონდენტი პარლამენტის სპიკერ დავით ბაქრაძესაც ესაუბრა. ბაქრაძე იმედოვნებს, რომ აპრილში კარგად გამოჩნდება, რამდენად ერთიანია ხელისუფლება და რომ არავინ არსად გაქცევას არ აპირებს. ინტერვიუს დასასრულს კორესპონდენტი ტელეკომპანია ”მაესტროს” პროექტ ”საკან №5”-ის შესახებ ეკითხება. ”საკანი №5” საინტერესო პროექტია. ბოლო 20 წლის განმავლობაში პროტესტის გამოხატვის სხვადასხვა ფორმა გვინახავს, მაგრამ ეს უკანასკნელი ძალზე ორიგინალურია. მიხარია, რომ ჩემი მონაწილეობით მოხერხდა იმ სამართლებრივი დავის შეწყვეტა, რის შემდეგაც ”მაესტრომ” მიიღო პოლიტიკური გადაცემების მაუწყებლობის ლიცენზია და რომლის შედეგიც არის ”საკანი №5”. ეს ქვეყანაში დემოკრატიისა და პლურალიზმის დასტურია”, - ამბობს დავით ბაქრაძე ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში და იქვე იმასაც ამატებს, რომ გივი თარგამაძე ”კარგად ხალისობს” და არ ბრაზობს ”უცნობზე”.

უმრავლესობის წევრი გიორგი გაბაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა არ დაუშვას, რომ რუსეთმა საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის უთანხმოება ვითარების დესტაბილიზაციისთვის გამოიყენოს. გაბაშვილი ”ახალ თაობას” ეუბნება: ”გარკვეულწილად ოპოზიციონერებმაც თავის აქციებზე უნდა გაარჩიონ ის ხალხი, ვინც პოლიტიკური პროტესტის გამოსახატავად მივა მათთან და ის ხალხი, რომელიც იქ სხვა რამეს ელოდება”, - ამბობს გიორგი გაბაშვილი და კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ”პასუხისმგებლობის ლომის წილი” ხელისუფლებაზე მოდის.

”ალია” 9 აპრილის მოვლენების პროგნოზირებისთვის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ კობა ნარჩემაშვილს მიმართავს. ნარჩემაშვილი ამბობს: ხელისუფლებას საკმარისი ადმინისტრაციული რესურსი აქვს იმისთვის, რომ მან ეს პროცესი დროებით დაიჭიროს, მაგრამ, ვიმეორებ, მხოლოდ დროებით! ამ პროცესის ბოლომდე დაჭერა და გაჩერება შეუძლებელია”, - ამბობს კობა ნარჩემაშვილი.

”ვერსია” პირველ გვერდზევე ურჩევს მკითხველს წაიკითხოს ინტერვიუ განათლების მინისტრ ნიკა გვარამიასთან, რომელსაც გაზეთში ორი გვერდი ეთმობა. ”ინტერვიუ, რომელიც ყველა მასწავლებელმა, მშობელმა და განათლების მინისტრის ოპონენტმა უნდა წაიკითხოს” - ასეთი წარწერა აქვს მინისტრის ფოტოს. თავად ინტერვიუში კი ნიკა გვარამია სკოლებში დისციპლინის გაუმჯობესების გზებზეც საუბრობს. მისი აზრით, დასწრება დისციპლინის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. ”დასწრების რეგულირებაა ის ფაქტორი, სადაც ვაპირებ გარღვევა გავაკეთო. მოსწავლეთა სავალდებულო აღრიცხვიანობა უნდა აღდგეს ცენტრალიზებულად ყველგან. მაგრამ, თუ ამ არა-ს უკან პასუხისმგებლობას არ დავაყენებთ, შედეგს არ მოიტანს. პასუხისმგებლობა კი იქნება ის, რომ თუ ბავშვი კონკრეტულ საათებზე დაბლა ჩამოვა გაცდენების მხრივ, ის გახდება ექსტერნი და ჩააბარებს ექსტერნატის გამოცდებს, რაც არ არის მარტივი”, - ასეთ ინიციატივას აყენებს ნიკა გილაური, რომელსაც ”ვერსიის” კორესპონდენტი ესაუბრა.

”24 საათში” ქვეყნდება პოლიტოლოგ დავით აფრასიძის წერილი, სათაურით ”ევროპული პარადოქსები”, სადაც ის რუსეთის მიმართ ევროპის პოლიტიკას და მის პარადოქსულობას აანალიზებს. აფრასიძის აზრით, ”ყველაზე დიდი პარადოქსი ისაა, რომ ევროპა არაფერს აკეთებს დამოკიდებულების შესამცირებლად, არადა, შეუძლია. ყბადაღებული ”ნაბუკოს” იდეას ევროპელთა უსასრულო დავა-კამათში ჩაკარგვა ემუქრება. ასეთივე ბედი ეწეოდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანსაც, აშშ-ს პოლიტიკური ნება რომ არ გამოეჩინა. ევროპას ასეთი ნება ჯერ არ აქვს, ის სტრატეგიულად იმპოტენტია”, - წერს დავით აფრასიძე ”24 საათში”.
XS
SM
MD
LG